Facebook Twitter

№ბს-1284(კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 9 აგვისტოს თ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 26 აპრილს ჩააბარა ბოსტონის უნივერისტეტში განვითარებადი მედიის შესწავლის სამაგისტრო პროგრამაზე. უნივერსიტეტმა მაღალი აკადემიური მოსწრების გამო მისცა სტიპენდია 22 000 აშშ დოლარი. დარჩენილი თანხისა და საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსების მიზნით მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის სხდომის №1 ოქმით დამტკიცდა სასტიპენდიო პროგრამის კონკურსის მეორე ეტაპის შეფასების ფორმები. ასევე განისაზღვრა კონკურსის მესამე ეტაპზე შესაფასებელი კომპონენტები. კონკურსის მეორე ეტაპზე პირველი 4 კომპონენტის შეფასება ხდება ქულობრივი სპექტრით 0-5, ხოლო მეორე კომპონენტის შეფასება - ქულობრივი სპექტრით 0-10. მესამე ეტაპზე პირველი 6 კომპონენტის შეფასება ხდება ქულობრივი სპექტრით 0-5, მე-7 კომპონენტის - 0-10. საკონკურსო კომისიის 2017 წლის 28 ივნისის №2 სხდომის ოქმის მიხედვით, თ. კ-ი დაშვებულ იქნა კონკურსის მესამე ეტაპზე, იმ დროისთვის მისი მიმართულებით იყო 11 მოწინავე კონკურსანტს შორის.

საკონკურსო კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმის მიხედვით სოციალური მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გამოეყო 10 კონკურსანტს, რომელთა შორისაც მოსარჩელე ვერ მოხვდა, ვინაიდან, სოციალური მიმართულებით საერთო რეიტინგში იყო მე-19 ადგილზე. 2017 წლის 14 ივლისს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა უარი მისწერა დაფინანსებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა შეაფასა ჯამური 65 ქულით, აქედან გასაუბრებაზე სრულად 29 ქულა დაუწერეს იმ კომპონენტებზე, რომელთა შესახებ კომისიის წევრებს მისთვის შეკითხვები არ დაუსვამთ.

ამდენად, მოსარჩელემ თ. კ-ის მიმართ სასტიპენდიო პროგრამა: „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მესამე ეტაპის გადალახვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების, ასევე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა: „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის 2017 წლის 12 ივლისის სხდომის №8 ოქმის თ. კ-ის მიმართ სწავლის საფასურისა (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა: „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიისთვის თ. კ-ის კანდიდატურის, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ხელახლა შეფასებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თ. კ-ის მიმართ სწავლის საფასურისა (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსების ნაწილში გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება თ. კ-ის მიმართ სასტიპენდიო პროგრამა: „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მესამე ეტაპის გადალახვაზე უარის თქმის შესახებ, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა: „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის 2017 წლის 12 ივლისის სხდომის ოქმი №8 თ. კ-ის მიმართ სწავლის საფასურის (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ-ი მონაწილებდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018-ის“ სასტიპენდიო კონკურსში. კონკურსის მე-2 ეტაპზე თ. კ-მა მიიღო - 36 ქულა (საშუალო), ხოლო მე-3 ეტაპზე (გასაუბრება) 29 ქულა (საშუალო). ამასთან, გასაუბრების ეტაპზე (მე-3 ეტაპი) მოსარჩელემ შეფასება მიიღო ყველა კრიტერიუმში, კერძოდ, თითოეულ კრიტერიუმში საშუალო ქულა მერყეობდა 2.7-დან 5-ის ჩათვლით. ჯამში თ. კ-ის შეფასებამ შეადგინა 65 ქულა და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მიხედვით საბოლოო სარეიტინგო სიაში მე-19 ადგილი დაიკავა. შედეგად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 14 ივლისის წერილით თ. კ-ს ეცნობა, რომ ვერ გადალახა სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მესამე ეტაპი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. ამავე ბრძანების თანახმად, საკონკურსო კომისია: ა) კონკურსანტთა შერჩევის მიზნით შეიმუშავებს და ამტკიცებს შეფასების კრიტერიუმებსა და ფორმებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე, მათ შორის კვოტებისა და ქულობრივი ზღვრის დადგენის შესახებ, ასევე უფლებამოსილია კონკურსანტისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა; გ) გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით განიხილავს და აფასებს კონკურსანტის საკონკურსო ელექტრონულ განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტაციას, მათ შორის ინგლისურ ენაზე, შედგენილს; დ) იღებს გადაწყვეტილებას შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, საკონკურსო კომისია კონკურსანტის შეფასებას და შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენას ახორციელებს ამავე კომისიის მიერ კონკურსანტთა შერჩევის მიზნით შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებისას უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების ვალდებულებაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოცემული აქტი იყოს არგუმენტირებული, დასაბუთებული და მხარისათვის გასაგები, რათა შესაძლებელი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერების გადამოწმება და დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეცდომის დაშვება გამოირიცხოს. სადავო აქტი კი მსგავს დასაბუთებას არ შეიცავს. შესაბამისად, პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გასაუბრების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტი ან სხვა სახის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სადავო აქტის დასაბუთებულობის, კანონიერების შემოწმება და შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელება. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა თუ როგორ შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, დისკრეციული უფლებამოსილების არსიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისია მისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად არ იყო უფლებამოსილი ეწარმოებინა გასაუბრების აუდიოვიზუალური ჩაწერა, შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრუნულ სისტემაში წარმოებული შეფასების დოკუმენტი წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას, რომლის წარმოდგენაც ცენტრს შეეძლო და წარადგინა კიდეც და რომლითაც დასტურდება, რომ საკონკურსო კომისიის წევრების მიერ მოსარჩელე შეფასდა დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით შესაბამისი ქულობრივი ზღვრების ფარგლებში. საკონკურსო კომისიის არც ერთი მარეგულირებელი აქტი არ ადგენს საკონკურსო პროცედურის აუდიოვიზუალური ჩანაწერის გაკეთების ან გასაუბრებისას დასმული კითხვების ოქმში გაწერის ვალდებულებას.

კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილების მისაღებად დასმული შეკითხვების მიზანშეწონილობის შეფასებას, რადგან იგი ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და არ ფასდება კანონთან მიმართებაში. კანონმდებელმა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის გაითვალისწინა შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება მას მიანდო. მისი წევრების გადაწყვეტილებების, სამუშაო პროცესში დასმული შეკითხვების შინაარსისა და მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი საკონკურსო კომისიის და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს არაეფექტურობას გამოიწვევდა. აქედან გამომდინარე, მაშინაც კი საკონკურსო პროცესის აუდიოვიზუალური ჩაწერა ან ოქმში დაფიქსირება რომ განხორციელებულიყო, სასამართლო არ იქნებოდა უფლებამოსილი შეემოწმებინა საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტისათვის დასმული კითხვის რელევანტურობა შესაფასებელ კრიტერიუმებთან მიმართებით და კითხვის შინაარსისა თუ ფორმულირების მიზანშეწონილობა. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვინაიდან არასწორი იქნებოდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის დისკრეციის განხორციელების მართლზომიერებასთან გაიგივება. სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, თუმცა უფლებამოსილი და ვალდებულია შეამოწმოს დისკრეციის განხორციელების მართლზომიერება და დაასაბუთოს, რატომ არის დისკრეციის ფარგლებში გამოცემული გადაწყვეტილება არამართლზომიერი, თუმცა აღნიშნულს არ ასაბუთებს არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლო. კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში ფართოდ არის განმარტებული ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცების ტვირთი და მიღებული გადაწყვეტილება ემყარება მხოლოდ იმ არგუმენტს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარადგინა ის მტკიცებულებები, რომელთა წარმოდგენაც მას ობიექტურად არ შეეძლო.

მოსარჩელის განმარტებით, შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს კომისიის მიერ კონკურსის ჩატარება დადგენილი წესის დარღვევით, ხოლო საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პროცესში გამოთქმული მოსაზრებების და დასმული კითხვების მიზანშეწონილობა, შესაბამისი ქულის ასახვა თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებაში, წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესს, საბოლოო შედეგების შეჯამებამდე.

კასატორი თვლის, რომ მოსარჩელესთან მიმართებით კომისიამ გამოიკვლია ყველა საკითხი, დადგენილი წესით შეაფასა განაცხადი და გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის სრული დაცვით.

ამასთან, კასატორის მითითებით, სხდომა ჩატარდა აპელანტის დასწრების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასამართლოში წინასწარ წარდგენილ იქნა არგუმენტირებული შუამდგომლობა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და სასამართლო სხდომა ჩატარდა მართლმსაჯულების ძირითადი - სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და ადმინისტრაციული პროცესის ზეპირობის პრინციპების დარღვევით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №14-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ №1 დანართის შესაბამისად. ამავე ბრძანებით გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ამასთან, კონკურსანტთა განაცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - app.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით. კონკურსანტთა განაცხადების მიღების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 28 აპრილიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით. მითითებული ბრძანების №1 დანართის შესაბამისად, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეეძლოთ მოეპოვებინათ დაფინანსება და სწავლა გაეგრძელებინათ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. დაფინანსება გაიცემოდა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალობის პრინციპის დაცვით. გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა საკონკურსო კომისია, რომელსაც მიენიჭა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებისა და შეფასების ფორმების შემუშავებისა და დამტკიცების უფლებამოსილება.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (10 კომისიის წევრი) და განისაზღვრა კომისიის საქმიანობის წესი. აღნიშნული ბრძანების 3.4. პუნქტით დადგინდა, რომ საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამოუკიდებლად შეაფასებდა კონკურსანტებს, ხოლო გამარჯვებულის გამოსავლენად კომისია გადაწყვეტილებას მიიღებდა კონკურსანტის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული ქულობრივი შეფასების საფუძველზე. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავჯდომარე.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის საკონკურსო კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმით, კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით დამტკიცდა შეფასების ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად. აღნიშნული დანართი №2 მოიცავდა როგორც კონკურსის მეორე (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (მოტივაცია, მიმართულების/დარგის ცოდნა, გამოცდილება, საზოგადოებრივი ხედვა, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები), ასევე, კონკურსის მესამე (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს. მესამე ეტაპზე (გასაუბრება) კონკურსანტის შეფასების კომპონენტებს წარმოადგენდა: 1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტულობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობის/ების შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლის უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში); 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში როგორც საერთაშორისო სტუდენტი?); 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე). მესამე ეტაპზე კონკურსანტის მაქსიმალური შეფასება განისაზღვრა 50 ქულით და დადგინდა, რომ პირველი 6 კომპონენტის შეფასება ხდება ქულობრივი სპექტრით 0-5, მე-7 კომპონენტის შეფასება - ქულობრივი სპექტრით - 0-10 კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

დადგენილია, რომ თ. კ-ი მონაწილებდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018-ის“ სასტიპენდიო კონკურსში. კონკურსის მე-2 ეტაპზე თ. კ-მა მიიღო - 36 ქულა (საშუალო), ხოლო მე-3 ეტაპზე (გასაუბრება) 29 ქულა (საშუალო). ამასთან, გასაუბრების ეტაპზე (მე-3 ეტაპი) მოსარჩელემ შეფასება მიიღო ყველა კრიტერიუმში, კერძოდ, თითოეულ კრიტერიუმში საშუალო ქულა მერყეობდა 2.7-დან 5-ის ჩათვლით. ჯამში თ. კ-ის შეფასებამ შეადგინა 65 ქულა და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მიხედვით საბოლოო სარეიტინგო სიაში მე-19 ადგილი დაიკავა. შედეგად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 14 ივლისის წერილით თ. კ-ს ეცნობა, რომ ვერ გადალახა სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მესამე ეტაპი.

„სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის -„საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. ამავე ბრძანების თანახმად, საკონკურსო კომისია: ა) კონკურსანტთა შერჩევის მიზნით შეიმუშავებს და ამტკიცებს შეფასების კრიტერიუმებსა და ფორმებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე, მათ შორის კვოტებისა და ქულობრივი ზღვრის დადგენის შესახებ, ასევე უფლებამოსილია კონკურსანტისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა; გ) გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით განიხილავს და აფასებს კონკურსანტის საკონკურსო ელექტრონულ განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტაციას, მათ შორის, ინგლისურ ენაზე შედგენილს; დ) იღებს გადაწყვეტილებას შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, საკონკურსო კომისია კონკურსანტის შეფასებას და შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენას ახორციელებს ამავე კომისიის მიერ კონკურსანტთა შერჩევის მიზნით შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.

ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიონ რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან და არა თავად განუსაზღვრო ორგანოს რამდენიმე ალტერნატიული ღონისძიებიდან რომელი უნდა გამოიყენოს. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვრცელდება იმ მასშტაბით, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებებს და აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ იქნა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა გასაუბრების მიმდინარეობას, დასმულ შეკითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს, სასამართლოს ართმევს გასაუბრების პროცესის ანალიზის, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და სადავო აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისად გამოცემის დადგენის შესაძლებლობას. ამავდროულად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, საკონკურსო პროცედურის წარმოების პროცედურა მკვეთრად გაწერილი არ არის შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მაგრამ გასაუბრების ოქმის დანიშნულებას და მისი წარმოების სამართლებრივ მიზანს წარმოადგენს სწორედ გასაუბრების მსვლელობის აღწერა და იმ ფაქტების დეტალიზაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სადავო აქტის დასაბუთებულობის კანონიერების შემოწმება და შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელება.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მათი დასწრების გარეშე განხილვის თაობაზე და განმარტავს, რომ სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. საქმეში წარმოდგენილია სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, იმ მოტივით, რომ იგი სასამართლო სხდომის დღეს იმყოფებოდა შვებულებაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა წარდგენილი შაუმდგომლობა და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ ვინაიდან, აღნიშნული საქმე დავის არსიდან გამომდინარე სწრაფად განსახილველი საქმეა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს დაინტერესების შემთხვევაში შეეძლო სხვაგვარად უზრუნველეყო წარმომადგენლის გამოცხადება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი