Facebook Twitter

#ბს-1434(კ-18) 21 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 15 იანვარს ლ. ყ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის #04/78516 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ლ. ყ-ისათვის კანონით დადგენილი ოდენობით 2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე საერთო სასამართლოების მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ლ. ყ-ემ 2013 წლის 27 ივნისს #741-ო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით. მითითებული განცხადება საჭირო წარდგინებასთან და შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადააგზავნა 2015 წლის 27 ოქტომბერს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2016 წლის 18 თებერვლის #04-06-08/243 წერილით ლ. ყ-ეს ეცნობა, რომ როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იქნა დადასტურებული, 2016 წლის 1 იანვრამდე, მას სახელმწიფო კომპენსაციის მოპოვება შეეძლო 1999 წლის 15 მაისის პერიოდისათვის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების გამო გათავისუფლების საფუძველზე და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე, კომპენსაციის ოდენობა 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ყოველთვიურად იქნებოდა 19,45 ლარი (1999 წლის 15 მაისის მდგომარეობით ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალო თანამდებობრივი სარგო 34,12 ლარს შეადგენდა, ხოლო სრული სასამართლო სტაჟი - 10 წელს). ამასთან, მითითებულ პერიოდში ლ. ყ-ეს დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია ასაკის გამო - 160 ლარი, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მას დაენიშნებოდა სახელმწიფო კომპენსაცია საერთო სასამართლოების ხაზით - 560 ლარის ოდენობით. აღნიშნული წერილი ლ. ყ-ემ გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2016 წლის 16 მარტის #04/20791 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ლ. ყ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ლ. ყ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2016 წლის 18 თებერვლის #04-06-08/243 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 მარტის #04/20791 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 მარტის #04/20791 გადაწყვეტილება, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2016 წლის 18 თებერვლის #04-06-08/243 გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ლ. ყ-ის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცვლელად დარჩა და კანონიერ ძალაშია შესული.

განსახილველ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის #04/78516 სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, სააგენტო არ დაეთანხმა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მსჯელობას იმ ნაწილში, რომ ლ. ყ-ის კომპენსაციის დანიშვნაზე გადაწყვეტილება სააგენტოს უნდა მიეღო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის 27 ივნისს წარდგენილი განცხადების საფუძველზე და მიიჩნია, რომ სააგენტო ვერ მოახდენდა 2013 წლიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, ვინაიდან სააგენტოში საჭირო წარდგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან განხორციელდა 2015 წლის 27 ოქტომბერს. ასევე ვერ განხორციელდებოდა კომპენსაციის გაანგარიშება 2008 წლის მარტის მდგომარეობით, ვინაიდან სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად უნდა მიჩნეულიყო 1995 წლის 15 მაისი. ამდენად, სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების არცერთ ეპატზე, სააგენტოს მიზეზით შეფერხებას და რაიმე სახის უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა.

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს არ შეუსწავლია და არ შეუფასებია ის გარემოებები, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოსცა შესაბამისი მოთხოვნების დაცვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის #04/78516 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ. ყ-ისთვის კანონით დადგენილი ოდენობით 2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე საერთო სასამართლოების მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილება - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის #04/78516 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული აქტით რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ არასწორად მიიჩნია, რომ სააგენტო ვერ მოახდენდა 2013 წლიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, ვინაიდან სააგენტოში საჭირო წარდგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან განხორციელდა 2015 წლის 27 ოქტომბერს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა ისეთი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმავე შინაარსის აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ყ-ეს კვლავ უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე 2013 წლის 1 ივლისიდან იმავე საფუძვლებით, სწორად არ იქნა ჩათვლილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადო აღსრულებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის „თ“ ქვეპუნქტსა და 23-ე მუხლზე, ასევე ამავე კანონის 26-ე-27-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ვადამდე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ კომპენსაციის დანიშვნაზე გადაწყვეტილება სააგენტოს უნდა მიეღო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის 27 ივნისს წარდგენილი განცხადების საფუძველზე და არა 2015 წლის 27 ოქტომბერს, სააგენტოში საჭირო წარდგინებისა და სხვა დოკუმენტების მიღებიდან, რადგან 2013 წლის 27 ივნისის მდგომარეობით არც ყ-ის განცხადება და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული წარდგინება თანდართული დოკუმენტებით სააგენტოს არ ჩაჰბარებია.

კასატორის მოსაზრებით, კომპენსაციის დანიშვნის პერიოდზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსჯელობა, რომელსაც იზიარებს სასამართლო, არ არის დასაბუთებული. მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად და გარკვევით განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესსა და პირობებს. სხვა შემთხვევაში კანონმდებლობაში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პერიოდად პირდაპირ განისაზღვრებოდა უფლების წარმოშობის დღე (65 წლის ასაკის მიღწევა) და განცხადებითა და სხვა დოკუმენტების წარმოდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვი. კასატორის მითითებით, 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ყ-ის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (2016 წლის 1 იანვრამდე რედაქცია), საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის ოდენობა გამომდინარეობდა მოსამართლეთათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟიდან და 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმა, კომპენსაციის გაანგარიშებისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრისთვის, სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტში გულისხმობდა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების იმ საფუძველს, რომლითაც კომპენსაციის მიღების უფლება. აპელანტი თვლის, რომ თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის ნაწილშიც მსჯელობა უსაფუძვლოა და ამ შემთხვევაშიც ნორმის ამგვარი ინტერპრეტირება დაუშვებელია.

კასატორი არ იზიარებს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად არ უნდა იქნას განხილული 1995 წლის 15 მაისი. კასატორის მითითებით, თუკი ამ შემთხვევაში ყ-ის სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ დამდგარა 1995 წლის 15 მაისს, მაშინ გაუგებარია სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის რომელი პერიოდითა და საფუძვლით მოიპოვა კომპენსაციაზე უფლება და რა საფუძვლით ითხოვს 2013 წლიდან სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ანაზღაურებას.

კასატორის მითითებით, სააგენტო ვერ მოახდენს 2013 წლიდან საერთო სასამართლოების ხაზით ლ. ყ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას და ვერ განახორციელებს კომპენსაციის გაანგარიშებას 2008 წლის მარტის მდგომარეობით პირადი განცხადების საფუძველზე ყ-ის სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოდან, ვინაიდან სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების არც ერთ ეტაპზე სააგენტოს მიზეზით არ მომხდარა შეფასება და რაიმე სახის უფლების დარღვევა ყ-ის კომპენსაციის, ასევე მისი ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქალაქის განცხადების უფლებამოსილ ორგანოში დაგვიანებით გადაგზავნას არ უნდა გამოეწვია პირის იურიდიულ ინტერესზე უარყოფითი ზეგავლენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოების განმარტებას, რომ ლ. ყ-ეს კომპენსაცია უნდა მიეღო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის 27 ივნისს განცხადების წარდგენიდან და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში საჭირო დოკუმენტების მიღებიდან - 2015 წლის 27 ოქტომბრიდან.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის 1987 წლის 27 თებერვლის #20 §1 ბრძანების თანახმად, ლ. შ. ყ-ე არჩეულ იქნა სამტრედიის რაიონის სახალხო მოსამართლედ 1987 წლის 2 თებერვალს, ხოლო მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1987 წლის 23 თებერვლიდან. საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის 1987 წლის 22 ივნისის #62 §119 ბრძანების შესაბამისად კი, ლ. შ. ყ-ე არჩეულ იქნა სამტრედიის რაიონის სახალხო მოსამართლედ 1987 წლის 21 ივნისს. საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის 1991 წლის 10 ივლისის #43 §2 ბრძანებით დგინდება, რომ ლ. შ. ყ-ე ვადის გასვლის გამო დაკავებული თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული, 1991 წლის 9 ივლისიდან.

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის 1992 წლის 22 ივნისის #43 §4 ბრძანებით ლ. შ. ყ-ე დაინიშნა სამტრედიის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოების მოსამართლის თანამდებობაზე, 1992 წლის 19 ივნისიდან, 5 წლის ვადით. სამტრედიის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოების მოსამართლეს ლ. ყ-ეს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 17 ივნისის #28 §1 ბრძანებით 1997 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 2 მარტის #19 §2 ბრძანებით - 1998 წლის 1 აგვისტომდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 24 მაისის #39 §1 ბრძანებით საქართველოს რაიონისა და ქალაქის სასამართლოების ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოების მოსამართლის საშტატო ერთეულის გაუქმებასთან დაკავშირებით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ, 1999 წლის 15 მაისიდან, სხვადასხვა სასამართლოს მოსამართლეები, რომელთა შორისაც იყო ლ. ყ-ე - სამტრედიის რაიონი.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 მაისის #284 ბრძანებულებით ლ. ყ-ე დაინიშნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით, ხოლო უფლებამოსილების შესრულება დაევალა 1999 წლის 15 მაისიდან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 18 მარტის #1/40 გადაწყვეტილებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ. ყ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 46-ე-49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე, აღნიშნული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ყ-ემ 1999 წლის 15 მაისის შემდგომ გააგრძელა საჯარო, კერძოდ, სამოსამართლეო საქმიანობა, ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ლ. ყ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემისას დაცული უნდა ყოფილიყო საქართველოს მოქალაქის სოციალური დაცვის გარანტიები სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო შესაბამისი ასაკის მიღწევისას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც განსახილველ შემთხვევაში სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება მიღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გასაჩივრებული აქტით რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები. გარდა ზემოაღნიშნული მსჯელობისა, ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა ისეთი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმავე შინაარსის აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ყ-ეს კვლავ უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე 2013 წლის 1 ივლისიდან იმავე საფუძვლებით, ვერ იქნება მიჩნეული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადო აღსრულებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი