ბს-1061(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
11.12.2017წ. რ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 14.08.2017წ. №04-00/38279 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.11.2017წ. №04/71098 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და რ. კ-ისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის 2009 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით, 6335 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.2018წ. გადაწყვეტილებით რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 14.08.2017წ. №04-00/38279 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.11.2017წ. №04/71098 გადაწყვეტილებები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრს დაევალათ რ. კ-ის მიმართ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება, 2009 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით, 6335 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.2018წ. გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრმა.
კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და აღნიშნავენ, რომ რ. კ-ის მიმართ განხორციელდა სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება და შემდგომში შეწყვეტა, რაც რ. კ-ის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საკითხი განმეორებით იქნა შესწავლილი და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის მიერ მიღებული იქნა 14.08.2017წ. №04-00/38279 გადაწყვეტილება. აღნიშნული წარმოების ფარგლებში რ. კ-ს გაეგზავნა 01.04.2013წ. გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც მას ჩაბარდა და არ გაუსაჩივრებია, რაც ადასტურებს რ. კ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ შესაბამისად პენსიის შეჩერების შემთხვევაში მისი გაცემა განახლდება პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის განახლების შესახებ განცხადების შეტანის მომდევნო თვიდან და ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული პერიოდისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე არასწორია რ. კ-ისათვის 2009 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით მიუღებელი პენსიის ანაზღაურება, ვინაიდან მას უნდა ანაზღაურებოდა მხოლოდ 2009 წლის 01 აგვიტოდან 1 წლის პერიოდის შესაბამისი თანხა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრის 30.07.2014წ. N04-04/4683 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 20.02.2015წ. N04/12102 ბრძანება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლოს 25.05.2017წ. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს კვლევის საგანი უნდა გამხდარიყო საბანკო დაწესებულებიდან რ. კ-ის თაობაზე ინფორმაციის მიღების საკითხი, აგრეთვე სახელმწიფო პენსიის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების რ. კ-ისათვის ჩაბარების საკითხი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება საბანკო დაწესებულების მიმართვა სოცუზრუნველყოფის ორგანოსადმი, არ დასტურდება აგრეთვე პენსიის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების რ. კ-ისათვის ოფიციალური გაცნობა.
საკასაციო სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის მიერ 14.08.2017წ. მიღებული №04-00/38279 გადაწყვეტილებით რ. კ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად გამოიცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.11.2017წ. №04/71098 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი. მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად ის გარემოება მიეთითა, რომ საბანკო დაწესებულებიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგზავნილი წერილი არ იძებნებოდა, თუმცა რ. კ-ს შეეძლო ნებისმიერ დროს გადაემოწმებინა მისთვის პენსიის ჩარიცხვის საკითხი, მას პენსიის შეჩერებიდან 3 წლის განმავლობაში არ მიუმართავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის პენსიის აღდგენის მოთხოვნით, რაც ადასტურებს, რომ რ. კ-ს მართებულად შეუწყდა სახელმწიფო პენსია. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა რ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქმის მასალებში არ მოიპოვება რ. კ-ისათვის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ასევე არ დასტურდება მისი ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტი. საფუძველს მოკლებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.11.17წ. #04/098 აქტში მითითება სზაკ-ის 51.3 მუხლზე, ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ სზაკ-ის 52-ე -58-ე მუხლების მოთხოვნების, მათ შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნის გაუვრცელებლობაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პენსიის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ აქტები პირის უფლების შემზღუდავ აქტებს წარმოადგენენ, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით, შესაბამისად სოციალური უზრუნველყოფის ორგანო ვალდებული იყო გაეცნო უფლების შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესათვის, აქტის ოფიციალურ გაცნობაზე არის დამოკიდებული აქტის ძალაში შესვლა. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. კ-მა არ იცოდა პენსიის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ, ის მოითხოვდა პენსიის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ აქტების გაცნობას აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. პენსიის შეჩერება-შეწყვეტა არის შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, ზღუდავს თავის დროზე აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით პენსიონერისათვის მინიჭებული სოციალური უზრუნველყოფის უფლებას, სამისდღემშიოდ დანიშნული სახელმწიფო გასაცემელის მიღებას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 27.09.07წ. #02/64 ბრძანებით დამტკიცდა ერთიანი ფორმა (ფორმა #2) პენსიის შეჩერების, შეწყვეტის გადაწყვეტისათვის, ფორმა შეიცავს მითითებას გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობის, ადმინისტრაციული ორგანოს მისამართისა და გასაჩივრების ვადის დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებიდან ათვლის შესახებ. საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო პერიოდში პენსიის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რ. კ-ისათვის გაცნობა. სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 27.09.07წ. #02/64 ბრძანებით დამტკიცებული პენსიის შეჩერების, შეწყვეტის გადაწყვეტილების ფორმა (ფორმა #2) ითვალისწინებს კანონით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების გასაჩივრების განმარტებას, საქმის მასალებით არ დასტურდება პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობა, სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება-შეწყვეტის შესახებ აქტები ძალაში შედის მისი ადრესატისათვის ჩაბარების დღიდან, შესაბამისად არ დასტურდება სადავო პერიოდში შეჩერება/შეწყვეტის აქტების ძალაში შესვლა, შეჩერების აქტის გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემა.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების რევიზიის და სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების უარყოფის პირობებში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ არსებობდა რ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. კ-ს მართებულად აუნაზღაურდა 2009 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის ივლისის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო პენსიის სახით 6335 ლარი, ვინაიდან დადგენილია, რომ რ. კ-ის მიმართ უკანონოდ შეწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ რ. კ-ს უნდა ანაზღაურებოდა არა 2009 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის ივლისის ჩათვლით მიუღებელი პენსია, არამედ 2009 წლის 1 აგვისტოდან 1 წლის განმავლობაში მიუღებელი პენსია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია რ. კ-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის უკანონობა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მთელი მიუღებელი პერიოდის შესაბამისი თანხა უნდა ანაზღაურებოდა რ. კ-ს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი