№ბს-681-681(კ-18) 13 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ლ. დ-ი
მესამე პირი _ ჯ. პ-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 1 თებერვალს ლ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან საცხოვრებელი ბინის გამოყოფის თაობაზე არაერთხელ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თუმცა მას არ მისცეს უფლება, აპლიკაცია შეევსო მისი ოჯახის ბინით დაკმაყოფილების შესახებ. ამასთან, სამინისტროდან მიიღო უარყოფითი წერილობითი პასუხი, სადაც მითითებული იყო, რომ „სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი ლ. დ-ის ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია“.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ წერილობით პასუხში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ასახავდა სინამდვილეს, ვინაიდან მოქალაქე ჯ. პ-ამ პირადად (ერთმა სულმა) მიიღო თავისი საცხოვრებელი ფართის ფულადი კომპენსაცია, ხოლო მას და მისი ოჯახის წევრებს არ მიუღიათ არავითარი ფულადი კომპენსაცია.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №01-02/08/1351 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ჯ. პ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №01-02/08/1351 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. დ-ის განცხადებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე - ლ. დ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, გულრიფში, ..., დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, ... . ლ. დ-ი 2000 წლის 10 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ..., სასტუმრო „...ა“.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2004 წლის 15 აგვისტოს სს „სასტუმრო ...ას“ დირექტორსა და ჯ. პ-ას შორის, რომელიც წარმოადგენდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სიის მიხედვით, ქ. თბილისში, ... მდებარე „სასტუმრო ...ის“ №... ოთახში დროებით შესახლებულ პ-ის ოჯახს, გაფორმდა №165 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ჯ. პ-ა ადასტურებს, რომ იგი არის ერთადერთი უფლებამოსილი წარმომადგენელი და იძლევა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს №... ოთახში განთავსებულ ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, რომ მათი სახელით გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება. ზემოხსენებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოქ. ჯ. პ-ა ათავისუფლებს ქ. თბილისში ... მდებარე „სასტუმრო ...აში“ მის მიერ დაკავებულ №... ოთახს, ხოლო ადმინისტრაცია კისრულობს მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში“.
ასევე დადგენილია, რომ ლ. დ-ის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე ფიქსირდება 1997 წლის 7 თებერვალს, გასვლა - 1997 წლის 7 აპრილს, შემოსვლა - 2000 წლის 11 ნოემბერს, გასვლა - 2001 წლის 27 ნოემბერს, შემოსვლა - 2005 წლის 18 ნოემბერს. 2017 წლის 9 იანვარს ლ. დ-მა №840/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №01-02/08/1351 წერილით ლ. დ-ს ეცნობა, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) - ლ. დ-ის ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია.
სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე. მითითებული ნორმით დადგენილია რეგულირების სფერო, რომლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე - ლ. დ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ამასთან, 2004 წლის 15 აგვისტოს სს „სასტუმრო ...ას“ დირექტორსა და ჯ. პ-ას შორის, რომელიც წარმოადგენდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სიის მიხედვით, ქ. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მდებარე „სასტუმრო ...ის“ №... ოთახში დროებით შესახლებულ პ-ის ოჯახს, გაფორმდა №165 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ჯ. პ-ა ადასტურებს, რომ იგი წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლევა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს №... ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, რომ მათი სახელით გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ლ. დ-ი 2000 წლის 10 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ..., სასტუმრო „...ა“, ოთახი №....
სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღნიშნული მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). აღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ პირთა წრის ერთი და იმავე მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენდა მათი ოჯახად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს, რადგან პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას მათი ერთობლივად ცხოვრების ფაქტი წარმოადგენს.
ამდენად, სასამართლოს აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებას წარმოადგენდა იმ ფაქტის დადგენა, ჯ. პ-ას მიერ 2004 წლის 15 აგვისტოს №165 ხელშეკრულების გაფორმებისას, ლ. დ-ი იყო თუ არა ჯ. პ-ას ოჯახის წევრი, „სასტუმრო ...აში“ №... ოთახში ფაქტობრივად მცხოვრები პირი. მოპასუხე მხარე ვალდებული იყო, მიუხედავად რეგისტრაციის მისამართისა, ზუსტად დაედგინა „სასტუმრო ...აში“, №... ოთახში განსახლებულ პირთა ვინაობა, რაც არსებითი იყო დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად. ამასთან, საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ მართალია, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს დევნილს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა, ვერ გახდებოდა დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, 2004 წლის 15 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია (№165 ხელშეკრულების შედგენის თარიღი) ხსენებულ ვალდებულებას არ ითვალისწინებდა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ 2004 წლის 15 აგვისტოს №165 ხელშეკრულებაში თანხის მიმღებმა - ჯ. პ-ამ დაადასტურა, რომ მითითებული ხელშეკრულების გაფორმებისათვის მას მიღებული ჰქონდა „სასტუმრო ...ას“ #... ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა. ასევე მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ლ. დ-ი არ წარმოადგენდა მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრს და ზემოხსენებულ ხელშეკრულებაზე ხელმომწერით ლ. დ-ის თანხმობის არსებობა საკომპენსაციო თანხის მიღებაზე არ დაუდასტურებია, ხოლო მოწმის - ნოტარიუს მ. ფ-ას განმარტებით, არ არსებობდა დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა „სასტუმრო ...ას“ №... ოთახში რეგისტრირებული ლ. დ-ის ნოტარიული თანხმობა, რომლითაც მან უფლებამოსილება მიანიჭა ჯ. პ-ას მიეღო საკომპენსაციო თანხა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანო, ვალდებულია გამოიკვლიოს ჯ. პ-ასთვის ოთახის გამოთავისუფლების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის გადაცემისას ფაქტობრივად ცხოვრობდა თუ არა ლ. დ-ი ზემოხსენებულ ფართში. აღნიშნული გარემოების დადგენისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ და იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტა, რომელშიც ოჯახის წევრთა რაოდენობის გრაფაში მითითებულია 3 პირი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №01-02/08/1351 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ლ. დ-ის განცხადებასთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით განმარტა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უგულებელყოფილ იქნა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და ლ. დ-ის „სასტუმრო ...ის“ შენობაში (ოთახი #...) ცხოვრების ფაქტს.
საკომპენსაციო თანხის გაცემის დროს „სასტუმრო ...ის“ ადმინისტრაციამ აიღო ვალდებულება, სამინისტროს მიერ მიწოდებული ყველა დევნილი პირის სახელობითი სიის შესაბამისად და ობიექტში მცხოვრები თითოეული დევნილი პირის მიერ დაკავებული ფართის სანაცვლოდ, გაეცა ფულადი კომპენსაცია. ხელშეკრულება ფორმდებოდა კანონით დადგენილი წესით, რომლის მიხედვით, „სასტუმრო ...ა“ გამოთავისუფლებული ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებდა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრთან. შესაბამისად, ოჯახის სხვა წევრებიც ითვლებოდნენ თანხის მიმღებ პირებად. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადების დროს მესამე პირის - ჯ. პ-ას მიმართ არ არსებობდა არანაირი სახით უკანონო ზეგავლენა, რომელიც მას აიძულებდა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ხელი მოეწერა აღნიშნულ ხელშეკრულებაზე.
კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ თუ დევნილი ოჯახის უზრუნვეყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განმარტებულია დევნილი ოჯახის დეფინიცია, კერძოდ, დევნილი ოჯახი არის - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). აღსანიშნავია, რომ ლ. დ-მა, საკომპენსაციო თანხის მიღების სანაცვლოდ, გამოათავისუფლა სახელმწიფოს მიერ გადაცემული და ფაქტობრივად დაკავებული საცხოვრებელი ფართი და 2005-დან 2017 წლამდე არც ინვესტორის და არც სახელმწიფოს მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უგულებელყვეს კანონის ზემოაღნიშნული დანაწესები და მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარე - ლ. დ-ი და მესამე პირი - ჯ. პ-ა ერთ ოჯახად იყვნენ რეგისტრირებული და ფაქტობრივადაც ერთად ცხოვრობდნენ, საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ იმის ნაცვლად, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა და სათანადო გადაწყვეტილება მიეღო, სრულად გაიზიარა და უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ სადავო საკითხს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე - ლ. დ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, გულრიფში, ..., ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, .... ლ. დ-ი 2000 წლის 10 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ..., „სასტუმრო ...ა“. საქმის მასალებში წარმოდგენილია იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტა, სადაც მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულია სულ 6 წევრი (ჯ. პ-ა, ლ. ტ-ე, ლ. პ-ა, გ. დ-ა, ლ. დ-ი და კ. დ-ი). ანკეტას ხელს აწერს ოჯახის უფროსი ჯ. პ-ა. 2004 წლის 3 აგვისტოს მონაცემებით, მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულია ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ლ. დ-ი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2004 წლის 15 აგვისტოს სს „სასტუმრო ...ას“ დირექტორსა და ჯ. პ-ას შორის, რომელიც წარმოადგენდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სიის მიხედვით, ქ. თბილისში, ... მდებარე „სასტუმრო ...ის“ №... ოთახში დროებით შესახლებულ პ-ის ოჯახს, გაფორმდა №165 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ჯ. პ-მ დაადასტურა, რომ იგი იყო ერთადერთი უფლებამოსილი წარმომადგენელი და იძლეოდა გარანტიას, რომ მას მიღებული ჰქონდა №... ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, რომ მათი სახელით გაეფორმებინა წინამდებარე ხელშეკრულება. ზემოხსენებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოქ. ჯ. პ-ა ათავისუფლებს ქ. თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მდებარე „სასტუმრო ...აში“ მის მიერ დაკავებულ №... ოთახს, ხოლო ადმინისტრაცია კისრულობს მოქალაქის მიმართ, ერთჯერადი განაცემის სახით, მატერიალური დახმარების გაწევას 7000 აშშ დოლარის ოდენობით, ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში“.
2017 წლის 9 იანვარს ლ. დ-მა №840/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №01-02/08/1351 წერილით ლ. დ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში დავის არსს და სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს სწორედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №01-02/08/1351 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასება წარმოადგენს, კერძოდ, რამდენად ობიექტურად ეთქვა უარი მოსარჩელე - ლ. დ-ს საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მიღებაზე.
სადავო აქტით მას განემარტა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - ლ. დ-ის ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია. ასევე, მას ეცნობა, რომ დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სადავო აქტის კანონშეუსაბამობის დადგენისას და მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ძირითად არგუმენტად მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას უნდა გამოიკვლიოს ჯ. პ-ასათვის ოთახის გამოთავისუფლების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის გადაცემისას ლ. დ-ი ფაქტობრივად ცხოვრობდა თუ არა „სასტუმრო ...ის“ #... ოთახში. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე, უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ და იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტა, რომელშიც ოჯახის წევრთა რაოდენობის გრაფაში მითითებულია 3 პირი.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე, ფაქტობრივად ცხოვრობს.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადასტურებულია, რომ 2000 წლის 10 აპრილიდან ლ. დ-ის რეგისტრაციისა და საცხოვრებელ ადგილს სწორედ „სასტუმრო ...ა“ წარმოადგენდა, რომელიც დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი იყო. დევნილთა ოჯახურ ანკეტაში ოჯახის უფროსად მითითებულია ჯ. პ-ა. საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე, „სასტუმრო ...ის“ შენობის #... ოთახში მაცხოვრებელ დევნილთა სია, სადაც მითითებულია ლ. დ-ი. სია შედგენილია 2004 წლის 3 აგვისტოს. დადგენილია, რომ ლ. დ-ის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე ფიქსირდება 1997 წლის 7 თებერვალს, გასვლა - 1997 წლის 7 აპრილს, შემოსვლა - 2000 წლის 11 ნოემბერს, გასვლა - 2001 წლის 27 ნოემბერს, შემოსვლა - 2005 წლის 18 ნოემბერს. ამდენად, ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ლ. დ-ის რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა „სასტუმრო ...ის“ #... ოთახი, ამასთან, 2005 წლიდან ლ. დ-ის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლა აღარ ფიქსირდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლო ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს დევნილი ოჯახის ცნების განმარტებას, რასაც ითვალისწინებს ამავე კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი. მოცემული ნორმის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უგულებელყვეს საქმეზე დადგენილი გარემოებები, წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და ლ. დ-ის „სასტუმრო ...ის“ შენობის #... ოთახში ცხოვრების ფაქტს.
აღსანიშნავია, რომ 2004 წლის 15 აგვისტოს სს „სასტუმრო ...ას“ დირექტორსა და ჯ. პ-ას შორის სანოტარო წესით გაფორმდა №165 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ჯ. პ-ამ დაადასტურა, რომ იგი წარმოადგენდა ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლეოდა გარანტიას, რომ მას მიღებული ჰქონდა №... ოთახში განთავსებულ ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, რომ მათი სახელით გაეფორმებინა წინამდებარე ხელშეკრულება. მითითებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოქალაქე ჯ. პ-ა ათავისუფლებს ქ. თბილისში ... მდებარე „სასტუმრო ...აში“ მის მიერ დაკავებულ №... ოთახს, ხოლო ადმინისტრაცია კისრულობს მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში“.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვანად მიიჩნევს განსახილველი დავის განსხვავებას იმ საქმეებისაგან, რომლებშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფიგურირებს, სადაც ამ უკანასკნელის მიერ მოქალაქეებთან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას აუცილებელია მათი წერილობითი თანხმობა, რის გარეშეც ადმინისტრაციული ხელშეკრულება ძალაში ვერ შევიდოდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო ინსტიტუტი არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად, შესაბამისად, ნების არარსებობის შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციული ხელშეკრულებაც. მოცემულ შემთხვევაში, ნება გამოხატულია ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ოჯახის უფროსის - ჯ. პ-ას მიერ და იგულისხმება, რომ მას ხელშეკრულების გაფორმებისას მიღებული აქვს ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობაც, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე უკანონო სახის ზემოქმედება, რაც მას აიძულებდა მისი ნების საწინააღმდეგოდ ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე.
ზემოაღნიშნულ განმარტებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ კერძო ინვესტორის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა იმ წესის შესაბამისად, რომ საკომპენსაციო თანხის გაცემის დროს „სასტუმრო ...ის“ ადმინისტრაციამ აიღო ვალდებულება, სამინისტროს მიერ მიწოდებული ყველა დევნილი პირის სახელობითი სიის შესაბამისად და ობიექტში მცხოვრები თითოეული დევნილი პირის მიერ დაკავებული ფართის სანაცვლოდ, გაეცა ფულადი კომპენსაცია. ხელშეკრულება ფორმდებოდა კანონით დადგენილი წესით, რომლის მიხედვით, „სასტუმრო ...ა“ გამოთავისუფლებული ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებდა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრთან. შესაბამისად, ოჯახის სხვა წევრებიც ითვლებოდნენ თანხის მიმღებ პირებად. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები ეფუძნება დევნილების გადაწყვეტილების ნებაყოფლობისა და თავისუფალი არჩევნების პრინციპს, რომლის გათვალისწინებით დევნილები საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ნებაყოფლობით და ზეგავლენის გარეშე იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს. საკასაციო სასამართლოს აზრით, ხელშეკრულების დადების დროს მესამე პირის - ჯ. პ-ას მიმართ არ დასტურდება არანაირი სახით უკანონო მოქმედება, რამაც მას ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა აიძულა.
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას თანხის მიმღებმა - მ. პ-ამ დაადასტურა, რომ მითითებული ხელშეკრულების გაფორმებისას მიღებული ჰქონდა #... ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, თუმცა მან სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ლ. დ-ი არ წარმოადგენდა მისი ოჯახის წევრს, შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ლ. დ-ის თანხმობის არსებობა არ დაუდასტურებია.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობის უგულებელსაყოფად მიუთითებს მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, იმ ფაქტზე, რომ ლ. დ-ი 2000 წლის 10 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, .... საქმეში წარმოდგენილია იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტა, სადაც მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულია 6 წევრი, მათ შორის ლ. დ-ი. ანკეტას ხელს აწერს ოჯახის უფროსი ჯ. პ-ა. 2004 წლის 3 აგვისტოს მონაცემებით, მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულია ოჯახის 5 წევრი, ამავე სიაშია ლ. დ-იც. ამასთან, ამ უკანასკნელის საქართველოში შემოსვლა ფიქსირდება 2005 წელს, რის შემდეგაც ის არ გასულა საზღვრებს გარეთ, თუმცა 2005 წლიდან 2017 წლამდე საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ასევე არ დასტურდება „სასტუმრო ...ის“ შენობის არა #...-ში, არამედ სხვა ოთახში მისი ცხოვრების ფაქტი. ამდენად, უდავოა, რომ ფულადი კომპენსაცია გადაეცა ჯ. პ-ას, რომელიც წარმოადგენდა არა კერძო პირს, არამედ ოჯახის სრულუფლებიან წევრს, ვინაიდან დევნილთა შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების სუბიექტს წარმოადგენდა დევნილი ოჯახი და არა თითოეული დევნილი ცალ-ცალკე. საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლ. დ-ი ხელშეკრულების გაფორმებისას „სასტუმრო ...ის“ #... ოთახში არ ცხოვრობდა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის #240 განკარგულებაზე, რომლის 2.1.10 პუნქტში აღნიშნულია, რომ დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ არ განიხილება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ძირითადი რესურსი, რომელსაც იგი იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოუყოფს, მიმართულია უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. ამდენად, ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახის ფულადი კომპენსაციით განმეორებით უზრუნველყოფა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოთა პოზიცია დაუსაბუთებელია, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად აქვს გამოკვლეული საქმის გარემოებები და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც სადავო აქტი დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით და რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №01-02/08/1351 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. დ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და ახსნა-განმარტებებით, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის დარღვევა და გადაწყვეტილების მიღების ფაქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, რაც შესაძლოა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ლ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნას არ გააჩნია სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო პრეტენზია არგუმენტირებული და დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №01-02/08/1351 წერილი ლ. დ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე უარის თქმის შესახებ, კანონშესაბამისია და განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. დ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი