საქმე Nბს-1067(კ-18) 29 იანვარი, 2019 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-ემ 2017 წლის 9 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ნ. მ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის შევსების შესაძლებლობის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 მაისის N05-01/06/12760 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ნ. მ-ისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის შევსების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება.
მოსარჩელის განმარტებით 1993 წლიდან არის იძულებით გადაადგილებული პირი. რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში 2030 სარეიტინგო ქულით. 2017 წლის 26 აპრილს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვითა მინისტრს და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის შევსების უფლება, რაზეც 2017 წლის 23 მაისს მიიღო უარი იმ მოტივით, რომ ის უკვე იყო დაკმაყოფილებულთა სიაში, მასზე გაცემულია საკომპენსაციო თანხა სასტუმრო „...“ ოთახი N...-ის განთავისუფლების სანაცვლოდ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004 წლის 30 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება, ერთი მხრივ, სასტუმრო „...“ დირექტორ: თ. უ-ას წარმომადგენელ დ. ს-ასა და მეორე მხრივ, ი. მ-ეს შორის, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი. მ-ემ მართლაც მიიღო კომპენსაციის სახით 7000 აშშ დოლარი, თუმცა აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა არსად არ არის დაფიქსირებული და არც ამ თანხით უსარგებლია. ასევე ის და ი. მ-ე არასოდეს ყოფილან ერთი ოჯახი. უფრო მეტიც, მან საერთოდ არ იცოდა იმ ფაქტის შესახებ, რომ სახელმწიფოსგან იყო დაკმაყოფილებული და არც შეიძლება სცოდნოდა, ვინაიდან 2005 წელს, როდესაც გამოასახლეს სასტუმრო „...“ ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ შესახლებულ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. N3-ში (ახლანდელი ... ქ. N3), … შენობაში, სადაც დღემდე ჩაწერილია და 2016 წლის მაისის ჩათვლით ცხოვრობდა იქ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 მაისის N05-01/06/12760 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ნ. მ-ემ, ასევე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 მაისის N05-01/06/12760 გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ნ. მ-ეს მისცეს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, განაცხადის შევსების შესაძლებლობა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ დევნილი ოჯახის ცნებაზე და აღნიშნა, რომ პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად ცხოვრების ფაქტი. პალატის მოსაზრებით საქმეში არ იძებნება არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ი. მ-ე წარმოადგენდა მოსარჩელის ოჯახის წევრს. 2004 წლის 30 ოქტომბერს, ერთი მხრივ ს/ს სასტუმრო „...“ გენერალურ დირექტორსა და მეორე მხრივ, მოქალაქე ი. მ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ი. მ-ეს მიღებული აქვს სასტუმრო „...“ №... ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, თუმცა საქმეში ასევე წარმოდგენილი ვერ იქნა მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების მიერ ი. მ-ეზე გაცემული წერილობითი დასტური, რომლითაც ამ უკანასკნელს ენიჭება წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ...ის დირექტორის მიერ 2005 წლის 17 მაისს გაცემულ ცნობაზე, რომელშიც მითითებულია, რომ სასტუმრო ,,...“ გამოსახლების შემდეგ, ჯ. მ-ის სამსულიან ოჯახს, მათ შორის, ნ. მ-ეს, ისანი - სამგორის რაიონის გამგეობამ მისცა დროებითი თავშესაფარი თბილისში, ისანი, ... ქ. N3, ...ის შენობაში. სააპელაციო პალატის შეფასებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასტუმრო ,,...“ გამოსახლების შემდეგ განაგრძო სახელმწიფომ (თვითმმართველობის ორგანომ), მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ივალდებულა ჯ. მ-ის, ნ. მ-ისა და გ. მ-ის განსახლების საკითხი, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა არ მომხდარა. ამდენად, სააპელაციო პალატამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო უტყუარად ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის ოჯახს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, მიღებული აქვს ერთჯერადი ფულადი დახმარება, მითითება აღნიშნულ გარემოებაზე და ამ მოტივით განაცხადის გაკეთების უფლების შეზღუდვა, ვერ შეფასდება კანონის მოთხოვნათა ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებად და ამ საფუძველზე დაყრდნობით მიღებული აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ნ. მ-ის მიმართ ჩატარებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება, სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია ყველა გარემოება, რომელიც აუცილებელი იყო საკითხის გადასაწყვეტად და შესაბამისად, მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, კერძოდ, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. ერთადერთი და ძირითადი მტკიცებულება, რასაც სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა თავისი გადაწყვეტილების მიღების დროს, არის N92 სერვისული მომსახურების ცენტრის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ სასტუმრო „...“ გამოსახლების შემდეგ, ჯ. მ-ის სამსულიან ოჯახს, მათ შორის, ნ. მ-ეს, ისანი სამგორის რაიონის გამგეობამ მისცა დროებითი თავშესაფარი თბილისში, ისანი, ... ქ.N3, ...ის შენობაში. აღნიშნული მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოს მითითებით ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სასტუმრო „...“ ადმინისტრაციიდან ნ. მ-ეს კომპენსაცია არ მიუღია და არ მოიაზრებოდა იმ პირთა წრეში, რომლებსაც ამ სასტუმროში დაკავებული N... ოთახის განთავისუფლების სანაცვლოდ გადაეცა საკომპენსაციო თანხა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მსჯელობა ცალსახად მცდარი და არასწორია, ვინაიდან, დევნილთა გარკვეულ ნაწილს, რომლებმაც ვერ შეძლეს სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის შეძენა და სასტუმროში დაკავებული ფართის გამოთავისუფლება, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, დროებით გამოენახათ საცხოვრებელი ფართი. რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ამ პირებს კომპენსაცია არ მიუღიათ სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ. ამავე დროს როგორც პირველი, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ იგნორირებულია ის ფაქტი, რომ ნ. მ-ე და ი. მ-ე ერთ ოთახს იკავებდნენ სასტუმრო ...აში, ეს პირები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და შესაბამისად, საკომპენსაციო თანხაც თანაბარწილად განკუთვნილი იყო იმ ოთახში მაცხოვრებელ პირებზე. ერთად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია, როგორც რეგისტრაციით, ასევე თავად მოსარჩელის მიერ.
ამასთანავე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა სასტუმრო „...“ პასუხისმგებლობის საკითხზეც, რადგან საკომპენსაციო თანხის გაცემის დროს სასტუმრო „...“ ადმინისტრაციამ, რომლის ფართშიც იყვნენ განთავსებული დევნილები, მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, აიღო ვალდებულება სამინისტროს მიერ მიწოდებული, ამ ობიექტში დარეგისტრირებული ყველა დევნილი პირის სახელობითი სიის შესაბამისად და ობიექტში მცხოვრები თითოეული დევნილის მიერ დაკავებული ფართის სანაცვლოდ, მათთვის ფულადი კომპენსაციის გადაცემის თაობაზე. ხელშეკრულება ფორმდებოდა კანონით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, სასტუმრო ,,...“ ადმინისტრაცია გამოთავისუფლებული ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებდა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრთან. შესაბამისად, ოჯახის სხვა წევრებიც მიიჩნევიან თანხის მიმღებ პირებად. მოსარჩელის შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა ანალოგიურ ფაქტს - მოსარჩელისა და მისი დანარჩენი ოჯახის წევრების თანხმობით ფულადი კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულება დაიდო სასტუმრო „...“ ადმინისტრაციასა და მოსარჩელის ძმის შვილს - ი. მ-ეს შორის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერიც, რომელიც, მრავალი წლის განმავლობაში არც ერთი მხარის მიერ სადავო არ გამხდარა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების დროს არ იქნა გათვალისწინებული და შეფასებული ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირის, სასტუმრო ,,...ას“ ადმინისტრაციის პოზიცია, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე აღებული კანონისმიერი ვალდებულებით თავის დროზე კომპენსირებულთა სიაში მითითებული ჰყავს ნ. მ-ე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი მოხდა გამონაკლისი და როგორც მოსარჩელე ამტკიცებს, მას თანხმობა არა აქვს მიცემული მისი კომპენსაციის აღების თაობაზე, მაშინ მას თავის დროზე, შეეძლო პრეტენზიით მიემართა სასტუმრო ,,...“ ადმინისტრაციისთვის, ვინაიდან მის ვალდებულებას წარმოადგენდა ობიექტში მაცხოვრებელი დევნილების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილება. ამასთან, მას სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, უნდა დაედასტურებინა მისი კანონიერი უფლებები ხსენებულ საცხოვრებელ ფართზე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოკვლეულა და არ შეფასებულა საქმეში არსებული ყველა გარემოება, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული არც პროცესუალური და არც მატერიალური თვალსაზრისით, ამასთან, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე - ნ. მ-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, რომლითაც მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გულრიფში, ... , დროებით საცხოვრებელ ადგილს კი წარმოადგენს თბილისი, ისანი, ... ქ. N3, …ი … . დადგენილია, რომ 2004 წლის 30 ოქტომბერს, ერთი მხრივ, ს/ს სასტუმრო „...“ გენერალურ დირექტორსა და მეორე მხრივ, მოქალაქე ი. მ-ეს შორის, რომელიც წარმოადგენდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სიის მიხედვით, ქ. თბილისში, ... N1-ში მდებარე სასტუმრო „...“ N... ოთახში დროებით შესახლებულ ი. მ-ის ოჯახს (შემდგომში მოქალაქე), გაფორმდა ხელშეკრულება (სანოტარო აქტის რეგისტრაციის ნომერი N1-4999). აღნიშნული ხელშეკრულებით, ი. მ-ე ადასტურებდა, რომ იგი წარმოადგენდა ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლეოდა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს №... ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, რომ მათი სახელით გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება. ზემოხსენებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოქალაქე ი. მ-ემ იკისრა ვალდებულება გაათავისუფლოს ქ. თბილისში, ... N1-ში მდებარე სასტუმრო „...“ მის მიერ დაკავებული №... ოთახი, ხოლო ადმინისტრაციამ იკისრა მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევის ვალდებულება 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2009 წლის 19 ოქტომბრის წერილითა (ს.ფ. 146) და სს სასტუმრო „...“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სიით (ს.ფ. 147) დადგენილია, რომ სამინისტროს მიერ 2009 წლის 19 ოქტომბერს სასტუმრო „...“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომელზეც გაცემული ჰქონდათ თანხობრივი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ. აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაეგზავნა სს სასტუმრო „...“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სია, რომლის თანახმად, ოთახი N...-ის ოჯახში მითითებული იყვნენ - მ-ე ნ., მ-ე ი., ყ-ი გ., მ-ე ჯ. და მ-ე გ. . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 მაისის N05 - 01/06/12760 გადაწყვეტილებით ნ. მ-ეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის შევსების შესაძლებლობის მინიჭებაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, 2004 წელს სასტუმრო „...“ გამოსახლების პროცესში, სადაც ნ. მ-ე ფაქტობრივად ცხოვრობდა იმ დროისათვის, ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 მაისის N05-01/06/12760 კანონიერების დადგენა წარმოადგენს, რომლითაც ნ. მ-ეს ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის შევსების შესაძლებლობის მინიჭებაზე. სადავო აქტის ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასტუმრო „...“ გამოსახლების შემდეგ მას არ მიეცა ფულადი კომპენსაცია და როგორც იძულებით გადაადგილებული პირი არ არის დაკმაყოფილებული სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ იქნა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში; განსახილველ შემთხვევაში, ნ. მ-ე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის გამოსახლებულ იქნა სასტუმრო „...“ ისე, რომ არ მიუღია მისი საცხოვრებელი ოთახის N... გამოთავისუფლების სანაცვლოდ შესაბამისი კომპენსაცია და 2005 წლის შემდეგ დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, ისანი, ... ქ. N3, …ი … .
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2009 წლის 19 ოქტომბერს სასტუმრო „...“ გამოთხოვილ ინფორმაციაზე, (რომელიც ასევე მოსარჩელის მიერ დართული იქნა სარჩელზე) კერძოდ, სასტუმრო „...“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სია, რომლის თანახმად, N... ოთახში განტავსებულ ოჯახში მითითებული იყვნენ - მ-ე ნ., მ-ე ი., ყ-ი გ., მ-ე ჯ. და მ-ე გ., ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. მ-ე წარმოადგენდა ი. მ-ის ოჯახის წევრს, სასტუმრო „...ადან“ გამოსახლების დროისათვის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა - 7000 აშშ დოლარი კომპანიის მიერ გაცემულ იქნა ი. მ-ესა და მის ოჯახზე, რომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ნ. მ-ე, გ. ყ-ი, ჯ. მ-ე და გ. მ-ე. ამასთან, 2004 წლის 30 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ ი. მ-ე წარმოადგენდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სიის მიხედვით, N... ოთახში დროებით შესახლებულ ი. მ-ის ოჯახს, შესაბამისად, დასტურდება, რომ ნ. მ-ე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შესახლებულ იქნა სასტუმრო „...ას“ N... ოთახში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მისი სასტუმრო „...აში“ ცხოვრების ფაქტი მითითებულია სარჩელის საფუძვლად და მის მიერ სასამართლო სხდომაზე დადასტურებულია სასტუმრო „...ას“ N... ოთახში ცხოვრების ფაქტი. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დევნილ ოჯახში კანონმდებლობა მოიაზრებს განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრეს, შესაბამისად, ნ. მ-ე, რომელიც ცხოვრობდა სასტუმრო „...ას“ N... ოთახში, ვერ იქნება მიჩნეული, როგორც ცალკე ოჯახი. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებაზე და სასტუმრო „...აში“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სიაზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ნ. მ-ის, როგორც 2004 წლის 30 ოქტომბერს სასტუმრო „...ას“ გენერალურ დირექტორსა და ი. მ-ეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარებით უზრუნველყოფილად მიჩნევის საფუძველს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი არის მის მიერ მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება იმის თაობაზე, რომ წარმოადგენდა ცალკე ოჯახს და გააჩნდა ი. მ-ის ოჯახისაგან განცალკევებული საოჯახო მეურნეობა, ხოლო ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა რომ ნ. მ-ის ოჯახს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, მიღებული აქვს ერთჯერადი ფულადი დახმარება, რამდენადაც მოსარჩელის ახსნა - განმარტებით, მის მიერ სარჩელზე დართული და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასტუმრო „...აში“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სიით, დადასტურებულია მოსარჩელის სასტუმრო „...ას“ N... ოთახში ცხოვრების ფაქტი, ხოლო 2004 წლის 30 ოქტომბერს სასტუმრო „...ას“ გენერალურ დირექტორსა და ი. მ-ეს შორის დადებული ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ აღნიშნული ოთახის N... გამოთავისუფლების სანაცვლოდ ი. მ-ის, როგორც ოჯახის ერთადერთი უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მიღებულია ერთჯერადი ფულადი დახმარება 7000 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად, ნ. მ-ეს, როგორც სასტუმრო „...ას“ N... ოთახში მცხოვრებ პირს, შესაძლებელია მოთხოვნა ჰქონდეს 7000 აშშ დოლარიდან მის კუთვნილ წილზე, იმ პირის მიმართ, რომელმაც მიიღო ფულადი დახმარება, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული წესით განსახილველ საკითხს და კერძო პირებს შორის ფულადი ვალდებულებებიდან გამომდინარე, დავა ექვემდებარება სამოქალაქო წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის დასაბუთებას, რომ ნ. მ-ე წარმოადგენდა ი. მ-ის ოჯახის წევრს და ერთჯერადად მიღებული ფულადი თანხა ეკუთვნოდა ოჯახს, რომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ნ. მ-ე, ი. მ-ე, გ. ყ-ი, ჯ. მ-ე და გ. მ-ე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 მაისის N05-01/06/12760 გადაწყვეტილების მიღებისას, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვიანიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განცხადებები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. ვინაიდან, ნ. მ-ეს, როგორც სასტუმრო „...ადან“ გამოსახლებულ პირს, 2004 წლის 30 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ერთხელ უკვე აქვს მიღებული ერთჯერადი ფულადი დახმარება, ამდენად, მინისტრის 2017 წლის 23 მაისის N05-01/06/12760 გადაწყვეტილებით, მართებულად ეთქვა უარი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის შევსების შესაძლებლობის მინიჭებაზე.
რაც შეეხება საქმეში დაცულისერვისული მომსახურების ცენტრის დირექტორის მიერ 2005 წლის 17 მაისს გაცემულ N92 ცნობაზე სააპელაციო პალატის მითითებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამავე ცნობის საფუძველზეც დადასტურებულია ის გარემოება, რომ ნ. მ-ე ცხოვრობდა სასტუმრო „...აში“. ამასთან, აღნიშნული ცნობა გაცემულია ჯ. მ-ის პირადი განცხადების საფუძველზე და არ ემყარება ადმინისტრაციული წარმოების შედეგად შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წარდგენილ ინფორმაციას ჯ. მ-ის ოჯახის შემადგენლობის შესახებ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ სასტუმრო ,,...იდან“ გამოსახლების შემდეგ, სახელმწიფომ (თვითმმართველობის ორგანომ) აიღო ვალდებულება ჯ. მ-ის, ნ. მ-ის და გ. მ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მართალია მიუთითა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი, თუმცა არ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ნორმის საფუძველზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე