#ბს-369(კ-19) 4 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 23 აპრილს ლ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 29 მარტის #02/18-0466 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოსათვის ლ. შ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში არაერთხელ ყოფილა წახალისებული კარგი ყოფაქცევისათვის, ასევე, დასაქმებულია სამეურნეო ნაწილში. მოსარჩელის განმარტებით, საბჭოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 29 მარტის #02/18-0466 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მოსარჩელე ლ. შ-თან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობის და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული, არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი, რომლის მიღწევასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ #17 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ლ. შ-ი ციხის ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად, ამასთან, საქმეში დაცული მასალებით და სასამართლოში წარმოდგენილი პოზიციის საფუძველზე იგი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თვლის, რომ დანაშაულის მიზანი მიღწეულია, მას სურს პატიოსანი შრომით არჩინოს ოჯახი. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული სურვილი გამყარებულია საქმეში დაცული მასალებით, კერძოდ, პატიმრობის მთელი დროის განმავლობაში მუშაობს, ირიცხება დაწესებულების სამეურნეო მომსახურებაში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელე წარსულში ნასამართლეობის მქონეა და ამასთან, მას ჩადენილი აქვს მძიმე ხასიათის დანაშაული, მიზანშეწონილი არ არის მისი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილზე, რომლის მიხედვით, გ. ხ-ა (მცხოვრები, ქ. თბილისი, ..., კორპ. #9ა, ბინა #12, პ/ნ ...) აცხადებს, რომ ცნობილია დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც ბრალდებულია ლ. ვ. შ-ი (დაბადებული 12.01.1993 წელს, პ/ნ ...). იგი, როგორც დაზარალებული, თანახმაა ბრალდებულ ლ. შ-თან განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, პირობით ვადამდე გათავისუფლების ჩათვლით. მან სრულად აინაზღაურა ზარალი, მოსარჩელის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და არც მომავალში ექნება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ქ. თბილისში, ..., ... ქუჩისა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების თხოვნა-დახასიათებაზე, რომლის მიხედვითაც, ისინი ბავშვობიდან იცნობენ ლ. ვ. შ-ს, ახასიათებენ დადებითად და თავდებში უდგებიან მას, რომ ვადაზე ადრე განთავისუფლების შემთხვევაში არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ასევე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე სასჯელის მოხდის პერიოდში ცხრამეტჯერ არის წახალისებული და არცერთხელ დასჯილი ციხის შინაგანაწესის დარღვევისათვის. იგი სასჯელის მოხდის მთელი პერიოდი მუშაობს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, იგი სპეციალობით არის ქსელის ადმინისტრატორი, დაპატიმრებამდე მუშაობდა სახელოსნოში, აღნიშნულ სახელოსნოს ფლობს მისი ბიძა და გათავისუფლების შემთხვევაში მას აქვს დასაქმების შემოთავაზება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცული მასალებით სახეზეა ყველა წინაპირობა მოსარჩელის რესოციალიზაციისა და საზოგადოებასთან ინტეგრირების მზაობასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია საბჭოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასების საფუძველზე საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირობით ვადამდე გათვავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს კომპეტენციას, მის დისკრეციულ უფლებამოსილებას კანონით დადგენილ ვადებში. მსჯავრდებულ ლ. შ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს შეუფასებელი არ დარჩენია არც ერთი კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღო თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, ყველა კრიტერიუმის მთლიანობაში გაანალიზებისა და შეფასების შემდგომ, საბჭოს მიზნებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და გამომდინარეობს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, ასევე გადაწყვეტილებაში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას. კასატორის მოსაზრებით, სასჯელის მიზნით მიღწევადობა არ წარმოადგენს საბჭოს გამოკვლევის საგანს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 29 მარტის #02/18-0466 გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. შ-ის შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას, სასამართლო იკვლევს, რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც, თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ მსჯავრდებული უნდა შეაფასოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის #138 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე და საბჭოს შეფასება უნდა შეესაბამებოდეს მითითებული დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.
გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას შესწავლილი არ იქნა ჩადენილი დანაშაულის კონკრეტული მახასიათებლები, არ იქნა გამოკვლეული მოხდა თუ არა მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, რაც ქმნიდა იმის მტკიცების საფუძველს, რომ საბჭომ შეფასების კრიტერიუმების შესწავლა მოახდინა არასრულყოფილად, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი