Facebook Twitter

ბს-308-308(კ-18) 10 იანვარი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ბ-ემ 10.07.2017წ. სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 08.06.2017წ. N53/4524 წერილის, კომისიის 24.05.2017წ. N3 სხდომის ოქმის, 14.06.2017წ. N4 სხდომის ოქმის, 21.06.2017წ. N7 სხდომის ოქმის, 21.06.2017წ. გადაწყვეტილებების, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 27.06.2017წ. N531688 ბრძანების, 28.06.2017წ. N531708 ბრძანების ბათილად ცნობის და დ. ბ-ის ორ თანამდებობაზე წარდგენის შესახებ კომისიისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

დავის რაიონულ სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ დ. ლ-ე, გ. ლ-ე და თ. კ-ე-ქ-ე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 17.08.2017წ. გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ბ-ის მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. კონკურსის ერთ-ერთი ამოცანაა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობაზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ორგანოს მიერ დაირღვა კონკურსის ჩატარების პრინციპები, კომისიის მხრიდან არ მომხდარა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, არ მომხდარა გასაუბრების ეტაპის აუდიო-ვიდეო ჩაწერა, კომისიის ყველა წევრს კასატორი ინდივიდუალურად არ შეუფასებია, კომისიის 6 წევრიდან 3-ს არასრულყოფილი შეფასება აქვს. გაურკვეველია ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისიწნებულ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა დ. ბ-ე. დ. ბ-ის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 21.07.2016წ. Nბს-85-84(კ-16) განჩინებაში განმარტა, რომ ორგანომ უნდა შეძლოს იმის დასაბუთება, თუ კონკრეტულად რა გარემოება გახდა განმსაზღვრელი ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას. კასატორი თვლის, რომ გასაუბრება ჩატარდა იმავე ხარვეზებით, რაც გახდა პირველი კონკურსის გაუქმების საფუძველი. დ. ბ-ის მოსაზრებით, ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კითხვები არარელევანტური იყო, გაუგებარია რა უნარების დადგენა უნდა მომხდარიყო ამ კითხვებზე გაცემული პასუხების შედეგად. გასათვალისწინებელია, რომ კომისიის მხრიდან არ მომხდარა ყველა შეკითხვის დასმა, კითხვები შერჩევით ისმებოდა. გასაუბრების სხდომის ოქმში აპელირება ხდება დ. ბ-ის უარყოფით თვისებებზე და არ არის დასაბუთებული სხვა კანდიდატებისათვის უპირატესობის მინიჭება. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეილებით ორგანოს დაევალა დ. ბ-ის დასანიშნად წარდგენა და არა გასაუბრების ხელახლა ჩატარება. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტესტირებაზე სხვა კანდინდატებთან შედარებით მაღალი ქულა მიიღო, ამასთანავე აქვს 6-წლიანი მუშაობის გამოცდილება და დასაქმების პერიოდში მის მიმართ რაიმე დისწიპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის საჯარო სამსახურში მიღება ემყარება ხელმისაწვდომობის, თანასწორობისა და პროფესიონალიზმის პრინციპებს. საჯარო სამსახურის კვალიფიციური კადრებით შევსების საუკეთესო საშუალება და მოქმედი სამართლებრივი მექანიზმი არის კონკურსი, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული პრინციპების პრაქტიკულ რეალიზებას, ხელს უწყობს სახელმწიფო აპარატის გამართულ ფუნქციონირებას, ხოლო მეორე მხრივ უქმნის მოქალაქეებს იმის რწმენას, რომ სახელმწიფო უწყებები კომპლექტდება პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრებით. ქართულ კანონმდებლობაში თანამდებობაზე მხოლოდ კონკურსით დანიშვნის წესის დამკვიდრება ხელს უწყობს საჯარო სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას, მისი კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებას და საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას. კონკურსის პროცედურული წესების, სათანადო ფორმალური მოთხოვნების დაცვის, კონკურსანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის, წერითი დავალების შეფასების და გასაუბრების შედეგად ორგანო ადგენს კონკურსანტის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამისობას დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან. სასამართლოს შეუძლია შეამოწმოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, თუმცა ეს არ გულისხმობს სასამართლოს შესაძლებლობას თავად მოაწესრიგოს ორგანოს დისკრეციის სფეროს მიკუთვნებული სადავო საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია დ. ბ-ის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში მყოფი 28.12.2016წ. გადაწყვეტილებით ორგანოს ვაკანტურ თანამდებობაზე მისი წარდგენა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, დასაბუთებას საჭიროებდა კონკრეტული კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭება, დ. ბ-ის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენაზე უარის თქმა, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისათვის გასაგები უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების მოტივები. მითითებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა ადმინისტრაციულმა ორგანომ სამუშაო სტაჟისა და გამოცდილების მქონე კანდიდატთან შედარებით უპირატესობა გამოუცდელს მიანიჭოს, თუმცა ორგანომ უნდა დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება. მითითებული დასაბუთების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ ორგანოს დაავალა დ. ბ-ის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით, და არა კანდიდატად წარდგენის შესახებ, ახალი აქტის გამოცემა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თუმცა სარეზოლუციო ნაწილი წარმოადგენს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში ასახული მათი სამართლებრივი შეფასებების შედეგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დავალებია დ. ბ-ის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენა, მას დაევალა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება თანამდებობაზე წადგენასთან დაკავშირებით. გასაუბრების ხელახლა ჩატარების გარეშე ახალი შემადგენლობით ჩამოყალიბებული კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას სრულად გამოეკვლია საქმის გარემოებები, შეედარებინა კანდიდატთა პროფესიული უნარჩვევები, კვალიფიკაცია, პიროვნული მახასიათებლები და სხვ..

არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ გასაუბრება ჩატარდა იგივე ხარვეზებით, კერძოდ, ამ შემთხვევაშიც არ მომხდარა მისი ინდივიდუალური შეფასება, არ შედგენილა გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, კანდიდატებს არ დაესვათ წინასწარ განსაზღვრული ყველა კითხვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცულია კომისიის წევრების მიერ გასაუბრებაზე შედგენილი წერილობითი ოქმი, გასაუბრებაში მონაწილე პირთა ინდივიდუალური შეფასებები, მითითებულია კონკრეტული კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები, დ. ბ-ის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენაზე უარის თქმის მოტივაცია. ზოგადად, თანამდებობაზე განწესების პროცესში მიღებული გადაწყვეტილება ემყარება არა მხოლოდ ობიექტურ, არამედ სუბიექტურ კრიტერიუმებსაც. სუბიექტურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხის დასაბუთებისა და შემდგომში ამ დასაბუთების გადამოწმების ინტენსივობის ხარისხი შემცირებულია. ამ ნაწილში განსაკუთრებით მაღალია გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეცია. სასამართლო ამოწმებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას. მართალია, ტესტირების ეტაპზე დ. ბ-ემ სხვებთან შედარებით მაღალი ქულა მიიღო, თუმცა ეს არ წარმოშობს ვაკანტურ თანამდებობაზე მისი ავტომატურად წარდგენის ვალდებულებას.

სადავო აქტების უკანონობას არ ადასტურებს აგრეთვე კანდიდატებისათვის კითხვების შერჩევით დასმა, რადგან კომისიას არ ეკისრება ყველა კანდიდატისათვის ერთიდაიგივე ოდენობის და იდენტური კითხვების დასმის ნორმატიული ვალდებულება. რაც შეეხება გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერას, საკასაციო პალატა უთითებს, რომ აღნიშნულის განხორციელება ორგანოს როგორც წესი ეკისრება გასაუბრების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. უკეთუ პროცესის გამჭვირვალობა ეჭვს არ იწვევს, მხოლოდ აუდიო-ვიდეო ჩანაწერის არარსებობა არ ქმნის გასაუბრების არამართლზომიერად მიჩნევის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი