ბს-1341(კ-18) 21 თებერვალი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.08.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
13.03.2018წ. მ. შ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, მოპასუხის 01.03.2018წ. №01-02/08/668 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მ. შ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2018წ. გადაწყვეტილებით მ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.08.2018წ. განჩნებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელბისა და სოციალური დაცვის სამინიტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.08.2018წ. განჩინებით მ. შ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2018წ. გადაწყვეტილება, რაც მ. შ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ტ. ჯ-ას სამკვიდრო ქონება, აქტივები და პასივები, მათ შორის, მამკვიდრებლის მესამე პირთა მიმართ არსებული უფლებები, სრულად გადაეცა მ. შ-ას. ტ. ჯ-ას გააჩნდა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცის მოთხოვნა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება, საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილი პირობების შესაბამისად, პირდაპირი მიყიდვის წესით უნდა განხორციელებულიყო. საკითხი უნდა მოემზადებინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. სააპელაციო პალატის სადავო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ტ. ჯ-ა ვალდებული იყო თავად მიემართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N193 ბრძანებისა და მიღებ-ჩაბარების აქტის საფუძველზე მამკვიდრებელმა მიიღო ბინა, ხოლო საბოლოო რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები სცილდებოდა მის ვალდებულებას და წარმოადგენდა სამინისტროს კომპეტენციას. კასატორმა აღნიშნა, რომ ტ.ჯ-ას უფლება ჰქონდა სამინისტროსთვის მოეთხოვა ბინის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის პროცედურის დასრულება. სსკ-ის 1328-ე მუხლის შესაბამისად, უფლება ნივთზე იმავე სახით გადადის მემკვიდრეზე, რა სახითაც ის მამკვიდრებელთან არსებობდა. შესაბამისად, მოთხოვნის უფლება, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოიპოვა მ. შ-ამ. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ ვერ დაასაბუთა ბინაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის მინისტრის ბრძანებისა და მიღება-ჩაბარების აქტის არასაკმარის დოკუმენტებად მიჩნევის საკითხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.12.2016წ. N122 ოქმისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N193 ბრძანების საფუძველზე, ტ. ჯ-ას ერთსულიანი ოჯახი დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. 05.05.2017წ. ტ. ჯ-ა გარდაიცვალა. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ტ. ჯ-ას სახელზე სადავო საცხოვრებელი ფართი საჯარო რეესტრში არ ყოფილა რეგისტრირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ მითითებული ქონება ვერ შევიდოდა სამკვიდრო მასაში და მ. შ-ას, როგორც გარდაცვლილის ანდერძისმიერ მემკვიდრეს, არ წარმოეშობოდა მასზე საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი პირისათვის ფართის გადაცემა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის 13.2 მუხლის შესაბამისად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. საქმეში წარმოდგენილი მიმართვის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 02.06.2017წ. მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს ეშუამდგომლა საქართველოს მთავრობასთან დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით. ამ პერიოდისათვის ტ. ჯ-ა უკვე გარდაცვლილი იყო. საქართველოს მთავრობის 22.06.2017წ. N1254 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ განკარგულების დანართში მითითებულ დევნილებს (ს.ფ. .69-71). ამდენად, ნათელია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ, დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე აქტის გამოცემით არ სრულდება ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული პროცესი შეწყდა დევნილი ოჯახის ერთადერთი წევრის - ტ. ჯ-ას გარდაცვალების გამო. შესაბამისად, ფართის საკუთრებაში გადაცემა არ განხორციელებულა, რაც გამორიცხავს მემკვიდრის - მ. შ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამასთან, სააპელაციო პალატის სადავო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ 08.06.2017წ. Nბს-234-232(კ-17). ამდენად, ადგილი არ აქვს დივერგენციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.08.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი