#ბს-1138(2კ-18) 27 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 28 იანვარს ი. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 25 სექტემბრის #000354 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 18 დეკემბრის #808 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 25 სექტემბრის #000354 დადგენილებით სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ი. ა-ე დაჯარიმდა 3 000 ლარით იმ მოტივით, რომ ქ. თბილისში, ... ქ. #15/2-ში განახორციელა არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის გამაგრება და რეკონსტრუქცია ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსხურის 2015 წლის 23 ივნისის #1969938 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის 3.2. პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობის დარღვევით, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის გამაგრებისა და რეკონსტრუქციის მიმდინარეობის პროცესში წარმოიქმნა შენობა-ნაგებობების კვლევისათვის აუცილებელი გარემოებები (შპს „...“ 20.05.2015წ. #10 (C) დასკვნა), რომელიც მის მიერ სრულად არ იყო გათვალისწინებული.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითების საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2015 წლის 20 ივლისს მოამზადა დასკვნა. ამასთანავე, მოამზადა გამაგრებითი სამუშაოების წარმოებისათვის, მაგრამ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო მისი წარმოება. მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოში დასკვნის წარდგენისა და სამუშაოების განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არსებობის მიუხედავად, იგი დაჯარიმდა მითითებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის საფუძვლით. მოსარჩელის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიუთითა ახალ გარემოებაზე, რომ ი. ა-ის მხრიდან კვლევა სრულად ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები ვერ შესრულდა, თუმცა მეორე მხრივ, მიუთითა შენობა-ნაგებობის კვლევის სრულად ჩაუტარებლობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 15 ივნისის #1955263 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოები ისედაც ითვალისწინებდა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას. ამასთანავე, პროექტის შეთანხმების ეტაპზე მან წარადგინა შენობის გეოლოგიური, კულტურულ-ისტორიული და კონსტრუქციული დასკვნები. ჩატარებული სამუშაოების დასადასტურებლად ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვალდებულებასთან დაკავშირებით კი მოსარჩელემ განმარტა, რომ სანებართვო დოკუმენტით მისი წარდგენა შეეძლო მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ვადის - 2015 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო 2015 წლის 24 ივნისის მითითების დოკუმენტით ეს ვადა უსაფუძვლოდ შეუმცირდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 25 სექტემბრის #000354 დადგენილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 18 დეკემბრის #808 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში დაცული 2015 წლის 17 ივნისის ტექნიკური დასკვნა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ი. ა-ის მიერ შესრულებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 35-ე მუხლით გათვალისწინებული კვლევის ვალდებულება. ამასთან, მითითების აქტით საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვადის 30 დღით განისაზღვრა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და აღნიშნა, რომ მისი წარდგენა დამკვეთს შეეძლო 2015 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩნება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის განმარტებით, მოსარჩელე ვალდებული იყო ჩაეტარებინა სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის კვლევა. კასატორების მითითებით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ მხარის მიერ მსგავსი სახის კვლევა ჩატარებულ იქნა სადავო ობიექტზე, თუმცა კვლევის ჩატარებასთან ერთად, აუცილებელი იყო სათანადო სამუშაოების განხორციელება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირობების გათვალისწინებით, რადგან კვლევის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა არა მარტო შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, არამედ სამუშაოების შესაბამისობის დადგენა დასკვნაში განსაზღვრულ პირობებთან. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო სათანადო კვლევის ჩატარებასთან ერთად განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები და შემდგომ, განხორციელებული სამუშაოების ექსპერტიზის დასკვნასთან შესაბამისობის მიზნით, წარედგინა სათანადო მტკიცებულება. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან კი დგინდება, რომ მსგავსი ქმედებები მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა.
კასატორების მიერ არ იქნა გაზიარებული საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვადასთან დაკავშირებით სასამართლოს განმარტება. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მიუთითეს შპს „...ს“ 2015 წლის 20 მაისის #10(C) საექსპერტო დასკვნაზე და აღნიშნეს, რომ იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული საექსპერტო დასკვნის მიხედვით სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, რასაც შესაძლოა გამოეწვია სავალალო შედეგი, გაუგებარია სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა გააჩნდა ნებართვის მოქმედების ვადაში და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მითითებით შეეზღუდა აღნიშნული ვადა. მოსარჩელე ვალდებული იყო ემოქმედა ზედამხედველობის ორგანოს მიერ დადგენილი ვადების შესაბამისად.
კასატორებმა მიუთითეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის #5003554015 დასკვნაზე და აღნიშნეს, რომ მოსარჩელის მიერ კედლის გამაგრებითი სამუშაოები ნაწარმოები იყო შიდა მხრიდან, ხოლო ექსპერტი კი, აუცილებელ კონსტრუქციულ ღონისძიებად მიიჩნევდა კედლის გამაგრებას გარე მხრიდანაც. აღნიშნული კედლის გამაგრება შიდა მხრიდან მითითებით განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა. კასატორების განმარტებით, ყოველივე აღნიშნული ადასტურებს მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელების ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩნება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 ივნისის #1969938 ბრძანებით ქ. თბილისში, ... ქ. #15/2-ში ი. ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის გამაგრებისა და რეკონსტრუქციის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 27 ივნისიდან 2015 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით. ამავე ბრძანების 3.2. პუნქტი ადგენდა საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო მოედანზე შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთების კვლევის ვალდებულებას, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 3 ნოემბრის #2276500 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 ივნისის #1969938 ბრძანებაში, კერძოდ, „ნებართვა ძალაშია 2015 წლის 27 ნოემბერის“ შეიცვალა „ნებართვა ძალაშია 2016 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით“.
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... ქ. #15/2-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრებისა და რეკონსტრუქციის მიმდინარეობის პროცესში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა დაადგინა ი. ა-ის მხრიდან ქ. თბილისი მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 ივნისის #1969938 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის 3.2. პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობის დარღვევა, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. #57 დადგენილების 35-ე მუხლის I-ლი ნაწილის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის გამაგრებისა და რეკონსტრუქციის მიმდინარეობის პროცესში წარმოიქმნა შენობა-ნაგებობების კვლევისათვის აუცილებელი გარემოებები (შპს „...“ 20.05.2015წ. #10(C) დასკვნა), რომელიც დამკვეთის ი. ა-ის მიერ სრულად არ იყო გათვალისწინებული. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა 2015 წლის 25 ივნისს შეადგინა #000354 მითითება. დარღვევის გამოსწორების მიზნით, დამკვეთს დაევალა ობიექტსა და ... ქ. #17-ს შორის არსებულ კედელზე, შესაბამისი საექსპერტო დასკვნისა და ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული კონსტრუქციული ღონისძიებების ჩატარება და სამუშაოების იმდაგვარი დაგეგმვა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ზემოაღნიშნული კედლის შემდგომი მდგრადობა და საიმედოობა მასზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად. ამასთან, ვინაიდან, მითითებაში დაფიქსირებული ღონისძიებები საჭიროებდა გადაუდებელ ჩატარებას, მის დასრულებამდე დადგინდა ხსენებულ კედელზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შეჩერება. ი. ა-ეს, მითითებით მოთხოვნილი კონსტრუქციული ღონისძიებების დასრულების შემდეგ, დაევალა შესრულებული სამუშაოების მდგრადობის შესახებ სათანადო საექსპერტო დასკვნის წარდგენა. დამკვეთს ზემოთ მითითებული დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) დღიანი ვადა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 35.1 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის კვლევა უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მომზადებამდე, ზოგიერთ შემთხვევაში - შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის და გამოყენების დროს (შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში ან გამოყენების დროს კვლევისათვის აუცილებელი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მითითებულ ნორმაზე, რომელიც მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის კვლევის ვალდებულებას აუცილებელი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში ადგენს.
დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლის გამაგრებისა და რეკონსტრუქციის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემამდე საპროექტო დოკუმენტაციაში დაცულია 2015 წლის 17 ივნისის ტექნიკური დასკვნა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ი. ა-ის მიერ შესრულებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 35-ე მუხლით გათვალისწინებული კვლევის ვალდებულება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საექსპერტო დასკვნის წარდგენა დამკვეთს შეეძლო 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, მაშინ როდესაც მითითების აქტით ეს ვადა 30 დღით განისაზღვრა. ამდენად, ვინაიდან, არაკანონიერად არის მიჩნეული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში კონსტრუქციული ღონისძიებების გატარების დავალება, შესაბამისად, ამ ღონისძიებების და უკვე შესრულებული სამუშაოების მდგრადობის შესახებ საექსპერტო დასკვნის წარდგენისათვის სანებართვო დოკუმენტისგან განსხვავებული ვადის დაწესება, მით უფრო შემცირება, სასამართლომ სწორად მიიჩნია უკანონოდ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი