საქმე №ბს-376-376 (2კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ბ. ჭ-ე (მოსარჩელე), ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ჭ-ემ 2017 წლის 17 აპრილს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობების შემსრულებლის 2017 წლის 23 მარტის №41318 ბრძანების ბათილად ცნობა, ბ. ჭ-ის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე აღდგენა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მის სასარგებლოდ დაკისრება, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 9 იანვრის ბრძანებით N4111 დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე და მის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა … თემი. აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობების შემსრულებლის 2017 წლის 23 მარტის უკანონო და დაუსაბუთებელი №41318 ბრძანების საფუძველზე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების ძირითადი არგუმენტი იყო მასზე დაკისრებული მოვალეობების ბრალეული ან არაჯეროვანი შესრულება, რასაც ის არ ეთანხმება.
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის არგუმენტაცია მის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჭ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 23 მარტის №41318 ბრძანება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითა, რომ მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ 2017 წლის 23 მარტის №41318 ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად უნდა გაარკვიოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა ადმინისტრაციული ორგანო მოსამსახურის სამუშაოდან განთავისუფლებისას.
სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ბ. ჭ-ე 2015 წლის 8 იანვრიდან მუშაობდა გამგებლის წარმომადგენლად ... ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 1000 ლარს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 მარტის №41 318 ბრძანებით ბ. ჭ-ე გათავისუფლდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან მასზედ დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების მოტივით და ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ“ და ,,ე.ე“ ქვეპუნქტები” (გამგებლის/მერის უფლებამოსილება), ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი (სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება) და ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი (გამგებლის არყოფნისას გამგებლის მოადგილის უფლებამოსილება). აღნიშნული ბრძანების მიღებას საფუძვლად დაედო ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2017 წლის 21-23 მარტის ბაღდათის რაიონის სოფელი ... შემოწმების შედეგად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესრულების შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნა. აღნიშნული დასკვნით ირკვევა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოიყო 64220 ლარი. კრების გადაწყვეტილებით განისაზღვრა ჩასატარებელი სამუშაოების პრიორიტეტები. მათი სურვილით ისეთ სამუშაოებს, რომელიც ადამიანური რესურსით შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მოსახლეობა აიღებდა საკუთარ თავზე, რათა თანხები მიზნობრივად გახარჯულიყო, ხოლო რომელიც მათ ძალებს აღემატებოდა შესრულდებოდა ტენდერით. დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების 50%-ზე მეტი იყო უვარგისი და განმეორებით გასაკეთებელი, ცხაურები გაკეთებული იყო საპროექტო ნორმების უხეში დარღვევით, ამავე დასკვნით დადგენილია, რომ სოფელში არის რამდენიმე სასაფლაო, აქედან ორი იყო შემოსაღობი, ერთი იყო მაღლობზე, რომელსაც ესაჭიროებოდა საყრდენი კედლის ჩასხმა, რაც გაკეთებულია სანახევროდ და უხარისხოდ, მეორე იყო მავთულბადით შემოსაღობი. შეძენილ იქნა ბოძებიც და მავთულბადეც, მაგრამ ზოგი ბოძი ცემენტის ხსნარით არის გამაგრებული, ზოგი კი პირდაპირ მიწაშია ჩაფლული. სამუშაოები არის დაუსრულებელი, ცემენტი დაუხარჯავი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრებული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით და საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 24 ნოემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5006584917 დასკვნაზე მითითებით მიიჩნია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გასაჩივრებული 2017 წლის 23 მარტის №41318 ბრძანებით არ დგინდებოდა თუ რა ფაქტობრივი გარემოება დაედო საფუძვლად ბ. ჭ-ის გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემას, რამდენადაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, სამუშაოები შესრულებულია დამაკმაყოფილებლად, კერძოდ, 1. ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, სოფელ … … სასაფლაოს შემოღობვის მოწყობისათვის შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია; 2. … უბანში არსებული სასაფლაოს საყრდენი კედლის ზედა ნაწილის სიგანე არ შეესაბამება წარმოდგენილი პროექტში მითითებულ მონაცემს. აღნიშნული ნაწილის ზომა წარმოდგენილ პროექტში მითითებულია 200 მმ, ხოლო ფაქტობრივად შეადგენს 300 მმ, რაც 100 მმ-ით მეტია პროექტით გათვალისწინებულზე; 3. სოფელ ... დ. რ-ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ცხაურის ხილული ზომები, შეესაბამება წარმოდგენილი 5 - მეტრიანი რკინა/ბეტონის ცხაურის პროექტში მითითებულ შესაბამის მონაცემებს; 4. ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე აღნიშნული ცხაურის მოწყობისათვის შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ბ. ჭ-ე იყო საჯარო მოსამსახურე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. ბ. ჭ-ის დაკავებულ თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მითითებული არცერთი სამართლებრივი ნორმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს არ აძლევდა უფლებას შესაბამისი დასაბუთების გარეშე, უმოტივაციოდ დაერღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მოსარჩელის შრომის უფლება, ვინაიდან საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონშია რეგლამენტირებული, დიდწილად გამომდინარეობს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებათა სპექტრიდან, საქართველოს კონსტიტუციიდან. ამასთან, სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, (გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007) კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული გამგებლის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობების დარღვევის ფაქტი ვერ იქნა გამოვლენილი; დებულების მითითებული მუხლის თანახმად, გამგებლის წარმომადგენელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან, საკრებულოსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან, აცნობს მათ მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ახორციელებს კონტროლს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, გამწვანების, გარე განათებისა და კომუნალური მეურნეობის სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებზე; ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებს; საჭიროების შემთხვევაში შუამდგომლობს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და ეკონომიკურად შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამიდან სოციალური დახმარების მიღების მიზნით; მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავებაში და ახორციელებს კონტროლს ამ პროგრამების განხორციელებაზე და სხვა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სოფელ ... მიმდინარე სხვადასხვა სახის სამუშაოების ხარისხის შეფასება არ წარმოადგენდა მოსარჩელის ვალდებულებას მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა გამგეობის მიერ შესრულებული სამუშაოების კონტრაქტორების მხრიდან ჩაბარებას და იმასაც, რომ რაიმე სახის ზიანი სამუშაოების უხარისხოდ შესრულების შესახებ გამგეობას დაქირავებული კერძო პირების მიმართ არ მოუთხოვია, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში ბ. ჭ-ეს დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული 2017 წლის 23 მარტის №41318 ბრძანებით არ დგინდებოდა თუ რა ფაქტობრივი გარემოება დაედო საფუძვლად ამ აქტის გამოცემას, ამასთან არასწორად მიეთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი (დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება), ვინაიდან მხოლოდ დაუსაბუთებელ აუდიტის დასკვნაში მოყვანილი გარემოებები საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან გაანალიზების პირობებში არ იძლეოდა ისეთი მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესაძლებლობას, რასაც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში საფუძვლიანად იქნა მიჩნეული და ის დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება დაკავებულ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენისა და განაცდურის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, აღნიშნული თავად საჯარო დაწესებულების კომპეტენციას წარმოადგენს და მოცემული საკითხი ამ ეტაპისთვის არ ექვემდებარებოდა სასამართლოს კონტროლს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ ცნობა საკმარისია მოსარჩელის იმ უფლებებში აღსადგენად, რაც გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე გააჩნდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურას წარმოადგენდა, რის გამოც დამატებით ამ მოთხოვნაზე მსჯელობა სცილდებოდა სასამართლო უფლებამოსილების ფარგლებს. ამდენად, ამ ნაწილში სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ტქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბ. ჭ-ემ, ასევე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
კასატორი ბ. ჭ-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლი, მოხელის უფლების დაცვის შესახებ და აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემდგომ მოპასუხე თავად არის ვალდებული აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, რომელშიც მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლებამდე იმყოფებოდა.
კასატორის მითითებით, სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმამ გააუარესა მისი სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შევიდა 2017 წლის 1 ივლისიდან, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია დასახელებული კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოეყენებინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის არა ზემოხსენებული რედაქცია, არამედ ის რედაქცია, რომელიც მისი უფლების დარღვევის პერიოდში მოქმედებდა.
ამასთან, კასატორის განმარტებით, მოპასუხისათვის მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის დავალდებულებასა და იძულებითი განაცდურის დაკისრებასთან დაკავშირებით სასამართლო უწყების მხრიდან მსჯელობაზე კომპეტენციის არარსებობა წარმოადგენს არა სასარჩელო მოთხოვნის განხილვისა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ აღნიშნულ ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს.
კასატორის - ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, დღეს მოქმედი კანონი, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნდა ბ. ჭ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტისათვის და, ამავე დროს, არასწორად განმარტა კანონი.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით, არის იურიდიულად გამართული და დასაბუთებული და ზუსტად პასუხობს კანონის მოთხოვნებს. თავის მხრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 მარტის #41317 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არასწორია, ვინაიდან ბრძანების გამოცემის დროს არ დარღვეულა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით ბ. ჭ-ისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ამჟამად ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (31.10.97წ. N1022-Iს) მე-3 მუხლის მიხედვით განსაზღვრული იყო საჯარო სამსახურის სახეები და მოიცავდა სახელმწიფო სამსახურსა და სამსახურს ადგილობრივ თვითმმართველობაში, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავდა საჯარო მოსამსახურის ცნებას, კერძოდ საჯარო მოსამსახურე მითითებული ნორმის შესაბამისად იყო პირი რომელიც ამ კანონის შესაბამისად ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (27.10.15წ.4346-Iს) მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ასევე განსაზღვრავს საჯარო მოხელის ცნებას და ადგენს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორი ბ. ჭ-ე არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტი, რამდენადაც ის ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 09 იანვრის N4111 ბრძანებით (ს.ფ. 17) დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე და მის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა სოფელი ფერსათი. დადგენილია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 23 მარტის №41 318 ბრძანებით (ს.ფ 68), ბ. ჭ-ე გათავისუფლდა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან. ამავე ბრძანებაში გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა: საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.დ“ და ,,ე.ე“ ქვეპუნქტები,” ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის N6 დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი. ამდენად, დავის ძირითადი საგანია ბ. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გასაჩივრებული აქტით შეიზღუდა მოსარჩელის - ბ. ჭ-ის კონსტიტიციით დაცული შრომითი უფლება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს უფლებაში ჩარევას ჰქონდა თუ არა სათანადო სამართლებრივი საფუძველი, რაც ასევე განაპირობებს მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების საფუძვლიანობას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ბ. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 23 მარტის N41 318 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოსარჩელე ბ. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამსახურიდან განთავისუფლება, წარმოადგენს საჯარო სამსახურის უმკაცრეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, რომლის გამოყენება საჯარო დაწესებულების, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, გამართლებული და მყარად დასაბუთებული უნდა იყოს როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. კოდექსი მიუთითებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილობის ორი სახის საფუძველს, კერძოდ, ბათილობის მატერიალურ და ფორმალურ საფუძვლებს, რომელთა დარღვევა წარმოადგენს აქტის ბათილად ცნობის წინაპირობას. პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების კრიტერიუმებს წარმოადგენს აქტის გამოცემის უფლებამოსილება, ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე, აქტის ფორმა და მისი დასაბუთება, ასევე მითითება გასაჩივრების უფლებაზე, ხოლო საჯარო დაწესებულების მიერ სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების ფარგლებში სასამართლო ამოწმებს უფლებამოსილების სამართლებრივ საფუძველთან, მოქმედ კანონებსა და სამართლის პრინციპებთან შესაბამისობას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების საფუძველზე, დარღვევის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მისი ბათილად ცნობის თაობაზე.
ბ. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის შესაბამისად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოების საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისთვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. ამავე კანონის 99-ე მუხლი ადგენს სამსახურიდან განთავისუფლებას დისციპლინური გადაცდომისათვის. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის; მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის კი ითვალისწინებს მოხელის განთავისუფლებას სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. ამდენად, მოხელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა წარმოადგენს მისი სამსახურიდან განთავისუფლების წინაპირობას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაცდომა განეკუთვნება უხეშ დარღვევას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეფასდეს გადაცდომის ხასიათი და გადაცდომის შედეგად დამდგარი ან მოსალოდნელი ზიანის ფარგლები.
საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტაციის სასამართლოს შეფასებას, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოსარჩელე ბ. ჭ-ის მიმართ სადავო აქტის გამოცემამდე სხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოუყენებლობის ფაქტი და საქმეში არსებული ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2017 წლის 21-23 მარტის ბაღდათის რაიონის სოფელი ... შემოწმების შედეგად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესრულების შესახებ შიდა აუდიტის დასკვნა ერთობლიობაში არ იძლეოდა ბ. ჭ-ის მიმართ უმკაცრესი დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების, მისი სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს, რამდენადაც უტყუარად არ დასტურდება მოვალეობათა უხეში დარღვევა. მოვალეობათა უხეში დარღვევის არარსებობას ადასტურებს 2017 წლის 24 ნოემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5006584917 დასკვნა, რომლის თანახმად დადასტურებულია ის გარემოება, რომ ბ. ჭ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას და სამუშაოები შესრულებულია დამაკმაყოფილებლად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გასაჩივრებული 2017 წლის 23 მარტის №41318 ბრძანებით არ დგინდება თუ რა ფაქტობრივი გარემოება დაედო საფუძვლად ბ. ჭ-ის გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემას, ამდენად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბ. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბათილადაა ცნობილი, თუმცა საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ პირის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მსჯელობა ამ ეტაპისათვის არ ექვემდებარება სასამართლოს შეფასების საგანს და ის ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან საკითხის სასამართლოს კომპეტენციის არარსებობის შემთხვევაში წარმოიშობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის და არა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი და ასეთი მოსაზრების არსებობის პირობებში სააპელაციო პალატას ბ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი იცავს შრომის თავისუფლებას, რაც მოიცავს როგორც სამუშაოს არჩევის, ასევე მისი განხორციელების შენარჩუნების და დათმობის უფლებას. კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია საჯარო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, სადაც მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, ამდენად, საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან. „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა იყოს მართლზომიერი და გამომდინარეობდეს ობიექტური აუცილებლობიდან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა - გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ შრომის უფლების დაცვის განსახორციელებლად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები. მითითებული საკანონმდებლო აქტი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი, ასევე 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ბ. ჭ-ის უკანონოდ გათავისუფლება, ამდენად საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ბ. ჭ-ის სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების საკითხის სამართლებრივი შეფასება.
საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობოდა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. ანალოგიურ მოლოდინს უზრუნველყოფს 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე უზრუნველყოს მოხელეების მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, კარიერული წინსვლის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა“. შესაბამისად, ის ანაზღაურება, რომელსაც მოხელე ვერ იღებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, წარმოადგენს ზარალს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის.
ამასთან, უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე. ამასთან, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010).
საკასაციო პალატა მიუთითებს, 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, იმ განსხვავებით, რომ მოქმედ რეგულაციაში მოწესრიგებულია საკითხი ისეთი შემთხვევის არსებობისას, როდესაც იმავე თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია (არარსებობის ან სხვა პირის მიერ ამ თანამდებობის დაკავების გამო). მითითებული ნორმის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ასევე დარეგულირებულია მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის საკითხი, შესაბამისი პირობების არსებობისას, რა დროსაც კანონმდებელი დამსაქმებელს აკისრებს შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს (საკლასო დანამატი, ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო). „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კანონის აღნიშნული დანაწესი მიუთითებს შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულებას, მიუხედავად იმისა, მოხდება მოხელის იმავე თანამდებობაზე აღდენა, თუ მისთვის შეთავაზებული იქნება ტოლფასი თანამდებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განაცდურის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს მითითებული ნორმა ანიჭებს მისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, იმ შემთხვევაში თუ აღდგენილი იქნება იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე. ამისათვის აუცილებელია დადასტურდეს მოხელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა, რაც განსახილველ შემთხვევაში, ბ. ჭ-ესთან მიმართებით, დადასტურებულია.
რაც შეეხება მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების საკითხს, მისი რეგულაცია მოცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტში, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რისთვისაც ასევე აუცილებელია დადასტურდეს დამსაქმებლის მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული აქტის კანონშეუსაბამობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ანაზღაურების ოდენობის დადგენის კუთხით უმთავრესია დადგინდეს, რა ფორმით მოხდება უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის უფლების აღდგენა, კერძოდ, დაექვემდებარება ის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, თუ ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში. მითითებული ფაქტის დადგენას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, ვინაიდან აღნიშნული ნორმა განსხვავებულ რეგულაციებს ითვალისწინებს, იმის მიხედვით, არსებობს თუ არა მოხელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობა, ისე რომ არ შეილახოს სხვა პირის შრომის უფლება. პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ასეთი თანამდებობა და ის ვაკანტურია, რა დროსაც საჯარო სფეროში დასაქმებულთა უფლებები საჭიროებს ეფექტურ სასამართლო კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებათა შესრულების კუთხით. პალატა მიუთითებს, რომ მოხელის სამუშაოზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან დაუშვებელია მოხელის უფლების დაცვა მოხდეს მეორე მოხელის უფლების დარღვევის ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურების საკითხის განხილვა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (აქტის ბათილად ცნობა) აღსრულების პროცედურას წარმოადგენს, ვინაიდან ეს მოსაზრება არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მის ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (იხ. IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; . Burdov v. Russia, §34;).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დგინდება, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესი ვერ იქნება მიღწეული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში და სასამართლოს გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში (სასარჩელო მოთხოვნის აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაუკმაყოფილებლობის პირობებში) მისი უფლების განხორციელება დამოკიდებული ხდება ადმინისტრაციული ორგანოს კეთილ ნებაზე, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლების დაცვას.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, სასამართლო განხილვის დროს არსებითია სააპელაციო პალატამ გამოიკვლიოს, რამდენად არსებობს ბ. ჭ-ის სამსახურში იმავე თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა/შეუძლებლობა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბ. ჭ-ის თანამდებობა დაკავებულია სხვა მოხელის მიერ და მისი დანიშვნის კანონიერება არ არის სადავო, სააპელაციო პალატამ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხ.) მტკიცებულებათა გამოთხოვის გზით, უნდა გამოიკვლიოს ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების სახეები, მათი შემადგენლობა და დასაქმებულ პირთა რაოდენობა, გამოკვლევას საჭიროებს ასევე საკითხი, ხომ არ აქვს ადგილი ერთი სამსახურის/თანამდებობის ფორმალურ მონაცვლეობას ერთსა და იმავე ან ზემდგომ/ქვემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და არსებობს თუ არა საჯარო დაწესებულებაში იმავე დატვირთვის და ფუნქციური მახასიათებლების მქონე თანამდებობა. მითითებული საკითხის გამოკვლევა ატარებს მნიშვნელოვან დატვირთვას იმავე დაწესებულებაში ბ. ჭ-ის მიერ დაკავებული თანამდებაზე, ან ტოლფას თანამდებობაზე მისი აღდგენის კუთხით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატას ჰქონდა შესაძლებლობა, მისთვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რამდენადაც აღნიშნული განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ყველა სხვა სახის სარჩელთან მიმართებაში. განსახილველი კატეგორიის საქმეებზე სასარჩელო წარმოების დაწყებისას, მოსარჩელეს აქვს შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება. მხარის შუამდგომლობის წარდგენისას, სასამართლო შესაბამისი შემოწმების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. ასეთი სახის განჩინება უზრუნველყოფს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარ მოწესრიგებას, თუ ეს მოწესრიგება აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას. როგორც უკვე აღინიშნა, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მოხელის იმავე თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ. გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები არის განსხვავებული იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განხორციელდა უფლების დაცვა. თუკი სარჩელის განხილვის ეტაპზე მოხდება გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება უფლების დაცვის დროებითი საშუალების ფარგლებში, ეს შესაძლებლობას იძლევა, მოხელე დაუყოვნებლივ იქნეს აღდგენილი იმავე თანამდებობაზე, რამდენადაც სადავო თანამდებობაზე არ მომხდარა სხვა პირის დანიშვნა. ხოლო თუ ეს უფლება არ არის გამოყენებული და მოხელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე დანიშნულია სხვა პირი, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები საჯარო სამსახურის ბიუროსათვის მიმართვის გზით, მოხელის საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფას ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მიზნით, ხოლო თუ ამ გზითაც ვერ აღდგება მოხელე სამსახურში, აღნიშნული ეცნობება ბიუროს, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს ჩარიცხავს მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით, ამავდროულად, უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის 6 თვის განმავლობაში კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ საჯარო დაწესებულებას, რომლიდანაც მოხდა პირის უკანონოდ გათავისუფლება. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი. მოხელე საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში დაცულია სწორედ ამ საჯარო-სამართლებრივი ნორმატიული აქტით, რომელიც ქმნის გარანტიას, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე, მისი გათავისუფლების საკითხიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი უზრუნველყოფს უკანონოდ გათავისუფლებულ პირთა უფლებებში აღდგენას და მიღებული უკანონო გადაწყვეტილების თანმდევი შედეგების ეფექტურ აღმოფხვრას, რაც არ გამორიცხავს, ერთი მხრივ, მხარის შესაძლებლობას, სასამართლო დაცვის წესით გაიმყაროს სამართლებრივი მდგომარეობა და დამატებით ეძიოს უფლებაში აღდგენის მექანიზმები, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემთხვევაში დაავალოს საჯარო დაწესებულებას, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბ. ჭ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, თუ ის თავისუფალია და არ არის დანიშნული სხვა პირი მოსარჩელე ექვემდებარება აღდგენას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე (გამგებლის წარმომადგენელი ...) დანიშნულია სხვა პირი, ბ. ჭ-ე ექვემდებარება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, ვინაიდან მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო აქტს, რაც ქმნის ბ. ჭ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე - აღდგენის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
იქიდან გამომდინარე, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას რა ფორმით უნდა მოხდეს ბ. ჭ-ის შრომის უფლების დაცვა. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიკვლიოს ახალი მტკიცებულებები და დაადგინოს მითითებული სადავო გარემოებები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ, თავის მხრივ, საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი და დამატებით მოძიებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბ. ჭ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება ბ. ჭ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე