Facebook Twitter

საქმე Nბს-371-371(კ-18) 15 იანვარი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „…“

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 2017 წლის 7 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს „…ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სს „…სათვის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 14652,72 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ... ობიექტების დაცვის მომსახურების შესყიდვების შესახებ ელექტრონულ ტენდერში (…) გამარჯვებულად იქნა მიჩნეული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რის საფუძველზეც სს „…სა“ და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2015 წლის 2 ივლისს დაიდო Nშს/15-209 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. გარიგების თანახმად მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 3 ივლისიდან 12 თვის განმავლობაში, ამასთან ერთი თვის მომსახურების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 882 541,65 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სს „…ს“ გაუწია მომსახურება, მის მიერ ჯეროვნად არ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მოპასუხემ სრულად არ გადაიხადა 2016 წლის აპრილის თვის მომსახურების საფასური და გადაუხდელმა თანხამ შეადგინა 14 652.72 ლარი. მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 316-ე და 361-ე მუხლებზე მითითებით მოითხოვა სს „…სათვის“ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო, 14652,72 ლარის გადახდის დაკისრება.

მოპასუხემ აღნიშნა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან, არასრულყოფილი მომსახურების შედეგად სს „…ს“ მიადგა ზიანი, შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება, რაც ხელშეკრულების შესაბამისად, უნდა გაქვითულიყო მომსახურების საფასურიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს „…“, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 14652,72 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „…მ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით სს „…ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად მიიჩნია, რომ 2015 წლის 2 ივლისის №1/2554 საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სს „…ის“ მიმართ წარმოეშვა ობიექტების დაცვასთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელების ვალდებულება, ხოლო სს „…ს“ - მიღებული მომსახურებების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „…მ“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისაგან მიიღო ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება, მას კი შესაბამისი გადახდა არ განუხორციელებია, რაც სს „…სათვის“ 14 652,72 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების საფუძვლად მიიჩნია. ამასთან სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლზე სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასება და განმარტა იმისათვის, რომ მოპასუხეს - სს „…ს“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, სასარჩელო მოთხოვნის ჩასათვლელად გამოეყენებინა თავისი უფლება ზიანის ანაზღაურებაზე, უნდა მოეთხოვა ასეთი გადაწყვეტილების მიღება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ფორმითა და წესით შესაბამისი სარჩელის ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე-189-ე მუხლების შესაბამისად შეგებებული სარჩელის წარდგენით და სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა უფლებამოსილი, ემსჯელა მოსარჩელის პასუხისმგებლობაზე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ასეთის არარსებობის პირობებში კი, სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, დაადასტუროს მოპასუხის მიერ მითითებული ვალდებულების არსებობის ფაქტი.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „…ამ“. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის უკანონო, დაუსაბუთებული და ის უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმები არარელევანტურია. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის იმგვარად განმარტება, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ეკისრება როგორც ხელშეკრულების ერთ, ასევე, მეორე მხარეს. ამ შემთხვევაში სს „…“ პირნათლად ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ სსიპ დაცვის პოლიციის მხრიდან სისტემატურად ხდება ხელშეკრულების დარღვევისა და არაჯეროვანი შესრულების ფაქტები.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის განმარტება, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებას. მხარეთა შორის დადებული #შს/15-209 ხელშეკრულება კი, მთლიანად უგულებელყოფილია, ვიანიდან, სს „…სა“ და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის, 2015 წლის 02 ივლისს დადებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ Nშს/15-209 ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, ყველა სხვა დანარჩენ პირობასთან ერთად, მომსახურების განხორციელების, მხარეთა უფლება-მოვალეობებისა და ანგარიშსწორების პირობები. ამასთანავე, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 9.1 პუნქტის თანახმად, „მიმწოდებელი“ (დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) ვალდებულია უპირობოდ აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ აღმოჩენილი, ქურდობით გამოწვეული მატერიალური აქტივების დანაკლისი საბაზრო ფასის გათვალისწინებით, თუ ობიექტი, სადაც მოხდა ქურდობის ფაქტი არის ხელშეკრულების დანართში მითითებული, დასაცავი ობიექტების ნუსხაში. ამავე ხელშეკრულების 9.2. პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველი“ (სს „…“) უფლებამოსილია უპირობოდ, მიმწოდებლის თანხმობის გარეშე, გამოქვითოს მატერიალური ზიანის ოდენობა, მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი თანხიდან. სწორედ ამ რედაქციით მოაწერა ხელშეკრულების მხარემ, - მოსარჩელემ (სსიპ დაცვის პოლიციამ) ხელი ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს. ხოლო რაც შეეხება მეორე პირის მიერ ნების გამოვლენას გაქვითვის თანხმობაზე, ეს უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევაში, თუკი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა. აღნიშნულ პრინციპს კი, ეწინააღმდეგება ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, გაქვითვა მოხდა ვადის დადგომის შემდგომ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-189-ე მუხლებზე დაყრდნობით, შეგებებული სარჩელის მართლზომიერებაზე და ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ ამის შემდგომ იქნებოდა უფლებამოსილი, ემსჯელა მოსარჩელის პასუხისმგებლობაზე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თუ წარდგენილი იქნებოდა შეგებებული სარჩელი. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ სარჩელის დისპოზიციური ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელე თვითონ ირჩევს როდის აღძრას სარჩელი, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, რომ „მიმწოდებელი“ (დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) ვალდებულია უპირობოდ აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ აღმოჩენილი, ქურდობით გამოწვეული მატერიალური აქტივების დანაკლისი საბაზრო ფასის გათვალისწინებით, თუ ობიექტი, სადაც მოხდა ქურდობის ფაქტი არის ხელშეკრულების დანართში მითითებული, დასაცავი ობიექტების ნუსხაში. ამავე ხელშეკრულების 9.2. პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველი“ (სს „…“) უფლებამოსილია უპირობოდ, მიმწოდებლის თანხმობის გარეშე, გამოქვითოს მატერიალური ზიანის ოდენობა, მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი თანხიდან.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისიწნებულ სხვა საფუძვლებს. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სს „…სა“ და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2015 წლის 2 ივლისს დადებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება Nშს/15-209. შედეგად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ... ობიექტების დაცვა. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 4.16 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 3.4.10 პუნქტით დადგენილი წესით „დაცულ ტერიტორიაზე“ მდგომი დაცვაზე აყვანილი „დაუცველი ტვირთების“ ვაგონების, კონტეინერების, სხვადასხვა მოწყობილობების, მექანიზმების, ელმავლების, თბომავლების, სამგზავრო ვაგონების, სპეც.დანიშნულების ვაგონების, აგრეთვე, სს „…ზე“ მოძრავ „დაცულ ტვირთებზე“ დამღების, საბაჟო დამღების და ღია მოძრავი შემადგენლობით გადაზიდვისას დამცავი ნიშანდების გამართულობას უზრუნველყოფს „მიმწოდებელი“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებული იყო, დაეცვა სს „…ის“ ობიექტები, მათ შორის, მოძრავი „დაცული ტვირთები“. საქმეში წარმოდგენილია (სს „…ის“ შესაგებელს ერთვის) სს „…ის“ მიმართ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, რომელთა საფუძველზეც სს „…“ დაჯარიმდა. საგადასახადო ოქმები გამოწერილია სს „…ის“ მიმართ, რადგან ის წარმოადგენს საგადასახადო მიზნებისათვის სამართალდამრღვევ სუბიექტს, თუმცა ლუქების მთლიანობის დაცვა და ტვირთის უდანაკარგოდ ჩაბარება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც იქნა ამ შემთხვევაში სს „…“ დაჯარიმებული, ევალებოდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად იქნებოდა შესრულებული, სს „…ის“ მიმართ, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები არ შედგებოდა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-3 და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული შემადგენლობა არ იარსებებდა.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიზე, ამავე კოდექსის მე-17 მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სს „…ის“ მიერ, სარჩელის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილია როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მტკიცებულებები, რომლებიც ამ გარემოებებს ადასტურებენ, რომელთა ერთობლიობა სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად, ქმნის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ყველა პირობას და ვინაიდან, სსიპ დაცვის პოლიციის სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, კასატორის მოსაზრებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სს ,, …ის“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით სს „…ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „…ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. განსახილველ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, რამდენად მართლზომიერად დაეკისრა სს „…ს“ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 14 652 ლარისა და 72 თეთრის გადახდა და ჰქონდა თუ არა სს „…ს“ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის მომსახურების საფასურიდან მისთვის მიყენებული ზიანის (უაქცეპტო ფორმით) გაქვითვის უფლება.

საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 2 ივლისს სს „…სა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმებული №1/2554 ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილია, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-4 მუხლის 4.16 პუნქტის შესაბამისად, სს „…ზე“ მოძრავ „დაცულ ტვირთებზე“ დამღების, საბაჟო დამღების და ღია მოძრავი შემადგენლობით გადაზიდვისას დამცავი ნიშანდების გამართულობას უზრუნველყოფს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. ამავე პუნქტის თანახმად, ქურდობის შემთხვევაში, როცა ვაგონით/კონტეინერით დაცული ტვირთის გადაზიდვისას მოხსნილია, მოცილებულია ან/და განადგურებულია ა) ერთობლივად მავთულხვია და საბაჟო დამღა ბ) ერთობლივად ქანჩსაქაჩი მოწყობილობები და საბაჟო დამღა გ) საკეტ- საპლომბი მოწყობილობა დ) ღიაა კარები - საბაჟო ორგანოს მიერ შემსყიდველისადმი (სს „…“) პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი, ანუ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. ამავე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 9.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უპირობოდ აანაზღაუროს ხელშეკრულების N5 დანართში აღნიშნულ ობიექტებზე შემსყიდველის მიერ აღმოჩენილი ქურდობით გამოწვეული მატერიალური აქტივების დანაკლისი საბაზრო ფასის გათვალისწინებით და დაზიანებული ნივთის საბაზრო ღირებულება, გარდა ,,ფორსმაჟორული“ სიტუაციებით მიყენებული ზარალისა. ამავე ხელშეკრულების 9.2. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია უპირობოდ (უაქცეპტო ფორმით) გამოქვითოს მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი თანხიდან 9.1. პუნქტში მითითებული მიზეზით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, მიმწოდებლისათვის წერილობითი პრეტენზიის წარდგენიდან ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ.

საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარეთა მიერ სადავო არ არის ის გარემოება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დასაცავ ... ობიექტებზე 2016 წლის მარტის თვეში განხორციელებული ქურდობისა და ასევე აპრილის თვეში ... ობიექტებზე სსიპ საცვის პოლიციის დეპარტამენტის მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების გამო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე სს „…სათვის“ მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა მთლიანობაში შეადგინა 14 652 ლარი და 72 თეთრი, რაც სს „…ის“ მიერ გამოიქვითა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადასახდელი მომსახურების საფასურიდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. 2015 წლის 2 ივლისს სს „…სა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმებული №1/2554 ხელშეკრულება, ზემოაღნიშნული მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლის დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას მოსარჩელისათვის სრულად არ გადაუხდია 2015 წლის 2 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრული დაცვის მომსახურების საფასური და განახორციელა მისი გაქვითვა 2016 წლის მარტის თვეში ხაშურისა და თბილისის სალოკომოტივო დეპოში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ობიექტების ძარცვისა და ტვირთის დაზიანება/ დაკარგვის ასევე სს „…ის“ მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის შედეგად სს ,, …სათვის“ მიყენებული მატერიალური ზარალის გათვალისწინებით. მხარეთა შორის არსებითად სადავოს წარმოადგენს ის გარემოება ჰქონდა თუ არა მოპასუხე მხარეს უფლება დაცვის მომსახურების გაწევისათვის მოსარჩელისათვის გადასახდელი საფასურიდან უპირობოდ (უაქცეპტო ფორმით) გამოექვითა სხვადასხვა სადგურებზე მომხდარი ქურდობების შედეგად მისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 2 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 9.3 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი ან არაკეთილსინდისიერი შესრულების გამო შემსყიდველისათვის მიყენებულ ზიანს სრულად ანაზღაურებს მიმწოდებელი. ამავე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-4 მუხლის 4.16 პუნქტის თანახმად, საბაჟო ორგანოს მიერ სს „…ის“ მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში, მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი (სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამავე ხელშეკრულების 3.5.5. და 9.1 პუნქტების შინაარსზე, რომელიც განსაზღვრავს მიმწოდებლის-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ვალდებულებას უპირობოდ აანაზღაუროს ხელშეკრულების N5 დანართში აღნიშნულ ობიექტებზე შემსყიდველის მიერ აღმოჩენილი მატერიალური აქტივების დანაკლისი, საბაზრო ფასის გათვალისწინებით და დაზიანებული ნივთის საბაზრო ღირებულება, გარდა „ფორსმაჟორული“ სიტუაციებით მიყენებული ზარალისა. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში როდესაც ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე, მათ შორის შესაბამისი პირობების დადგომისას სს „…ის“ მიერ მისთვის მიყენებული ზარალის უაქცეპტო წესით გაქვითის უფლებამოსილებაზე, სააპელაციო პალატის მჯელობა სს „…ის“ მიერ შეგებებული სარჩელის არარსებობის გამო, გამოქვითული თანხის დაკისრების თაობაზე, არ შეესაბამება მხარეთა მიერ ხელმოწერილ შელშეკრულებას, რომლის კანონიერება არ არის სადავო და მხარეები არ მიუთითებენ მისი სრულად ან ნაწილობრივ ბათილობის შესახებ.

განსახილველ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევა, ხელშეკრულების მხარემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების საფუძველზე, განსაზღვრული ობიექტების დაცვა, რის შედეგადაც სს „…ს“ მიადგა მატერიალური ზიანი. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 2 ივლისის ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, სს „…“ უფლებამოსილი იყო უაქცეპტო წესით გამოექვითა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადასახდელი თანხებიდან მიყენებული ზიანის ოდენობა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა - სს „…მ“ 2015 წლის 2 ივლისის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად, დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო მის მიერ მოსარჩელისათვის მომსახურების საფასურის არასრულად ჩარიცხვას, ამდენად არ არსებობს მისთვის მოპასუხისათვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 14 652 ლარისა და 72 თეთრის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „…ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1318.75 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „…ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მოსარჩელე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სს „…ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - (586.11+732.64) - 1318.75 ლარის ანაზღაურება;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე