ბს-291-291(კ-18) 31 იანვარი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-მა 27.05.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 15.05.2014წ. გადაწყვეტილების (N79 საკითხის ნაწილში), მის საფუძველზე ქ. პ-ის სახელზე 16.06.2014წ. გაცემული N... საკუთრების მოწმობისა და კომისიის 18.05.2015წ. გადაწყვეტილების (N1 საკითხის ნაწილში) ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.10.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ქ. პ-ი, ხოლო 29.10.2015წ. განჩინებით - სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2016წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 18.05.2015წ. N437 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 15.05.2014წ. გადაწყვეტილება ქ. პ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში და მის საფუძველზე 16.06.2014წ. გაცემული საკუთრების მოწმობა, კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ქ. პ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2017წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2016წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ის მიერ.
კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები, მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე თვითონვე უარყვეს წერილობით მიცემული ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებების ნოტარიალურად დადასტურება მათ მეტ სარწმუნოობას არ სძენს, რადგან ნოტარიუსი არ ადასტურებს ჩვენების შინაარსს. ამასთანავე, ის, რომ განცხადებაზე ხელმომწერი პირი იცნობს განცხადების შინაარსს, არ ადასტურებს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობას. უპირატესობა უნდა მიენიჭოს მოწმეთა მიერ სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებას. გასათვალისიწნებელია, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, თუ ერთიდაიგივე პირის მიერ მიცემული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ჩვენებას ეკარგება მტკიცებულებითი ფასეულობა. მოწმის ჩვენება ერთ-ერთი მტკიცებულებაა, მას არ აქვს უტყუარი მნიშვნელობა, მისი შეფასება ხდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ მე-20 საკუნის 80-იანი წლებიდან მ. მ-ი ფლობდა სადავო ნაკვეთს, შესაბამისად ნაგებობაც მისი მოწყობილია. სააპელაციო პალატის მითითება, რომ დასტურდება ნაგებობის ქ. პ-ის მიერ აშენება, არ ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს. კასატორი თვლის, რომ მას სადავო ნაკვეთის ფლობა არ მიუტოვებია, მხოლოდ დროებით სარგებლობაში გადასცა მიწის ნაკვეთი ქ. პ-ს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ნოტარიალურად დამოწმებულ განცხადებაზე ხელმოწერით მოწმეებმა დაადსატურეს განცხადებაში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა, იგულისხმება, რომ ისინი იცნობდნენ და ეთანხმებოდნენ განცხადების შინაარსს. მოწმეებმა ვერ დაასაბუთეს სასამართლო სხდომაზე ჩვენებების შეცვლის ობიექტური საფუძვლების არსებობა, ვერ მიუთითეს თავდაპირველად მსგავსი ახსნა-განმარტების მიცემის გამომრიცხავი გარემოებები. წერილობითი ჩვენებების მიცემისას მოწმეთა შეცდომაში შეყვანა, მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, იძულება და რაიმე სხვა მსგავსი გარემოება, რაც მიცემული ჩვენების სისწორეზე მოახდენდა გავლენას, არ დადასტურებულა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში უპირატესობა სწორედ თავდაპირველად მიცემულ ჩვენებებს უნდა მიენიჭოს.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა მართალია დაადასტურეს თავდაპირველად ნაკვეთის მ. მ-ის მიერ ფლობა, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ მ. მ-მა დათმო ნაკვეთის მფლობელობა და წლების განმავლობაში ნაკვეთის და მასზე მდებარე ნაგებობის ფლობასა და სარგებლობას ახორციელებს ქ. პ-ი. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მ. მ-მა მიატოვა მიწის ნაკვეთის ფლობა. ის ფაქტი, რომ მ. მ-ი მომიჯნავე უძრავი ნივთის თანამესაკუთრეა არ გამორიცხავს აღნიშნულ გარემოებას, რადგან ნაკვეთები ღობით არის გამიჯნული და არ აღიქმება ერთი უფლების ობიექტად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2017წ. გადაწყვეტილება;
3. პ. კ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.04.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი