Facebook Twitter

ბს-1249(კ-18) 17 იანვარი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დენილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ძ. შ-ემ 09.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 15.06.2017წ. N03-01/03/15726 აქტის ბათილად ცნობა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 21.07.2017წ. N 05-01/06/18683 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ძ. შ-ის ოჯახის ჯანმრთლობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელ ფართში განსახლების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2017წ. გადაწყვეტილებით ძ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 15.06.2017წ. N03-01/03/15726 აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 21.07.2017წ. N 05-01/06/18683 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა ძ. შ-ის ოჯახის ჯანმრთლობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელ ფართში განსახლების თაობაზე ახალი აქტის გამოცემა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 28.06.2018წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. N 779 ბრძანებით დადგენილი განსახლების კრიტერიუმების საფუძველზე, 03.05.2017წ. სამინისტროს მიერ მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა წინასწარი 17,5 ქულა. ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლი 2007 წელს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად დაინგრა და მის ნაცვლად ძ. შ-ემ 2016 წელს საკუთარი ძალებით ააშენა ფიცრული, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. სამინისტროსათვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ფიქსირდებოდა ქ. თბილისი, ... ქ. N...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც 23.09.2016წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა მოსარჩელის შვილიშვილის - ს. შ-ის საკუთრებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძ. შ-ეს წლების განმავლობაში გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი, რის გამოც ვერ გახდებოდა სახელმწიფოს მიერ დასაკმაყოფილებელი სუბიექტი. კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, … ქ. N…-ში მდებარე 46 კვ.მ. ფართში რეალურად ცხოვრობს 3 და არა 7 პირი, როგორც ამას მოსარჩელე უთითებს, შესაბამისად, ძ. შ-ეს და მის მეუღლეს შესაძლებლობა აქვთ შეუზღუდავად იცხოვრონ ზემოთ მითითებულ ფართში და მათი ოჯახი მოცემულ ეტაპზე არ საჭიროებს ალტერნატიული ფართოთ უზრუნველყოფას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2018წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანების N1 დანართის 2.11 მუხლის თანახმად, „ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.“ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახი შედგება ორი წევრისაგან - ძ. შ-ისა და მისი მეუღლისგან, რომლებიც საქმეში წარმოდგენილი გადამოწმების ოქმის მიხედვით 2016 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობენ ქ. თბილისი, გლდანი, …, … ქუჩაზე არსებულ საკარმიდამო ნაკვეთზე აშენებულ ხის ფიცრულში. მოპასუხე ადმინისტარციული ორგანოს სადავო აქტები ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ძ. შ-ის შვილიშვილის საკუთრებაში რეგისტრირებულია ალტერნატიული ფართი მდებარე: ქ. თბილისში, … ქ. N…-ში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფართში ცხოვრობს ძ. შ-ის შვილი და ორი შვილიშვილი, რძალი სამუშაოდ იმყოფება საზღვრგარეთ, თუმცა მის ძირითად საცხოვრებლად მითითებული მისამართი რჩება. მოსარჩელის მეორე შვილი ცხოვრობს საზღვრგარეთ, თუმცა ხშირად ჩამოდის საქართველოში ოჯახთან ერთად და მისი საცხოვრებელიც ზემოაღნული ფართია. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გაჩუქებული საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევთა სულადობას და ძ. შ-ის ოჯახის დახმარების შესაძლებლობა არ უნდა განხილულიყო ბოლო ეტაპზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დენილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დენილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი