ბს-479-479 (კ-18) 31 იანვარი, 2019 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ტ-ამ 11.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ლ. ტ-ასათვის უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 09.03.2017წ. N… გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ლ. ტ-ასათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.07.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 09.03.2017წ. N… გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ტ-ასათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიუთითა, რომ შპს ,,…" მიერ სადაო აქტის გამოცემის მომენტისათვის სამეწარმეო საქმიანობის განუხორციელებლობა არ უნდა გამხდარიყო ადმინისტრაციულ ორგანოსათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის საფუძველი, რადგან შპს ,,…" მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2017 წლის 7 თებერვალიდან, ხოლო განცხადება ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წარდგენილია ამავე წლის 8 თებერვალს, შესაბამისად, რამოდენიმე დღეში ვერ დაფიქსირდებოდა აღნიშნული შპს-ს მიერ სამეწარმეო აქტივობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამეწარმეო აქტივობის დაწყება დიდწილად დამოკიდებულია მისი განმახორციელებლის ფიზიკურად საქართველოში კანონიერად ყოფნაზე. კასატორი არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ მსჯელობს და თვლის, რომ არ არის გაცნობიერებული ბინადრობის ნებართვის სამართლებრივი ბუნება, კერძოდ: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, უცხოელის საქართველოში კანონიერი ყოფნის საფუძვლები, სხვა საფუძვლებთან ერთად, არის საქართველოს ვიზა და ბინადრობის ნებართვა. ამასთან, საქართველოს მთავრობის 05.06.2015 N255 დადგენილებით დამტკიცდა იმ ქვეყნების ნუსხა, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა და 1 წლის განმავლობაში საქართველოში ყოფნა. უცხოელი, რომელიც სარგებლობს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 1 წლით ყოფნის უფლებით, ბინადრობის ნებართვას იღებს საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის საჭიროების არსებობის პირობებში. მოცემულ შემთხვევაში, ბინადრობის ნებართვის გაუცემლობის გამო, მოსარჩელის საქართველოში ყოფნის კანონიერების საკითხი არ იდგა პრობლემატურად, ვინაიდან ლ. ტ-ა, როგორც ბელორუსიის მოქალაქე, სარგებლობდა საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 1 წლის განმავლობაში ყოფნის უფლებით. ბინადრობის ნებართვის, როგორც გრძელვადიანი ყოფნის უფლების მოპოვება, უცხოელს სჭირდება მის მიერ დაწყებული სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად განსახორციელებლად, რაც მოცემული საქმის შემთხვევაში ვერ იქნა დადასტურებული. სასამართლოს მსჯელობის შედეგად სააგენტომ უნდა გასცეს შრომითი ბინადრობის ნებართვა ყველა იმ შემთხვევაში, თუ უცხოელს დაფუძნებული აქვს სამეწარმეო საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რეალურად ახორციელებს თუ არა საზოგადოება სამეწარმეო საქმიანობას. სასამართლო არასწორად განმარტავს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონს, რასთან დაკავშირებითაც კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გასაცემად, სახეზე უნდა იყოს 2 პირობის ერთობლიობა: 1) უცხოელი უნდა აკმაყოფილებდეს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს და 2) უცხოელის მიმართ არ უნდა არსებობდეს ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არასწორედ არის შეფასებული ბინადრობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, როგორც სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილება. ამდენად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობას აწესრიგებს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონი და საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი". ზემოაღნიშნული წესის მე-5 მუხლი ადგენს შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში წარსადგენ დოკუმენტების ჩამონათვალს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია დადგენილების 5.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც სააგენტოში წარსადგენად მოთხოვნილია მუშაობის ან სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აქვე კანონმდებელი აკეთებს დათქმას, რომ თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა. თუმცა გაურკვეველია, აღნიშნული მუხლის სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენების მიზანი, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანო მსჯელობს არა მოსარჩელის შემოსავლის წყაროსა და მის დამადასტურებლად საჭირო დოკუმენტებზე, არამედ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს არ უფიქსირდება სამეწარმეო აქტივობა. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მითითებულია "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის მე-15 მუხლი, რომელიც ზოგადი შინაარსისაა და ადგენს შრომითი ბინადრობის გაცემის შესაძლებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტული შემთხვევები კი რეგულირებულია ზემოაღნიშნული კანონის მე-18 მუხლით, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო მიღებულ გადაწყვეტილებაში არ მიუთითებს აქვს თუ არა მე-18 მუხლით დადგენილ რომელიმე გარემოებას ადგილი. აღსანიშნავია, ასევე რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 18.02.2017წ. წერილი, რომელიც არ შიცავს საიდუმლო ინფორმაციას და რომლითაც სააგენტოს პირდაპირ ეცნობა ლ. ტ-ასათვის "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლების არ არსებობის შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ის გარემოება, რომ მოსარჩელის წილობრივი მონაწილეობით არსებულ შპს-ს არ უფიქსირდება სამეწარმეო აქტივობა, არ უნდა გამხდარიყო გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი საფუძველი, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გადასაწყვეტად, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თავად შეუძლია შეაგროვოს და გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2018წ. განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.04.2018წ. N08993 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი