Facebook Twitter

№ბ-342-3(ა-19) 21 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ვ. კ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა ადმინისტრაციული საქმე №ბს-702-688(კ-კს-14) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინების საკასაციო საჩივრით განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინება.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი, ყოფილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ნინოწმინდის განყოფილების მიერ შედგენილი 2001 წლის 25 ნოემბრის #1 აუქციონის ოქმისა და 2001 წლის 25 ნოემბრის #2 ხელშეკრულების - ნინოწმინდის რესტორან ,,...“ პრივატიზაციის შესახებ, ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.

2019 წლის 11 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ვ. კ-მა, რომელმაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2003 წლის 18 ივნისის #01/03-01-116 ბრძანების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განსჯადობის წესების დაცვით, უნდა გადაეცეს უფლებამოსილ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსჯადობის საკითხს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის მიერ განცხადება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის წესების დარღვევით, რადგან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილია ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არა აქვს მინიჭებული კომპეტენცია იმსჯელოს ვ. კ-ის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, ვ. კ-ი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვ. კ-ის განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ახალქალაქის რაიონული სასამართლო, რის გამოც ვ. კ-ი არასწორად მომართავს განცხადებით საკასაციო სასამართლოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. კ-ის განცხადება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეცეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობასა და მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილითა და 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ - ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი