#ბს-1041(კ-18) 13 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 14 ივლისს ა. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 6 აგვისტოს ოქმის, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 სექტემბრის ოქმის, ა. ო-ისთვის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის #04/38596 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ა. ო-ის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ა. ო-ის სასარგებლოდ 2015 წლის 6 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ო-ის ერთწევრიანი ოჯახის სარეიტინგო ქულა 2010 წლის 5 ივლისის ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე განისაზღვრა 55 650 ერთეულით და იგი გახდა საარსებო შემწეობის მიმღები პირი 2010 წლის 1 ნოემბრიდან (თვეში 30 ლარი); 2011 წლის 18 თებერვალს ა. ო-მა „დემოგრაფიული ცვლილებების შესახებ“ განაცხადით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შეავსო დეკლარაცია 2 წევრზე, რის შედეგადაც სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 66 480 ერთეულით, ხოლო 2011 წლის 8 ივნისს ა. ო-მა განმეორებით მიმართა „დემოგრაფიული მონაცემების ცვლილების შესახებ“ და 2011 წლის 13 ივლისს ოჯახის დეკლარაცია შეავსო ერთ წევრზე, რის შედეგადაც სარეიტინგო ქულამ შეადგინა 39 290 და მოსარჩელემ კვლავ მოიპოვა საარსებო შემწეობის მიღების უფლება.
2015 წლის 1 აპრილიდან ოჯახს შეუჩერდა საარსებო შემწეობის მიღება, ხოლო 2015 წლის 6 აგვისტოს, შეწყდა ა. ო-ის ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ერთი წლით იმ საფუძვლით, რომ „ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი“. ამავე საფუძვლით 2016 წლის 29 სექტემბერს შეივსო ოჯახის შეფასების შეწყვეტის ოქმი ა. ო-ის მიერ 2016 წლის 23 აგვისტოს ორ წევრზე შევსებული პირველადი განაცხადის შეფასების ეტაპზე.
ა. ო-მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ზემოაღნიშნული აქტები და მათი ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ოჯახი ხელოვნურად დაყოფილი არ იყო. აღნიშნული მოთხოვნის დასადასტურებლად ა. ო-მა წარადგინა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ო-ის სარჩელი იყო დაკმაყოფილებული, ქ. თბილისში, ... ქ. #19-ა, ბინა #40-დან მისი იდეალური წილი განისაზღვრა ¾-ით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ერთ საცხოვრისში მოსარჩელეს დამოუკიდებლად აქვს მოწყობილი სველი წერტილი, ასევე მარაგის შენახვას ახორციელებს განცალკევებულად, კერძოდ, მაცივარი მოთავსებული აქვს საკუთარ საძინებელში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის #04/38596 გადაწყვეტილებით ა. ო-ს უარი ეთქვა გასაჩივრებული აქტების აქტის ბათილად ცნობაზე, თუმცა მის ოჯახს მოეხსნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ა. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 6 აგვისტოსა და 2016 წლის 29 სექტემბრის ოქმები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის #04/38596 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა. ო-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა. ო-ის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა. ო-ის სასარგებლოდ 2015 წლის 6 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელე ა. ო-ი დამოუკიდებელ შიდა მეურნეობას ეწევა და იგი ცალკე ოჯახად ცხოვრობს, შესაბამისად, ოჯახის ხელოვნურად დაყოფას ადგილი არ აქვს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, 2016 წლის 29 სექტემბერს „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის გათვალისწინებით „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ ოქმი, იმ მიზეზით, რომ „ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი“, შეივსო სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. სოციალური მომსახურების სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას გამოიკვლია ყველა ის გარემოება, რაც იყო საჩივრის ფარგლებში მოთხოვნილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ოჯახისათვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს ავსებს იმ შემთხვევებში, თუ ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაციის „A“ ბლოკის - „ოჯახის საცხოვრებელი“ შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ზუსტად უნდა განუმარტოს ოჯახს, თუ რა იგულისხმება „ოჯახის“ ცნებაში. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამჩნევს ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ან ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მცდელობას, მაშინ აღნიშნული ფაქტის დაზუსტებას ახდენს საცხოვრებელი პირობების ყურადღებით შემოწმების მეშვეობით (მაგ.: საძინებლები, პირადი ჰიგიენის საგნები და სხვა). ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როგორ ხდება მარაგების შენახვა და განაწილება მოცემულ ოჯახში, უნდა შემოწმდეს ცხოვრობენ თუ არა ისინი ერთ საცხოვრისში და აქვთ თუ არა მათ საერთო სამზარეულო, საერთო კომუნალური მრიცხველი, საერთო შესასვლელი და ა.შ. სააგენტოს უფლებამოსილ პირს ენიჭება მოქმედების თავისუფლება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადგენად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 6 აგვისტოსა და 2016 წლის 29 სექტემბერს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ა. ო-ის ოჯახში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ შევსებულ იქნა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი (ფორმა #3) იმ მიზეზით, რომ „ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი“, თუმცა მეორე ვიზიტისას ოჯახის უფლებამოსილ პირთან - ა. ო-თან შეხვედრა საერთოდ არ განხორციელებულა და შეწყვეტის შესახებ ოქმში უფლებამოსილ სუბიექტად მიჩნეულ იქნა - ა. ო-ი, რომელიც არ წარმოადგენდა სათანადო პირს ა. ო-ის ოჯახის შემოწმების დროს.
ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ერთ საცხოვრისში ა. ო-ს დამოუკიდებლად აქვს მოწყობილი სველი წერტილი, კომუნალური გადასახადის გადახდასა და მარაგის შენახვას კი, ახორციელებს განცალკევებულად, კერძოდ, მაცივარი მოთავსებული აქვს საკუთარ საძინებელში. ასევე გასათვალისწინებელია ქალაქ თბილისის ვაკე- საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ... ქ. #19-ა, ბინა #40-დან მისი იდეალური წილი განისაზღვრა ¾-ით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არ მოუხდენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივი გამოიკვლევა და მათი სწორად შეფასება, რის გამოც, ა. ო-ის ოჯახს სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე შეუწყდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი