საქმე №ბს-1011(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ს. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მესამე პირები - დ. ბ-ე, მ. ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ს-ემ 2017 წლის 2 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების - მ. ბ-ისა და დ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 221 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთის 1/4 ნაწილის დ. და მ. ბ-ეებზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით ს. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს. ს-ის სარჩელი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 იანვრის N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით) არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ს-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით ს. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ს-ემ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები არ დაინტერესდნენ საქმის წინა ისტორიით და მნიშვნელობა არ მიანიჭეს საქმეში არსებულ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას და მასში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლოებმა, საჯარო რეესტრის მსგავსად, არ მიაქციეს ყურადღება უფლებათა კონკურენციის საკითხს. აღნიშნულის გათვალისწინებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასა და შემდგომ განჩინებაში ისეა წარმოჩენილი საქმის ვითარება, რომ თითქოს მოსარჩელე მხარის შეგნებამდე არ დადის, რომ ცნობა-დახასიათება ან ტექნიკური პასპორტი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტია. არადა სასამარლოებს ახალი კანონმდებლობის და სასამართლოს პრაქტიკის არსებობის პირობებში მართებდათ საკითხის სწორად შეფასება და მხოლოდ ამ პოზიციიდან მოსარჩელის მიერ მითითებული საკითხის გაქარწყლება. არც საჯარო რეესტრს და არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ გამოუყენებიათ კანონი, რომელსაც ფორმალურად ეფუძნება საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, კერძოდ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 2016 წლის 3 ივნისის კანონი. კასატორი ყურადღებას განსაკუთრებულად მიაქცევს აღნიშნული კანონის გამოუყენებლობას, ასევე - სასამართლოთა მიერ იმის დასაბუთებისგან თავის არიდებას, თუ რამ განაპირობა ამ ნორმატიული აქტის გამოუყენებლობა იმ პირობებში, როცა საჯარო რეესტრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთლიანად ამ კანონს, რაც კასატორის მოსაზრებით მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ამ საქმისათვის, არამედ ზოგადად სასამართლოს პრაქტიკისთვისაც.
კასატორის მოსაზრებით სასამართლოებმაც და საჯარო რეესტრმაც არ გამოიყენეს ნორმები, რომელიც უნდა გამოყენებინათ, რადგან საჯარო რეესტრს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოეხდინა №1369211-3/071-16 საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიხედვით და საკითხი ხელახლა შეესწავლა გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მითითებების გათვალისწინებით. რეესტრმა მხოლოდ გააუქმა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ახალი სარეგისტრაციო წარმოება დაიწყო ახალი კანონმდებლობის, კერძოდ, 2016 წლის 31 ივლისიდან მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რის გამოც განზე დარჩა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების გამორკვევა-დადგენა. საჯარო რეესტრს ახალი ნორმები სასამართლოს მითითებათა შესაბამისად უნდა გამოეყენებინა, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც კასატორის მოსაზრებით მხოლოდ ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობდა საქმის გარემოებათა გამოკვლევას, არ უნდა გამხდარიყო ამ საქმეში მესამე პირთა უკანონო პოზიციის გამყარების საფუძველი. №1369211-3/071-16 საქმეზე 2016 წლის 29 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მხოლოდ გაუქმდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება და შემდგომ გამოჩენილი ტექნიკური პასპორტის საფუძველზე განხორციელდა ახალი რეგისტრაცია (აქვე შევნიშნავთ, რომ ამ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის საქმეში არ იყო ტექნიკური პასპორტი და ამოქმედებული არ იყო 2016 წლის 3 ივნისის საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის 31 ივლისს. ხსენებულის გათვალისწინებით კასატორი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 29 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე პასუხი არაა გაცემული.
კასატორის მოსაზრებით რეესტრს ასევე უნდა გაერკვია თუკი ახალი №... სარეგისტრაციო წარმოება ტექნიკური პასპორტის წარდგენის შემდეგ დაიწყო 2016 წლის 31 ივლისიდან მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რატომ არ განხორციელდა იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პროცედურა, რომლითაც „საპილოტე პროექტის ფარგლებში მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით“, რაც ასევე დადგენილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის იმავე სახელწოდების 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 ივლისის №150 ბრძანებით „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“. ცხადია, მოქმედი კანონმდებლობა სრულ შესაძლებლობას აძლევდა საჯარო რეესტრს გაერკვია ურთიერთშეუსაბამო დოკუმენტებიდან (ტექნიკური პასპორტიდან და მიღება-ჩაბარების აქტიდან) რომელი შეესაბამებოდა რეალობას და აღნიშნულის გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ ახალი ნორმით, მიღება-ჩაბარების აქტი უკვე მიიჩნევა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, განსხვავებით მართლზომიერი მფლობელობისაგან, რითაც უფლების განხორციელება დამოკიდებულია საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტში ასევე მოცემულია მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის დეფინიცია, რომლითაც „მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა - სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა“. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემულია მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის დეფინიცია - „მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, და ა.შ.“ ანუ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი კანონის მიზნებიდან გამომდინარე სხვაა, ხოლო მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი სხვა და ტერმინის სამართლებრივი გაგებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლებას მფლობელობის უფლებაზე მეტი იურიდიული ძალა უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა გასაჩივრებული რეგისტრაციის საფუძვლად არსებულ ტექ. პასპორტს არც ბეჭედი არ აქვს და საერთოდ გაურკვეველია ვინ აწერს ხელს და ვისი შედგენილია იგი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოებისა თუ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ სრულიად უადგილოა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებს წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ივლისის №376 დადგენილებაზე ან „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” 2007 წლის 11 ივლისის კანონზე მითითება, რადგან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით - ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 2016 წლის 3 ივლისის კანონს იერარქიულად უპირატესობა აქვს ზემოაღნიშნულ მთავრობის დადგენილებასთან, ხოლო მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით - „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 2007 წლის 11 ივლისის კანონთან, რაც არ გაითვალისწინეს სასამართლოებმა.
კასატორის მოსაზრებით ზემოაღნიშნულ გარემოებას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ამ საქმისათვის, არამედ ზოგადად სასამართლო პრაქტიკისათვის უფლებრივი კონკურენციისას დოკუმენტთა იურიდიული ძალის განსაზღვრისათვის, რაც არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არ გამოიყენეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი, რომლის პირველი ნაწილითაც „თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ“, ხოლო მე-4 პუნქტით „რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის (განცხადების რეგისტრაციის) დროის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი“. ს. ს-ეს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეგისტრაციოდ უკვე 2016 წლის აპრილში ჰქონდა წარდგენილი, რომელიც არ დარეგისტრირდა მხოლოდ მესამე პირის მიერ რეგისტრირებულ ნაკვეთთან ზედდების გამო, რაც სასამართლო დავის დაწყების საფუძველი გახდა. №1369211-3/071-16 საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის კანონიერ ძალაში შესულის გადაწყვეტილებით გაუქმდა მესამე პირთა რეგისტრირებული უფლება და მათმა წარმომადგენელმა იმავე გადაწყვეტილებასთან ერთად მხოლოდ 2016 წლის სექტემბერში წარადგინა სარეგისტრაციოდ ტექნიკური პასპორტი, რაც რიგითობის მხრივაც ცხადყოფს მოსარჩელის სამართლებრივ უპირატესობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით „მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე“, კასატორი ფიქრობს, რომ საჯარო რეესტრის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს, გადაწყვეტილების მიღებისას მართებდა მეტი ყურადღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ს. ს-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში არსებული უძრავი ქონების (221 კვ.მ მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან ერთად) 1/4 ნაწილი დარეგისტრირდა დ. და მ. ბ-ეების სახელზე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ... . სადავო რეგისტრაციის საფუძველად მითითებულია 2016 წლის 14 ნოემბრის ცნობა-დახასიათება და 2016 წლის 16 თებერვლის სამკვიდრო მოწმობა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შესახებ და მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო უძრავ ქონებაზე დ. და მ. ბ-ეების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სრულყოფილად შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რაც გულისხმობს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. შესაბამისად, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესრულდა სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულება, რადგან საცხოვრებელი სახლის ინდივიდუალური ცნობა-დახასიათება (ტექნიკური პასპორტი), წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, როგორც 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №376 დადგენილებით (ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესაბამისად, ასევე „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, რაც შესაძლებელს ხდის საცხოვრებელ სახლსა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. ამასთან, 1988 წლის 20 სექტემბერს შედგენილი ტექნიკური პასპორტი შეიცავს იმ დროისათვის არსებულ რეალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში არსებული სადავო უძრავი ქონების მოსარგებლე/მესაკუთრე იყო როგორც ს. ს-ე, ასევე მესამე პირების მამკვიდრებელი - რ. ს-ე. შესაბამისად, ცნობა-დახასიათება, რომელიც შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას მისი შედგენის დროისათვის უძრავი ქონების მესაკუთრეთა შესახებ, წარმოადგენდა მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრაციის საფუძველს 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №376 დადგენილების შესაბამისად, რომლის თანახმად, 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. ასევე, დადგენილი გარემოებაა, რომ რ. ს-ე რეგისტრირებული იყო როგორც ცალკე კომლი იმავე საცხოვრებელ ადგილას, სადაც ცხოვრობს ს. ს-ე, ამ გარემოებას ადასტურებს საქმეში არსებული მტკიცებულებანი (სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება, მხარეთა ახსნა-განმარტება). შესაბამისად, ორივე მათგანი მითითებულ იქნა უძრავი ქონების ტექნიკურ პასპორტში, რაც მათ მიერ ამ უძრავი ქონების თანასაკუთრებით ფლობის საფუძველია.
ასევე არ არსებობს კასარტორის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობა, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უნდა ეხელმძღვანელა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტითა და ცნობა-დახასიათებით, რომლის თანახმად, სოფელ ...ში, 284 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეებად აღრიცხულნი არიან ს. ს-ე და რ. ს-ე. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლების დამდგენ დოკუმენტად უნდა განეხილა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზეც მიუთითებს კასატორი, წარმოადგენს მის წილ უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტს, ხოლო სადავო რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ცნობა-დახასიათება არის მესამე პირების მამკვიდრებლის - რ. ს-ის წილ უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე