Facebook Twitter

#ბს-659-659(კ-18) 12 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს „…“

დავის საგანი – საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადის გაგრძელება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 5 დეკემბერს შპს „…“-მ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 16 ოქტომბრის #... აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადის გაგრძელების თაობაზე დროებითი განჩინების მიღებაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და მიღებულ იქნა დროებითი განჩინება, რომლითაც გაგრძელდა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 16 ოქტომბრის #... აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით (ადმინისტრაციული დაპირება) განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადა („ჩატარებული აუქციონის განსაკუთრებული პირობები“) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელთაც დროებითი განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინება; შპს „…“-ს შუამდგომლობა დროებითი განჩინების მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2014 წლის 14 დეკემბერს შპს „…“-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „…“-ს შორის უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. თბილისი, … ქუჩა, ნაკვეთი …, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ …) 2013 წლის 16 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგების დავალება, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადის, ნაცვლად 2014 წლის 20 დეკემბრისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში მიმდინარე გამოძიების დასრულებიდან და ქონებაზე ყადაღის მოხსნიდან 1 წლის ვადაში განსაზღვრის, ხოლო აღნიშნულ ვადაში შპს „…“-ს მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში კი, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის შპს „…“-ს სახელზე (ქ. თბილისი, … ქუჩაზე მდებარე ნაკვეთი …, ს/კ … საკუთრების უფლების დასადასტურებლად) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.

ამასთან, შპს „…“-მ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის 2013 წლის 16 ოქტომბრის #... აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედეგების გაუქმების აკრძალვის თაობაზე განჩინების მიღებაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით შპს „...“-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აეკრძალა 2013 წლის 16 ოქტომბრის #... აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედეგების გაუქმება მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით შპს „…“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „…“-ს შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, … ქუჩა, ნაკვეთი …, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #..., 2013 წლის 16 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადა, ნაცვლად 2014 წლის 20 დეკემბრისა, განისაზღვრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში მიმდინარე გამოძიების დასრულებიდან და ქონებაზე ყადაღის მოხსნიდან 1 წლის ვადაში, ხოლო აღნიშნულ ვადაში შპს „…“-ს მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში კი, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა შპს „…“-ს სახელზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის (ქ. თბილისი, … ქუჩაზე მდებარე ნაკვეთი …, საკადასტრო კოდი: #... საკუთრების უფლების დასადასტურებლად) გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

2018 წლის 24 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „…“-მ, რომელმაც განმარტა, რომ შპს „…“-სა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები დავის მშვიდობიანი დასრულებისათვის, რისთვისაც მოსარჩელემ ხელმოწერილი მორიგების აქტის წარმოდგენის მიზნით გადაწყვეტილების გამოტანის 2019 წლის იანვრის ბოლომდე გადადება მოითხოვა.

2019 წლის 1 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „…“-მ, რომელმაც დასამტკიცებლად წარმოადგინა მხარეთა შეთანხმების შედეგად შედგენილი 2019 წლის 1 თებერვლის მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის - ი. თ-ისა და შპს „…“-ს დირექტორის - ზ. პ-ის მიერ. შპს „…“-მ მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

2019 წლის 5 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2019 წლის 30 იანვარს მიღებულ იქნა #19.81.136 განკარგულება - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „…“-ს (ს/კ …) შორის გასაფორმებელი მორიგების აქტის მოწონების შესახებ. კასატორმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინა მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტი და ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზემოხსენებული განკარგულება.

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად:

„ერთის მხრივ, შპს „…“ (ს/ნ: …) (შემდგომში - შპს „…“) წარმოდგენილი - დირექტორის, ზ. პ-ის (პ/ნ …) მიერ და მეორე მხრივ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - „სააგენტო“), წარმოდგენილი - სააგენტოს უფროსის, ი. თ-ის (პ/ნ …) მიერ, ვდებთ წინამდებარე მორიგების აქტს შემდეგზე:

ვინაიდან, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის, ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს #9-63 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“, ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის #03.30.99 დადგენილების, „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის #24.09.1085 დადგენილების საფუძველზე, სააგენტოს, როგორც აუქციონატორის მიერ ელექტრონული აუქციონის (აუქციონი #..., ლოტი #...) წესით განიკარგა - ქ. თბილისში, … ქ. არსებული … კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: …) და სააგენტოს 2013 წლის 16 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების საფუძველზე გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „…“ (ს/ნ: …). უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური განისაზღვრა - 5 900 925 ლარად.

ვინაიდან, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ელექტრონული აუქციონის წესით განიკარგა ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი სააუქციონო პირობებით, კერძოდ: აუქციონში გამარჯვებულს საპრივატიზებო თანხა უნდა გადაეხადა 2014 წლის 20 დეკემბრამდე.

ვინაიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს 2014 წლის 31 ივლისის ყადაღის დადების ოქმით შპს „…“-ს (ს/ნ: …) და სააგენტოს აეკრძალა ზემოაღნიშნული ქონებით სარგებლობა და განკარგვა.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით (საქმე #3/4835-14) სააგენტოს აეკრძალა 2013 წლის 16 ოქტომბრის #... აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედეგების გაუქმება მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივლისის განჩინებით (საქმე #3ბ/693-15) სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ვინაიდან, შპს „…“-მ (ს/ნ: …) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სააგენტოს მიმართ და ითხოვა - სააგენტოს დაევალოს სააგენტოსა და შპს „…“-ს (ს/ნ: …) შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, … ქუჩა, ნაკვეთი … (საკადასტრო კოდი: #...) 2013 წლის 16 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი, კერძოდ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადა, ნაცვლად 2014 წლის 20 დეკემბრისა, განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში მიმდინარე გამოძიების დასრულებიდან და ქონებაზე ყადაღის მოხსნიდან 1 წლის ვადაში, ხოლო აღნიშნულ ვადაში შპს „…“-ს (ს/ნ: …) მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში კი, სააგენტოს დაევალოს გასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა შპს „…“-ს (ს/ნ: …) სახელზე.

ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით შპს „…“-ს (ს/ნ: …) სარჩელი დაკმაყოფილდა (საქმე #3/4835-14). სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საქმეში არსებული ფატობრივი გარემოებები მოწმობს იმას, რომ შპს „…“ მზად იყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები და გადაეხადა ნასყიდობის საფასური, რომ არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში აუქციონის კანონიერების საკითხის შესწავლის მიზნით დაწყებული გამოძიება და ყადაღის დადების შესახებ ოქმი, რომლითაც სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს და შპს „…“-ს (ს/ნ: …) აეკრძალათ აღნიშნული ქონების განკარგვა და სარგებლობა.

ვინაიდან, სააგენტოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2018 წლის 23 მაისის განჩინებით სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად უცველად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება (საქმე #3ბ/2532-17). თბილისის სააპელაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით (საქმე #ას-7-6-2010) აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად, შესრულების გართულების შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია კონტრაჰენტთა ხელახალი შეთანხმება ხელშეკრულების შექმნილი ვითარებისადმი მისადაგებული პირობებით.

ვინაიდან, სააგენტოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განჩინება გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და დღეის მდგომარეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარეობს სსიპ - ქონების მართვის საკასაციო საჩივრის განხილვა (საქმე #ბს-659-659(კ-18).

ვინაიდან, შპს „…“-მ (ს/ნ: …) 2019 წლის 17 იანვარს #... განცხადებით მიმართა სააგენტოს, სადაც აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხასთან - 5 900 925 ლართან ერთად კომპანია დამატებით გადაიხდის - 3 000 000 ლარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, კერძოდ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში მიმდინარე გამოძიების დასრულებიდან და ქონებაზე ყადაღის მოხსნიდან 1 წლის ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის --- განკარგულების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 399-ე მუხლების საფუძველზე, მხარეები ვთანხმდებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დამტკიცდეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1. შპს „…“ (ს/ნ: …) თანახმაა ქ. თბილისში, … ქუჩაზე მდებარე … კვ.მ მიწის ნაკვეთის, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …) ნასყიდობის საფასურად გადაიხადოს - 8 900 925 (რვა მილიონ ცხრაასი ათას ცხრაას ოცდახუთი) ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში მიმდინარე გამოძიების დასრულებიდან და ქონებაზე ყადაღის მოხსნიდან 1 წლის ვადაში.

2. სააგენტო თანახმაა შპს „…“-ს (ს/ნ: …) მიერ წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულების მითითებულ ვადაში შესრულების შემთხვევაში ქ. თბილისში, … ქუჩაზე მდებარე … კვ.მ მიწის ნაკვეთზე, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

3. შპს „…“ (ს/ნ: …) ამ აქტით განსაზღვრულ ვადაში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, (თუ მხარეები სხვა ვადაზე ვერ შეთანხმდებიან), კარგავს ამ მორიგების აქტის საფუძველზე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას.

4. შპს „…“ (ს/ნ: …) უარს აცხადებს სასამართლო და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სააგენტოს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო. სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე ამავე მხარეებს შორის, ამავე საგანზე და ამავე საფუძვლით არ დაიშვება.

7. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

8. მორიგების აქტი შედგენილია 3 (სამ) ეგზემპლარად, რომელთაგან - 1 ეგზემპლარი გადაეცემა შპს „…“-ს (ს/ნ: …), ერთი ეგზემპლარი - სააგენტოს და ერთი ეგზემპლარი წარდგენილი იქნება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.“

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ უნდა დამტკიცდეს მხარეებს - შპს „…“-სა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შორის მორიგება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2019 წლის 5 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2019 წლის 30 იანვარს მიღებულ იქნა #19.81.136 განკარგულება - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „…“-ს (ს/კ …) შორის გასაფორმებელი მორიგების აქტის მოწონების შესახებ. კასატორმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინა მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტი და ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზემოხსენებული განკარგულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა შეთანხმების შედეგად შედგენილ 2018 წლის 1 თებერვლის მორიგების აქტზე, რომელიც ხელმოწერილია კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის - ი. თ-ისა და შპს „…“-ს დირექტორის - ზ. პ-ის მიერ. მხარეები ითხოვენ მის დამტკიცებას მორიგების აქტით განსაზღვრული პირობებით.

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად:

„1. შპს „...“ (ს/ნ: ...) თანახმაა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე ... კვ.მ მიწის ნაკვეთის, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) ნასყიდობის საფასურად გადაიხადოს - 8 900 925 (რვა მილიონ ცხრაასი ათას ცხრაას ოცდახუთი) ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში მიმდინარე გამოძიების დასრულებიდან და ქონებაზე ყადაღის მოხსნიდან 1 წლის ვადაში.

2. სააგენტო თანახმაა შპს „...“-ს (ს/ნ: ...) მიერ წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულების მითითებულ ვადაში შესრულების შემთხვევაში ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე ... კვ.მ მიწის ნაკვეთზე, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

3. შპს „...“ (ს/ნ: ...) ამ აქტით განსაზღვრულ ვადაში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, (თუ მხარეები სხვა ვადაზე ვერ შეთანხმდებიან), კარგავს ამ მორიგების აქტის საფუძველზე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას.

4. შპს „...“ (ს/ნ: ...) უარს აცხადებს სასამართლო და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სააგენტოს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო. სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე ამავე მხარეებს შორის, ამავე საგანზე და ამავე საფუძვლით არ დაიშვება.

7. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

8. მორიგების აქტი შედგენილია 3 (სამ) ეგზემპლარად, რომელთაგან - 1 ეგზემპლარი გადაეცემა შპს „...“-ს (ს/ნ: ...), ერთი ეგზემპლარი - სააგენტოს და ერთი ეგზემპლარი წარდგენილი იქნება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.“

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და შპს „...“-ს სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას მხარეთა მორიგების შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კასატორს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.06.2018წ. №01387 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს მხარეებს - შპს „...“-სა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შორის 2019 წლის 1 თებერვალს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:

„1. შპს „...“ (ს/ნ: ...) თანახმაა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე ... კვ.მ მიწის ნაკვეთის, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) ნასყიდობის საფასურად გადაიხადოს - 8 900 925 (რვა მილიონ ცხრაასი ათას ცხრაას ოცდახუთი) ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში მიმდინარე გამოძიების დასრულებიდან და ქონებაზე ყადაღის მოხსნიდან 1 წლის ვადაში.

2. სააგენტო თანახმაა შპს „...“-ს (ს/ნ: ...) მიერ წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულების მითითებულ ვადაში შესრულების შემთხვევაში ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე ... კვ.მ მიწის ნაკვეთზე, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

3. შპს „...“ (ს/ნ: ...) ამ აქტით განსაზღვრულ ვადაში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, (თუ მხარეები სხვა ვადაზე ვერ შეთანხმდებიან), კარგავს ამ მორიგების აქტის საფუძველზე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას.

4. შპს „...“ (ს/ნ: ...) უარს აცხადებს სასამართლო და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.

5. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.“

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება;

3. შპს „...“-ს სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;

4. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. კასატორს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.06.2018წ. №01387 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი