საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე Nბს-1488(კ-18) 14 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. გ-ისა და ა. ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2018წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2018წ. განჩინებით ნ. გ-ისა და ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.2016წ. გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-მა და ა. ს-ემ.
საკასაციო სასამართლოს 14.12.2018წ. განჩინებით ნ.გ-სა და ა. ს-ეს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. მათვე განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. განჩნებით გასაზღვრულ ვადაში - 22.01.2019წ., კასატორთა წარმომადგენელმა ნ. ო-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კასატორთა ავადმოფობის გამო, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელება მოითხოვა. საკასაციო სასამართლოს 01.02.1019წ. განჩნებით, ნ. გ-სა და ა. ს-ეს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. მათვე განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინების ასლს უგზავნის უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი მიიჩნევა მხარისათვის გაგზავნილად (სასკ-ის 13.2 მუხ.). განჩინება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს (სსსკ-ის 70.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 01.02.2019წ. განჩინება გაიგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ კასატორთა წარმომადგენლის - ნ. ო-ის მისამართზე და 20.02.2019წ. ჩაჰბარდა მას. ხარვეზის გამოსწორებისთვის განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2019 წლის 27 თებერვალს (ოთხშაბათი) 24 საათზე. კასატორებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება მოუთხოვიათ.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, ნ. გ-ისა და ა. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ემუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2018წ. განჩინებაზე ნ. გ-ისა და ა. ს-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი