№ბს-1125(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 4 იანვარს ა. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 28 ნოემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მოითხოვა პენიტენციური დირექტორის 2016 წლის 27 ოქტომბრის #20774 ბრძანებისა და მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2016 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. აღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში არსებული ინფორმაციის საფუძველზე განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი, რაც კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან, აღნიშნული გადაწყვეტილებით არ არის გამოკვლეული, რამდენად არსებობდა გადაწყვეტილების საფუძვლისათვის დასაბუთებეული გარემოებები. მოსარჩელის მითითებით, გადაწყვეტილება მიღებულია ისეთი კანონის დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, კერძოდ, „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,საშიშროების მაღალი რიკის მქონეა მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისთვის, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით არის მაღალი“. მე-4 მუხლში ჩამოთვლილ მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმების თანახმად, 1) მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროებით, საფრთხე უნდა ექმნებოდეს ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, რასაც ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მხრიდან, 2) ასევე ამავე წესის მე-4 მუხლის საფუძველზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთოდ არ გამოუკვლევია წახალისების/დისციპლინური სახედელის/ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების კრიტერიუმები, რითიც ირღვევა პატიმრობის კოდექსის 66 პრიმა ორი მუხლი, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილების საფუძვლიდან არ დასტურდება თუ რატომ არის მსჯავრდებული შეფასებული საშიშროების მაღალი რისკის მატარებლად, ასევე გაურკვეველია, რა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი სხვა რა სახის ქცევა უქმნის ან შეიძლება შეუქმნას მნიშვნელოვანი საფრთხე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, ასევე თუ არსებობდა 66 პრიმა ორი მუხლით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2016 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 27 ოქტომბრის #20774 ბრძანებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 6 დეკემბრის N MOC 4 16 00992888 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 27 ოქტომბრის #20774 ბრძანება და მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2016 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება. მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 6 დეკემბრის N MOC 4 16 00992888 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდ; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2016 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, მსჯავრდებულთა რისკის შეფასების გუნდმა სხდომაზე განიხილა მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მსჯავრდებულ ა. გ-ის შესახებ.
მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა დაადგინა, რომ მსჯავრდებული ა. გ-ი არის წარსულში თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტების მქონე; უკმაყოფილებას გამოთქვამს პენიტენციური დააწესებულების შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულებაზე; არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმების ან სასწავლო პროგრამებში; მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი, ან წახალისებული არ ყოფილა; არის ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ აქტიური მიმდევარი, პატივს სცემს ე.წ. „ქურდული“ სამყაროსა და იდეოლოგიის მიმდევარ მსჯავრდებულთა მასას, საჭიროების შემთხვევაში აღუთქვამს მათ თანადგომას, შეუძლია მსჯავრდებულთა მასის აყოლიება, მისგან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენა; უკმაყოფილებას გამოხატავს დაწესებულებაში არსებული რეჟიმის გამო, იგი არის ემოციურად არასტაბილური, აგრესიული და თვითდაზიანების მიდრეკილების მქონე. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულის ა. გ-ის საშიშროების რისკის სახედ განისაზღვროს - მაღალი. იმავე საოქმო გადაწყვეტილებით გუნდმა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს რეკომენდაცია გაუწია მსჯავრდებულ ა. გ. გ-ი განთავსებული იქნეს მისი რისკის შესაბამის დაწესებულებაში; ოქმი არ არის ხელმოწერილი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2016 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმით კი დგინდება, რომ მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდმა სხდომაზე განიხილა მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მსჯავრდებულ ა. გ-ის შესახებ.
2016 წლის 26 ოქტომბრის ოქმის შინაარსით ირკვევა, რისკების შეფასების გუნდმა დაადგინა, რომ მსჯავრდებული ა. გ-ი არის წარსულში თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტების მქონე; უკმაყოფილებას გამოთქვამს პენიტენციური დააწესებულების შინაგანაწესის მითხოვნათა შესრულებაზე; არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმების ან სასწავლო პროგრამებში; მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი, ან წახალისებული არ ყოფილა; არის ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ აქტიური მიმდევარი, პატივს სცემს ე.წ. „ქურდული“ სამყაროსა და იდეოლოგიის მიმდევარ მსჯავრდებულთა მასას, საჭიროების შემთხვევაში აღუთქვამს მათ თანადგომას, შეუძლია მსჯავრდებულთა მასის აყოლიება, მისგან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენა; უკმაყოფილებას გამოხატავს დაწესებულებაში არსებული რეჟიმის გამო, იგი არის ემოციურად არასტაბილური, აგრესიული და თვითდაზიანების მიდრეკილების მქონე.
2016 წლის 26 ოქტომბრის ოქმის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულის ა. გ-ის საშიშროების რისკის სახედ განისაზღვროს - მაღალი. იმავე საოქმო გადაწყვეტილებით რისკის შეფასების გუნდმა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს რეკომენდაცია გაუწია მსჯავრდებულ ა. გ. გ-ი განთავსებული იქნეს მისი რისკის შესაბამის დაწესებულებაში. ოქმი ხელმოწერილია.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 27 ოქტომბრის #20774 ბრძანებით, მსჯავრდებულ ა. გ-ს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებული იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #6 პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძვლად მითითებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2016 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი.
ა. გ-მა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 27 ოქტომბრის (საჩივარში მითითებულია 28.10.2016 წლის ბრძანება) #20774 ბრძანება და მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2016 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 6 დეკემბრის MOC 4 16 00992888 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ა. გ-ს უარი ეთქვა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 27 ოქტომბრის #20774 ბრძანებისა და მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2016 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმის ბათილად ცნობაზე, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის უფროსის 2017 წლის 24 აპრილის N MOC 7 17 00303668 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის სხდომის შესაბამისი ოქმები მომზადდა 2016 წლის 25 ოქტომბერს, რომელიც გაუქმდა და ხარვეზით იქნა უკან დაბრუნებული, ხოლო ოფიციალური მსვლელობა გუნდის უფროსის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვაში სხდომის ოქმებს მიეცა 2016 წლის 26 ოქტომბერს; გამომდინარე აქედან შეცდომა, რომელზეც აღნიშნულია სამსახურებრივ ბარათში, გამოწვეული იქნა ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზით.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა სათანადოდ განმარტებული და დოკუმენტურად დადასტურებული ის გარემოება, თუ რამ განაპირობა ორი განსხვავებული თარიღისა და განსხვავებული შემადგენლობის გუნდის მიერ ოქმების მომზადების საჭიროება; რა საჭიროებას წარმოადგენდა 2016 წლის 26 ოქტომბრის ოქმის პროექტის წინასწარ 25 ოქტომბერს მომზადება, რაში გამოიხატება „ხარვეზით უკან დაბრუნება“; ასევე, რას ნიშნავს „ოფიციალური მსვლეობის“ მიცემა ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაში 2016 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც მოსარჩელეს უშუალოდ ჩაბარდა 2016 წლის 25 ოქტომბრის ხელმოუწერელი ოქმი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები; პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ შეძლო აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოებში წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა შემდგომ ა. გ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. გაურკვევლია რა არგუმენტაციაზე დაყრდნობით განსაზღვრა მოსამართლემ, რომ აღნიშნულ საქმეში არსებობდა ორი სხდომის ოქმი, როდესაც სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, 2016 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი იყო ხელმოუწერელი, მას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა; შეცდომით, ტქნიკური ხარვეზის გამო სხდომის ოქმის პროექტის გადაგზავნა მოხდა მხარისათვის, რომელსაც არ ჰქონდა ხელისმოწერა, თუმცა რატომ იქონია ამ გარემოებამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე გავლენა სამინისტროსთვის უცნობია.
პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო 2016 წლის 26 ოქტომბრის მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომის ოქმს (აღნიშნული მითითებულია ბრძანებაშიც), რომელიც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის მიერ მოხდა პროცედურული საკითხების დარღვევა, თუმცა ვერ მიუთითებს და არც არსად არ ასაბუთებს რა პროცედურა იქნა დარღვეული გადაწყვეტილების მიღების დროს. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადგილი ჰქონდა უბრალოდ დოკუმენტის პროექტის შეცდომით გადაგზავნის ფაქტს.
კასატორის მითითებით, სასამართლოს არ გააჩნდა თავისუფალი დისკრეცია მტკიცებულებების გარეშე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მხოლოდ ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული შეცდომის გამო დაეკმაყოფილებინა სარჩელი, როდესაც საქმეზე წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ მსჯავრდებულთა რისკების გუნდის მიერ გამოკვლეული თითოეული ფაქტი შეესაბამება სინამდვილეს, წარდგენილი იქნა სასამართლოსთვის ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად, მათ შორის საიდუმლო ოპერატიული ინფორმაციაც, რაც გახდა საფუძველი გასაჩივრებული აქტის გამოცემის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 27 ოქტომბრის №20774 ბრძანების, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 6 დეკემბრის N MOC 4 16 00992888 გადაწყვეტილებისა და ასევე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2016 წლის 26 ოქტომბრის (25 ოქტომბრის) სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2016 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი და ამავე ჯგუფის 2016 წლის 25 ოქტომბრის ოქმი, რომელიც გამოცემულია ა. გ-ის მიმართ და შინაარსით იდენტურია, სასამართლოს მსჯელობა პირველ რიგში, შეეხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 27 ოქტომბრის №20774 ბრძანების მიღების საფუძვლის - მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის ოქმების კანონიერებას.
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესით“ დადგენილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცედურა შეიცავს წესებს, რომლის მიხედვითაც ხდება მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასება. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი) და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. მე-12 მუხლი არეგულირებს გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს, რომლის თანახად, გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის მიზნით მართავს სხდომას, რომელზეც განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას. სხდომაზე იწარმოება სხდომის ოქმი, რომელშიც ფიქსირდება თითოეული წევრის ხმა და მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს გუნდის უფროსი (მე-12.3. მუხლი, 2016 წლის 25 და 26 ოქტომბრის ოქმების შედგენის დროს მოქმედი რედაქცია). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება ხდება ოქმის საფუძველზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ცენტრალური აპარატის დირექტორის მიერ 2017 წლის 01 თებერვალს გაგზავნილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 27 ოქტომბრის №20774 ბრძანება და მსჯავრდებულთა რისკის შეფასების გუნდის 2016 წლის 25 ოქტომბრის, ხელმოუწერელი სხდომის ოქმი. აღსანიშნავია, რომ ამავე ბრძანებაში მის გამოცემის საფუძვლად მითითებულია არა მსჯავრდებულთა რისკის შეფასების გუნდის 2016 წლის 25 ოქტომბრის ოქმი, არამედ ამავე გუნდის 2016 წლის 26 ოქტომბრის ოქმი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოების მითითებას იმის შესახებ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა სათანადოდ განმარტებული და და დოკუმენტურად დადასტურებული ის გარემოება, თუ რამ განაპირობა ორი განსხვავებული თარიღისა და განსხვავებული შემადგენლობის გუნდის მიერ ოქმების მომზადების საჭიროება; რა საჭიროებას წარმოადგენდა 2016 წლის 26 ოქტომბრის ოქმის პროექტის წინასწარ 25 ოქტომბერს მომზადება, რაში გამოიხატება „ხარვეზით უკან დაბრუნება“; ასევე, რას ნიშნავს „ოფიციალური მსვლეობის“ მიცემა ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაში 2016 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც მოსარჩელეს უშუალოდ ჩაბარდა 2016 წლის 25 ოქტომბრის ხელმოუწერელი ოქმი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი