გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 74-კოლ 24 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე,
ლ. მურუსიძე
განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ე. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით:
გ. ვ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ე», «ვ», «ი» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებით, 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში;
ე. გ-ლს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ე», «ვ», «ი» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებით, 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში;
ბ. ს-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ე», «ვ», «ი» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებით, 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენით:
გ. ვ-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში იგი გამართლდა. მასვე მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
გ. ვ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ე», «ვ», «ი» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ. ვ-ეს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2004 წლის 10 იანვრიდან.
ე. გ-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში იგი გამართლდა. მასვე მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ე. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ე», «ვ», «ი» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მას მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 1 წელი და საბოლოოდ ე. გ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ე. გ-ლს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2004 წლის 10 იანვრიდან.
ბ. ს-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ე», «ვ», «ი» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში იგი გამართლდა.
ბ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 2 წლით, 6 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2004 წლის 10 იანვრიდან. მსჯავრდებულ ბ. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების: გ. ვ-ის, ე. გ-სა და ბ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის დეკემბერში, --- სამინისტროს --- გ. ვ-ძე, ამჟამად კადრების განკარგულებაში მყოფი --- საერთო საჯარისო აკადემიის ადიუნქტი და ე. გ-ლი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს თ. მ-ის ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით იძულებული გაეხადათ თ. მ-ის ოჯახისა და «სს ---ის» სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, გადაეხადათ მათთვის 3 000 000 აშშ დოლარი. ე. გ-ლი თავის მხრივ დაუკავშირდა სხვა თანამზრახველებს და შესთავაზა მათ აღნიშნული დანაშაულის ერთობლივად განხორციელება.
ე. გ-ლი და გ. ვ-ძე დანაშაულის წარუმატებლად განხორცილების შემთხვევაში მათი აღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობის შენიღბვის მიზნით თ. მ-ის მძევლად ხელში ჩაგდებისათვის წინასწარ შერჩეულ ვადამდე რამდენიმე დღით ადრე, გაემართნენ ერთი მხრივ სამტრედიის რაიონის სოფელ ---ში, ხოლო მეორე მხრივ ბაღდათის რაიონის სოფ. ---ში, რათა სამომავლოდ ალიბის შექმნის მიზნით მიზანმიმართულად დაეფიქსირებინათ თითქოსდა დანაშაულის ჩადენის დღისათვის მათი ყოფნა თბილისის ფარგლებს გარეთ.
აღნიშნულ პერიოდში, სამტრედიის რაიონის სოფ. ---ში ყოფნისას, გ. ვ-ძე და ე. გ-ლი ესტუმრნენ ამავე სოფლის მკვიდრს გ. ვ-ის მეზობლად მცხოვრებ თ. დ-ეს, რომელმაც ისინი მიიპატიჟა ნანადირევზე. მეორე დღეს თ. დ-ემ პატივისცემის ნიშნად ძღვენის სახით უბოძა მათ ნანადირევი კურდღელი, რომელიც გ. ვ-ემ და ე. გ-მა წამოიღეს თბილისში.
წინასწარი შეთანხმების შესაბამისად 2003 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 23 საათზე, თბილისში, --- მოედანზე, დანაშაულის ერთობლივად განხორციელების მიზნით ერთმანეთს შეხვდნენ ე. გ-ლი, გ. ვ-ძე და მათი სხვა თანამზრახველები. ვინაიდან აღნიშნულ პირებს განზრახვის სისრულეში მოყანის მიზნით წინასწარ ჰქონდათ შერჩეული მცხეთის რაიონის სოფ. ---ში მძევლის მოსათავსებლად განკუთვნილი ადგილი, უვარგისი გზის ადვილად გადალახვის მიზნით გადაწყვიტეს გარდა ავტომანქანა „მერსედესისა», ასევე გამოეყენებინათ სპეციფიკური დანიშნულების, მთიანი გზების გასავლელად ვარგისი მანქანა ვაზ 2121 „ნივა».
2003 წლის 5 დეკემბერს, 00.40 საათზე, გ. ვ-ძე, ე. -ის მობილური ტელეფონით --- დაუკავშირდა თავის ნაცნობს, ქ. თბილისში, --- ¹37-ში მცხოვრებ მ. ფ-ნს და ჰქონდა რა თ. დ-საგან წინასწარ ძღვენის სახით ნაჩუქარი ნანადირევი კურდღელი, მ. ფ-ნს მოტყუებით სთხოვა, რომ მისთვის ეთხოვებინა მისი კუთვნილი „ნივა», თითქოსდა ნადირობისათვის, რაზედაც შეცდომაში შეყვანილი მ. ფ-ნი დათანხმდა.
იმავე დღეს, დაახლოებით 3.00 საათზე, ხსენებული პირები მივიდნენ ქ. თბილისში, --- ¹37-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის I სადარბაზოსთან, ვინაიდან მათთვის ცნობილი იყო, რომ იმავე სადარბაზოში მცხოვრებ ჯ. ა-ნთან სტუმრად იმყოფებოდა თ. მ-ძე. გაინაწილეს პოზიციები და დაელოდნენ თ. მ-ის ბინიდან გამოსვლას.
4.10 საათზე თ. მ-ძე დაემშვიდობა ჯ. ა-ნს და პირად მცველთან _ კ. ს-სთან ერთად სადარბაზოში არსებული ლიფტით ჩამოვიდა შენობის I სართულზე. იმავდროულად ამავე ლიფტის სახურავზე წინასწარ თვალთვალის მიზნით მდგარმა ერთ-ერთმა თანამზრახველმა წინასწარი შეთანხმების შესაბამისად _ მობილურ ტელეფონზე რამდენიმე ზარის განხორციელების გზით, აცნობა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს თ. მ-ის გამოსვლის ფაქტი, ხოლო ე. გ-ლი და სხვა სამი თანამზრახველი განთავსდნენ შენობის პირველ სართულზე, შეარჩიეს პოზიციები და თ. მ-ის შეპყრობის მიზნით დაელოდნენ ლიფტის კარის გაღებას. აღნიშნული პირები ლიფტის კარის გაღებისთანავე, შეიარაღებულები სხვადასხვა სახის იარაღითა და თავზე ჩამოცმული ნიღბებით, შეიჭრნენ ლიფტის კაბინაში და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით გამოიყვანეს თ. მ-ძე ლიფტიდან, ხოლო, ვინაიდან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისათვის წინასწარი შესწავლის საფუძველზე ცნობილი იყო, რომ კ. ს-ძე წარმოადგენდა თ. მ-ის პირად მცველს, რომელსაც თან ჰქონდა ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი, ე. გ-მა და გ. ვ-ემ, თნამზრახველებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, განიზრახეს კ. ს-ის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რაც მოიყვანეს კიდეც სისრულეში და დაეუფლნენ მის კუთვნილ „---ის» მოდელის პისტოლეტს, ორი მჭიდითა და 32 საბრძოლო ვაზნით, კ. ს-ეს დაადეს ხელბორკილები და ლიფტის ღილაკზე თითის დაჭერით ლიფტი გააგზავნეს ზედა სართულების მიმართულებით. ამასთანავე, ვინაიდან მათ წინასწარ იცოდნენ, რომ მძევლად ხელში ჩაგდებულ თ. მ-ეს შესაძლოა თან ჰქონოდა შესაბამისი ღირებულების მქონე მოძრავი ნივთები, განიზრახეს მათ ხელთ არსებული იარაღის მეშვეობით თ. მ-ზე თავდასხმის განხორციელება, მისი მოძრავი ნივთების აშკარა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. თ. მ-ძე დააწვინეს იატაკზე და მიისაკუთრეს მისი კუთვნილი 1000 აშშ დოლარი, 1000 ლარი და 1500 აშშ დოლარად ღირებული „ტისოტის» ფირმის მაჯის საათი.
აღნიშნულის შემდეგ თ. მ-ეს დაადეს ხელბორკილი, მოათავსეს გ. ვ-ის კუთვნილ ავტომანქანა „მერსედესში» და გაემართნენ ქ. თბილისში, --- გზატკეცილის მიმართულებით, სადაც ე. გ-მა თანამზრახველებთან ერთად სოფ. --- მიმართულებით მიმავალი უვარგისი გზის ადვილად გადალახვის მიზნით, თ. მ-ძე გადააადგილა მ. ფ-საგან მოტყუების გზით ნათხოვარ ავტომანქანა ვაზ-2121-ში (ნივაში), ე. გ-ლი და გ. ვ-ძე გაემართნენ მათი საცხოვრებელი სახლისაკენ, ხოლო დანარჩენებმა მძევლად ხელში ჩაგდებული თ. მ-ძე მოათავსეს სოფ. --- ტყეში მდებარე წინასწარ მომზადებულ ერთ-ერთ მიწის თხრილში, სადაც იგი მძევლად ჰყავდათ ჩაგდებული 36 დღის განმავლობაში.
ვინაიდან მათი ქმედება ცნობილი გახდა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, დამნაშავე პირთა დადგენისა და მძევლის გათავისუფლების მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებანი, კერძოდ: 2003 წლის 20 დეკემბრიდან 2004 წლის 10 იანვრის 02.00 საათამდე არ იცოდნენ რა აღნიშნული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ, დანაშაულის ჩამდენი პირები მობილური ტელეფონის საშუალებით პერიოდულად უკავშირდებოდნენ თ. მ-ის ოჯახის წევრებს, რომლებსაც თ. მ-სა და მისი ოჯახის სხვა წევრთა მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით აიძულებდნენ, რომ ერთი მხრივ თ. მ-ის ოჯახს, ხოლო მეორე მხრივ სს „---ის» სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს გადაეხადათ თ. მ-ის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდაპირველად 3 000 000 აშშ დოლარი, მოგვიანებით _ 1 000 000 აშშ დოლარი; მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ აღნიშნული პირები ვერ შეძლებდნენ მითითებული ოდენობის გამოსასყიდი თანხის გადახდას, გამოსასყიდი თანხა შეამცირეს 200 000 აშშ დოლარამდე.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგენილ იქნა დამნაშავეთა განთავსებისა და გადაადგილების კონკრეტული მონაცემები, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გ. ვ-ეს, ე. გ-სა და ბ. ს-ეს მისცეს წინადადება, შეეჩერებინათ ავტომანქანა და დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, რაც მათ არ შეასრულეს და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისათვის მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით ავტომანქანის სიჩქარის მომატებითა და სწრაფი მანევრირებით შეეცადნენ მიმალვას. ე. გ-მა, გ. ვ-ემ და ბ. ს-ემ ძალადობის გამოყენებით, წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის მუშაკებს, მაგრამ ისინი დაკავებულ იქნენ პოლიციის მუშაკების მიერ კანონით გათვალისწინებული ფიზიკური იძულების ღონისძიებების გამოყენების შედეგად.
მსჯავრდებული ბ. ს-ძე განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს.
მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ე. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. თ-რი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი; საქმეში არ მოიპოვება არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა გ. ვ-სა და ე. გ-ის ბრალეულობას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ე. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. თ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა _ გ. ვ-ემ და ე. გ-მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა.
პროკურორმა ი. ი-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა და მსჯავრდებულთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის.
პალატა თვლის, რომ სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ. მ-ის ჩვენებებით, მოწმეების: კ. ს-ის, რ. და თ. ს-ების, კ. ჩ-ის, კ. ჩ-ის, დ. ფ-ის, ზ. ჩ-ის, მ. ნ-ის, თ. დ-ის, მ. ფ-ის ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით გ. ვ-სა და ე. გ-ის მიერ მათზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე კ. ს-ზე გაფორმებული «---ის» სისტემის ტაბელური იარაღის მის მფლობელობაში არსებობა მისი ჩვენების გარდა დოკუმენტურად არ დასტურდება და, შესაბამისად, განაჩენი არ უნდა დამდგარიყო საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლით.
საქმეში არსებული საქართველოს შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის «---ის» დაცვის პოლიციის ---ის 2003 წლის 2 სექტემბრის ¹-- ბრძანებით პოლიციის --- კ. ს-ეს დაცვითი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებისათვის მიმაგრებული ჰქონდა «---ის» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 32 ვაზნით შენახვისა და ტარების უფლებით.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელები; კერძოდ, გ. ვ-ძე პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია; ე. გ-ლს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ადრე ნასამართლევია.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ე. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, ხოლო სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 6-დან 15 წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ე. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულთა სასიკეთოდ იცვლება, ხოლო დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ბ. ს-ეს, რომელსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მსჯავრდებულ ბ. ს-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ დადგენილი განაჩენი მის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ე. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.