საქმე Nბს-312(კს-19) 18 მარტი, 2019 წელი
.
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის 18 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - შპს „ლ...“-ის, შპს „...“-ის, ნ. ქ-ის, მ. ნ-ის, გ. ნ-ისა და ი. ც-ის მიმართ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ნ. ქ-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ.ახალციხე, ... ქუჩა N4, საკადასტრო კოდით ...., უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ახალციხე, ... (...) ს/კ ...; უძრავი ქონების - მდებარე ქ. ახალციხე, ... ქუჩა 4, ს/კ ... გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ი. ც-ს (პ/ნ ....) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ახალციხის რაიონი, ..., ს/კ ...; ახალციხის რაიონი, ... ,,...ი’’ ს/კ ...; ქ. ახალციხე, ... ქუჩა N13-ის მიმდებარედ, ს/კ ...; ქ. ახალციხე, ... ქუჩა N13, ს/კ .... გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედო ი. ც-ის კუთვნილ შპს ,,ლა...’’-ში (ს/...) საწესდებო კაპიტალში არსებულ 100%-იან წილს, შპს ,,ი...’’ (ს/ნ ...) 25%-იან წილსა და შპს ,,პ...’’ (ს/ნ ...) 100%-იან წილს, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე მ. ნ-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მდებარე: გარდაბნის რაიონი, ... ს/კ ...) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედო მ. ნ-ის (პ/ნ ...) კუთვნილ შპს ,,ე...’’ (ს/ნ ....) საწესდებო კაპიტალში არსებულ 50%-იან წილს, შპს ,,ზ...’’ (ს/ნ ...) 50%-იან წილს, შპს ,,პე...’’ში (ს/ნ ...) 25% -იან წილსა და შპს ,,ომ...’’-ში (ს/ნ ...) 50%-იან წილს, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედო გ. ნ-ის (პ/ნ ...) კუთვნილ შპს ,,გ...’’-ში (ს/ნ ...) საწესდებო კაპიტალში არსებულ 100%-იან წილს, შპს ,,ბ...’’ (ს/ნ ...) არსებულ 50%-იან წილს, შპს ს... - 1 (ს/ნ ...) არსებულ 37%-იან წილსა და შპს ... ტ... (ს/ნ ...) არსებულ 30%-იან წილს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ლ...“ (ს/ნ ...), ფ/პ „ნ. ქ-ე“ (პ/ნ ...), ფ/პ „მ. ნ-ე“(პ/ნ ...), ფ/პ „ი. ც-ი“ (პ/ნ ...), შპს „...“ (ს/ნ ...) და „გ. ნ-ე“ (პ/ნ 4...) აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს შპს „ლ...“-მა, შპს „...“-მ, ნ. ქ-ემ, მ. ნ-ემ, გ. ნ-ემ და ი. ც-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ლ...-ის’’, ნ. ქ-ის, მ. ნ-ის, ი. ც-ის, შპს ,,...-ისა’’ და გ. ნ-ის წარმომადგენლის თ. ჟ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, ამასთან, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
2019 წლის 15 მარტს კერძო საჩივრის ავტორმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე, იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობის თაობაზე. შპს „ლ...“-ის უფლებამოსილი პირი, შპს „...“-ის უფლებამოსილი პირი, ნ. ქ-ე, მ. ნ-ე, გ. ნ-ე და ი. ც-ი 2019 წლის 18 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით დაეთანხმნენ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობას სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებთა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დგინდება, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელის გამოხმობისათვის აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, რომელსაც მოპასუხეები - შპს „ლ...“, შპს „...“, ნ. ქ-ე, მ. ნ-ე, გ. ნ-ე და ი. ც-ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2019 წლის 18 მარტს წარმოდგენილი განცხადებით დაეთანხმნენ. ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
3. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - შპს „ლ...“-ის, შპს „...“-ის, ნ. ქ-ის, მ. ნ-ის, გ. ნ-ისა და ი. ც-ის მიმართ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე, დარჩეს განუხილველი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე