Facebook Twitter

№ბ-92-1(გან-19) 21 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ს-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 2 ნოემბერს ა. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის №3711 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ამავე სამსახურის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში ა. ს-ას სასარგებლოდ იძულებით განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის №3711 ბრძანება; მოპასუხეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ა. ს-ას სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ს-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ს-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ... თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენისა და ა. ს-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა ა. ს-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ა. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის №3711 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

2019 წლის 29 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ს-ამ, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №ბს-610-610(კ-18)) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტება მოითხოვა.

განმცხადებლის მითითებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უზენაესი სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/4/735 გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ „საფუძვლიანია ა. ს-ას მოთხოვნა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ა. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის №3711 ბრძანების ბათილად ცნობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რაც წარმოადგენს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობას. ამასთან, ა. ს-ას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავიფულების დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ა. ს-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.“

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ა. ს-ა აღადგინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ... თანამდებობაზე, თუმცა აცხადებს, რომ იძულებითი განაცდურის სახით აუნაზღაურებს მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს და არა იძულებით განაცდურს (ხელფასს) სრულად, რომელიც მოიცავს როგორც თანამდებობრივ სარგოს, ისე თანამდებობრივ დანამატს. აქვე, თბილისის მერია არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ აპირებს აუნაზღაუროს განაცდური მიუხედავად იმისა, რომ როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო საჩივრებში სწორედ თბილისის მერია აპელირებდა აღნიშნულზე და სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განმცხადებელი მიუთითებს, რომ იგი გათავისუფლებამდე იკავებდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... თანამდებობას, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განყოფილების ... თანამდებობას ჰქონდა და აქვს ყოველთვიური თანამდებობრივი დანამატი, რის დამადასტურებლადაც განმცხადებელმა წარმოადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 30 დეკემბრის №4582 ბრძანების ასლი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №ბს-610-610(კ-18)) სრულად და დაუბრკოლებლად აღსრულებისთვის, განმცხადებელმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებული ფრაზის - „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს ა. ს-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე“ განმარტება მოითხოვა ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ ტერმინთან მიმართებაში - „საფუძვლიანია ა. ს-ას მოთხოვნა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე“ და მოითხოვა განიმარტოს იძულებითი განაცდურის სახით ა. ს-ას უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ თანამდებობრივი სარგო თუ თანამდებობრივი სარგოც და თანამდებობრივი დანამატიც, რომელსაც იგი აუცილებლად მიიღებდა სამსახურიდან უკანონოდ რომ არ გათავისუფლებულიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. შესაბამისად, გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ... თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენისა და ა. ს-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა ა. ს-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ა. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის №3711 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტებას, კერძოდ, მოიცავდა თუ არა ასანაზღაურებელი განაცდური თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ყოველთვიურად გასაცემ დანამატს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, იგი ცალსახად შეიცავს მითითებას სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ა. ს-ასთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება. მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს. ამავე კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკასაციო სასამართლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის #ბს-171-160(კ-07) განჩინებაზე, რომლის თანახმად, „საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურში აღდგენის ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს პირის უფლებებში აღდგენას. იძულებითი განაცდურის ანაზრაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისაკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფებამდე, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ითვალისწინებს სამომავლო უფლების აღდგენას. კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით სამსახურიდან გათავისუფლების დადგენა, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 05.01.05წ. #24-კ ბრძანების ბათილად ცნობა წარმოშობს ადმინისტრაციის ვალდებულებას აღადგინოს მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებლებელი გარემოება. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ადასტურებს იმას, რომ მუშაკი იმავდროულად პასუხობდა იმ სალიკვიდაციო მოთხოვნებს, რომლებიც წარედგინებოდა ა. ი.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ გაზრდილი ხელფასის მქონე მოსამსახურეს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აუნაზღაუროს ა. ი-ს განაცდური ხელფასი გათავისუფლებიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანუ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ნიშნავს იმას, რომ განაცდური ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის საშუალო ანაზღაურება, რომელსაც ა. ი. იღებდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი აქტის გამოცემამდე არსებული ანაზღაურების შესაბამისად.

სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ ,,საჯარო სამსაჯურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატი), შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება“.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი „იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებზე და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი შესაძლებელია განსხვავებული იყოს პირის ფუნქციური დატვირთვიდან, კვალიფიკაციიდან, საქმიანობის სფეროდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31/07/2015 №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში ასახული მათი სამართლებრივი შეფასებების შედეგს; ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას. სწორედ აღნიშნული მოსაზრებით აკეთებს მითითებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე. გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალურ წინაპირობას მითითებული მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება წარმოადგენს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობის გათვალისწინებით, გარკვევით და ნათლად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, რის გამოც არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ს-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი