Facebook Twitter

№ბს-1221(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 4 ოქტომბერს გ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1997 წელს სახელმწიფომ იჯარით გადასცა დედოფლისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 150 ჰა საძოვარი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიძინა 2007 წელს, მასზე განთავსებული იყო დანგრეული ცხვრის სადგომი და მწყემსების სახლი. 2007 წლის 10 სექტემბრის აქტისადმი მას გააჩნდა კანონიერი ნდობა, კერძოდ, კაპიტალურად აღადგინა ცხვრის სადგომი, მწყემსების ბინა, ასევე გაიყვანა საძოვრამდე მისასვლელი გზა 1 კმ მანძილზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 19 აგვისტოს ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი გ. რ-ზე 2007 წლის 10 სექტემბერს გაცემული უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №2315, რითაც მას წაერთვა კანონიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ყოველგვარი განმარტების და დასაბუთების გარეშე. ბათილად ცნობის საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი მოექცა ... ეროვნული პარკის საზღვრებში, რითიც ირღვეოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები. მოსარჩელის მითითებით, იგი ამ ზონაში არ ეწეოდა დაცული ტერიტორიების სპეციფიკისგან განსხვავებულ სამეურნეო საქმიანობას. აძოვებდა ცხვარს ზამთრის პერიოდში. მოსარჩელე ბრძანებას კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში არ არის მითითებული აქტის ბათილობით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სადავო ბრძანებით, მას უკან უნდა დაუბრუნდეს მხოლოდ გადახდილი თანხა, რაც არასწორადაა დაანგარიშებული, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით საძოვრის ფასი ერთ ჰექტარზე გაზრდილია და მთლიანობაში შეადგენს 20250 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 19 აგვისტოს №1-1/224 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით გ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტროს 2013 წლის 19 აგვისტოს №1-1/224 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება და საქმე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 31 მარტის მდგომარეობით ქალაქ დედოფლისწყაროში, ... 150 ჰა (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

2007 წლის 3 სექტემბერს გ. რ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს და მოითხოვა მასზე იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პრივატიზება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2007 წლის 10 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ გ. რ-ზე გაიცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №2315, დედოფლისწყაროს რაიონის ტერიტორიაზე, ... 150 ჰა სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

2007 წლის 19 სექტემბერს ქალაქ დედოფლისწყაროში, ... 1500000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №..., განცხადების რეგისტრაციის №...) დარეგისტრირდა გ. რ-ის საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - 2007 წლის 10 სექტემბრის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №2315 ოქმის საფუძველზე. მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია დაუზუსტებელი სახით.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 19.03.2012წ. №11-08/258 წერილის თანახმად, გ. რ-ის საკუთრებაში არსებული 150 ჰა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) სრულად მდებარეობს ... ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 19 აგვისტოს №1-1/224 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 10 სექტემბრის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №2315 შემდეგ საფუძვლებზე დაყრდნობით: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 19.03.2012წ. №11-08/258) წერილის თანახმად, გ. რ-ის საკუთრებაში არსებული 150 ჰა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) სრულად მდებარეობს ... ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, 2007 წელს მოქმედი (როდესაც მოხდა გ. რ-ზე მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №2315 ოქმის გაცემა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით) აწესრიგებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრივატიზებას ექვემდებარებოდა იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დაცული ტერიტორიების მიწა. დღეს მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვითაც, პრივატიზებას არ ექვემდებარება ეროვნული პარკი. ამასთან, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლისა და აღკვეთილის ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსები მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. განსახილველ შემთხვევაში კი საქმის მასალებით, კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 19.03.2012წ. №11-08/258 წერილის შესაბამისად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. რ-ის საკუთრებაში არსებული 150 ჰა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) სრულად მდებარეობს ... ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ... ეროვნული პარკი კი, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2006 წლიდან არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და მისი გაყიდვა არ უნდა მომხდარიყო. ამასთან, იმ დროს საჯარო რეესტრი ვერ ადგენდა გ. რ-ზე გადაცემული მიწის ნაკვეთისა და ... ეროვნული პარკის ტერიტორიის იდენტურობას ელექტრონული რეგისტრაციის არ არსებობის გამო და სწორედ ამის გამო შეცდომით მოხდა გ. რ-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგებოდა მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას და სწორად იქნა იგი ბათილად ცნობილი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო ოქმი №2315 წარმოადგენდა არა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რის გამოც სამინისტროს არ ჰქონდა მისი ცალმხრივად მოშლის უფლება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან სადავო ოქმი №2315 ეწინააღმდეგებოდა მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას და ამ ოქმით უკანონოდ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ... ეროვნულ პარკს მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის გასხვისება, რასაც კატეგორიულად კრძალავდა და დღესაც კრძალავს საქართველოს კანონმდებლობა, ამიტომ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო (სამინისტრო) ვალდებული იყო მოეხდინა ამ ოქმის გაუქმება, მიუხედავად იმისა, იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თუ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. რ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მან კანონიერად შეიძინა საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროსგან ნაკვეთი და მას აქვს კანონიერი ნდობა იმ ადმინისტრაციული აქტის მიმართ, რომლითაც მიენიჭა ამ ნაკვეთზე საკუთრების უფლება.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ვერ გააბათილა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და შემოიფარგა ზოგადი განმარტებებით, რომ დაზიანდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები; ვერ გააბათილა ის არგუმენტი, რომ ყიდვა-გაყიდვა არის ორმხრივი ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების ცალმხრივად, ერთპიროვნულად შეცვლა დაუშვებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. რ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, 2007 წელს სადავო აქტის გამოცემის დროს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკაშირებული ურთიერთობები წესრიგდებოდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით (ძალადაკარგულია ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით). მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრივატიზებას ექვემდებარებოდა იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დაცული ტერიტორიების მიწა. ანალოგიური დათქმაა დღეს მოქმედ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვითაც, პრივატიზებას არ ექვემდებარება ეროვნული პარკი.

კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 19.03.2012წ. №11-08/258 წერილით დგინდება, რომ გ. რ-ის საკუთრებაში არსებული 150 ჰა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) სრულად მდებარეობს ... ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ... ეროვნული პარკი კი, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2006 წლიდან არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და მისი გაყიდვა არ უნდა მომხდარიყო. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ვინაიდან სადავო ოქმი №2315 ეწინააღმდეგებოდა მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას და ამ ოქმით უკანონოდ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ... ეროვნულ პარკს მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის გასხვისება, რასაც კატეგორიულად კრძალავდა და დღესაც კრძალავს საქართველოს კანონმდებლობა, შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანო (სამინისტრო) ვალდებული იყო მოეხდინა ამ ოქმის გაუქმება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. რ-ს საკასაციო საჩივარზე 05.09.2018წ. №5146907365 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. რ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

3. გ. რ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.09.2018წ. №5146907365 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი