№ბს-1042(კ-18) 13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 18 იანვარს გ. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2011 წლის 19 ივლისს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე 2011 წლის 18 აგვისტოდან მინიჭებული ჰქონდა სარეიტინგო ქულა 35159. შესაბამისად, იღებდა სოციალურ შემწეობას თვეში 60 ლარის ოდენობით. მას შემდეგ რაც ვეღარ გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად, ვინაიდან მოიტეხა ფეხი და საჭიროებდა მომვლელს, საცხოვრებლად გადავიდა დასთან - ს. ლ-ასთან. დასთან ცხოვრების პერიოდში სოციალურ შემწეობას იღებდა დის მისამართზე: თბილისი, ... ქ. 58, ბ. 11.
2016 წლის 3 ივნისს იგი კვლავ დაბრუნდა საცხოვრებლად თავის ბინაში, მდებარე: თბილისი, ..., კორპ. 5, ბ. 89. აღნიშნულის შესახებ აცნობა როგორც ვაკე-საბურთალოს სოციალური სერვის ცენტრს, ასევე ისანი-სამგორის ცენტრს. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელის განმარტებით, შეჩერების ნაცვლად უსაფუძვლოდ შეუწყვიტეს სოციალური შემწეობის დარიცხვა და მხოლოდ 2016 წლის 24 აგვისტოს გადამოწმების შემდეგ, 2016 წლის 23 სექტემბრიდან მიენიჭა 56520 სარეიტინგო ქულა და დაენიშნა სოციალური შემწეობა 50 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2016 წლის 29 დეკემბრის №04/93997 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა შეწყვეტილი სოციალური დახმარება, ასვე სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 2011 წელთან შედარებით მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა. დეკლარაციაში არასწორად არის ასახული მოსარჩელის მფლობელობაში მქონე ფართისა და ოთახების რაოდენობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №04/93997 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გ. ლ-ას სასარგებლოდ, №... საიდენტიფიკაციო კოდზე შემწეობის შეწყვეტის დღიდან, სოციალური შემწეობის თანხის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №04/93997 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს დაევალა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის თანახმად, გ. ლ-ას აღუდგება სოციალური შემწეობა №.... საიდენტიფიკაციო კოდზე შემწეობის შეწყვეტის დღიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-ას (დაბ. 12.06.1937 წ.) ოჯახს (მისამართი - ქ. თბილისი, ..., კორპ. №5, ბინა №89; ს/კ - №...) 2005 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა 23 490 სარეიტინგო ქულა. ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა ორი წევრი: გ. ლ-ა და ე. ი-ი. შესაბამისად, საარსებო შემწეობა გაიცემოდა ორი წევრისათვის სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით.
2015 წლის 6 აგვისტოს, გ. ლ-ამ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისნის რაიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს და აცნობა, რომ 14 ივლისს ფეხის მოტეხვის გამო დროებით საცხოვრებლად გადავიდა მის დასთან - ს. ლ-ასთან მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქუჩა №58, ბინა №11. ამასთან, მიუთითა, რომ მისი საცხოვრებელი ბინა (ქ. თბილისი, ..., 2 კვ. კორპ. 5, ბინა №89) დაკეტილი იყო და სოციალური აგენტის მიერ ვერ განხორციელდებოდა მისი შემოწმება, ხოლო აღნიშნულ მისამართზე დაბრუნების ფაქტს დამატებით წერილობით აცნობებდა. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მის მიერ მითითებულ მისამართზე დროებით ვერ იცხოვრებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
გ. ლ-ას დის - ს. ლ-ას ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი - №... გადატანილ იქნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ისტორიაში“ და აღნიშნული კოდით, 2015 წლის 5 ოქტომბერს, ვაკე-საბურთალოს რაიონში შევსებულ „ოჯახის დეკლარაციას“ შეეცვალა კოდი და მიენიჭა ს/კ - №.... 2015 წლის 5 ოქტომბერს ოჯახის (მისამართი: ქ. თბილისი, ... ქუჩა კორპ. №58, ბინა №11) გადამოწმების შედეგად 2015 წლის 29 დეკემბერს მიენიჭა 57 830 სარეიტინგო ქულა. შესაბამისად, გ. და ს. ლ-ები გახდნენ საარსებო შემწეობის მიმღებნი, რომელთაც ერიცხებოდათ შემწეობა 2016 წლის მაისის ჩათვლით.
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისს ს. ლ-ამ განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის სერვის ცენტრს და მოითხოვა განხორციელებულიყო მისი დის - გ. ლ-ას ოჯახში (ქ. თბილისი, ..., კორპ. №5, ბინა №89) სოციალური აგენტის ვიზიტი, ვინაიდან გ. ლ-ა ამ დროისათვის აღარ იმყოფებოდა დის - ს. ლ-ას ბინაში.
აღნიშნულის საფუძველზე კი, 2016 წლის 5 ივლისს, ბინაზე ვიზიტისას შეივსო პირველადი რეგისტრაციის განაცხადი და დეკლარაცია ახალი ს/კ - №...-ით. 2016 წლის 11 ივლისს განხორციელდა გ. ლ-ას ოჯახის (ს/კ: №...) შემოწმება და ოჯახი მოხვდა ე.წ. „საკონტროლო გადამოწმების სიაში“. 2016 წლის 24 აგვისტოს კი განხორციელდა გ. ლ-ას ოჯახის (ს/კ: №...) განმეორებითი შეფასება, რომლის შედეგად დეკლარაციაში ოჯახის წევრად დაფიქსირდა მხოლოდ გ. ლ-ა, რომელსაც დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს. გადამოწმების საფუძველზე 2016 წლის 23 სექტემბერს ოჯახს მიენიჭა - 56 520 სარეიტინგო ქულა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სააგენტოს მიერ განხორციელდა მოსარჩელის ოჯახის მიმართ ახალი საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭება და არა მის მიმართ უკვე მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის საფუძველზე დანიშნული საარსებო შემწეობის დარიცხვის გაგრძელება, ან მისი შეჩერება და საკითხის განხილვის შემდგომ აღდგენა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ სასამართლოსთვის გაუგებარია სააგენტოს მოქმედება, რომლის თანახმად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ლ-ა, თავისი საცხოვრებელი ბინიდან თავისი დის - ს. ლ-ას ბინაში დროებით და არა სამუდამოდ გადავიდა საცხოვრებლად იმ მიზეზით, რომ მოტეხილი ჰქონდა ფეხი და შესაბამისად, ვერ ახერხებდა თავის მოვლას და საჭიროებდა მომვლელს, რაც კანონით დადგენილ ვადაში ცნობილი იყო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოსათვის, რატომ მოხდა გ. ლ-ასთვის საარსებო შემწეობის არა შეჩერება, არამედ შეწყვეტა, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც აღნიშნული გამოწვეული იყო არა მისი სურვილით, არამედ გამოუვალი მდგომარეობით და ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 8 სექტემბრის „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი გ. ლ-ას 09.10.2015 წლის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 15 დეკემბრის №04/96874 გადაწყვეტილებით და გ. ლ-ას შეწყვეტილი ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა ჩაითვალა შეჩერებულად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოების მსჯელობას წინა პერიოდის (2016 წლის ივნისიდან) მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ანაზღაურების ნაწილში და განმარტავს, რომ გ. ლ-ა აღნიშნულ პერიოდამდე ცხოვრობდა და დახმარებას იღებდა დასთან - ს. ლ-ასთან ერთად სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულიდან, საიდანაც გ. ლ-ა საცხოვრებლად გადავიდა მის კუთვნილ ბინაში ისანი-სამგორის რაიონში. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გ. ლ-ას შეუწყდა საარსებო შემწეობა. ვინაიდან გ. ლ-ას სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულში უკვე შეწყვეტილი ჰქონდა რეგისტრაცია, მისი ოჯახის ხელახლა შესწავლა შესაძლებელი იყო მხოლოდ პირველადი რეგისტრაციის განაცხადის საფუძველზე. 2016 წლის 20 ივნისს (49702) ს. ლ-ამ მიმართა ისანი-სამგორის სერვის ცენტრს, რომლითაც მოითხოვა განხორციელებულიყო მისი დის - გ. ლ-ას ოჯახში (..., კორპ. 5, ბინა 89) სოციალური აგენტის ვიზიტი. გ. ლ-ა მ/წ 10 ივნისის შემდეგ აღარ რეგისტრირდებოდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“. ბინაზე ვიზიტისას შეივსო პირველადი რეგისტაციის განაცხადი და დეკლარაცია ახალი საიდენტიფიკაციო კოდით – ... . 2016 წლის 11 ივლისს შეივსო დეკლარაცია და ოჯახი მოხვდა საკონტროლო გადამოწმების სიაში. 2016 წლის 24 აგვისტოს განხორციელდა უფროსი სოციალური აგენტის მიერ ოჯახის განმეორებითი შეფასება და 23 სექტემბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 56520 ერთეული. აღნიშნული ქულის გათვალისწინებით, გ. ლ-ას დაენიშნა საარსებო შემწეობა 2016 წლის ნოემბრის თვიდან, ერთ წევრზე 50 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გ. ლ-ასათვის 2016 წლის ივნისიდან მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ანაზღაურების საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია.
კასატორის მითითებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მინიჭებული ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ოჯახის გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ცვლილება წევრთა რაოდენობაში (დემოგრაფიული ცვლილება), შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა ან მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო ადგილი. ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხორციელდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული) მონაცემების საფუძველზე, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობის) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, პროგრამულად და კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, რაც მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის/გაუქმების საფუძველია, ოჯახის მიმართ არ დასტურდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის დავისადმი კანონიერ ინტერესს წარმოადგენს 2016 წლის ივნისიდან - იმავე წლის ნოემბრამდე პერიოდში მიუღებელი საარსებო შემწეობის მიღება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში ..... ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს, რომლის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარება; ბ) სოციალური დახმარების სისტემის მეშვეობით სათანადო რესურსების მიზანმიმართული გადანაწილება სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე; გ) სოციალური მომსახურების ალტერნატიული სახეების განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოადგენს სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს, რომლის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაზე, რომლის მიზანია, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ოჯახების საარსებო პირობების გაუმჯობესება. ამავე დადგენილების II თავით რეგულირდება საარსებო შემწეობის ოდენობა, მისი დანიშვნისა და გაცემის პრინციპები. კერძოდ, მე-5 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი). 2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა ოჯახის მიერ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვეს. 3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, რასაც წინ უსწრებს ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან (განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვე) დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ლ-ას (დაბ. 12.06.1937 წ.) ოჯახს (მისამართი - ქ. თბილისი, ..., კორპ. №5, ბინა №89; ს/კ - №...) 2005 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა 23 490 სარეიტინგო ქულა. ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა ორი წევრი: გ. ლ-ა და ე. ი-ი. შესაბამისად, საარსებო შემწეობა გაიცემოდა ორი წევრისათვის სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით.
2015 წლის 6 აგვისტოს, გ. ლ-ამ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისნის რაიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს და აცნობა, რომ 14 ივლისს ფეხის მოტეხვის გამო დროებით საცხოვრებლად გადავიდა მის დასთან - ს. ლ-ასთან მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქუჩა №58, ბინა №11. ამასთან, მიუთითა, რომ მისი საცხოვრებელი ბინა (ქ. თბილისი, ... . კორპ. 5, ბინა №89) დაკეტილი იყო და სოციალური აგენტის მიერ ვერ განხორციელდებოდა მისი შემოწმება, ხოლო აღნიშნულ მისამართზე დაბრუნების ფაქტს დამატებით წერილობით აცნობებდა. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მის მიერ მითითებულ მისამართზე დროებით ვერ იცხოვრებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
გ. ლ-ას დის - ს. ლ-ას ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი - №... გადატანილ იქნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ისტორიაში“ და აღნიშნული კოდით, 2015 წლის 5 ოქტომბერს, ვაკე-საბურთალოს რაიონში შევსებულ „ოჯახის დეკლარაციას“ შეეცვალა კოდი და მიენიჭა ს/კ - №... . 2015 წლის 5 ოქტომბერს ოჯახის (მისამართი: ქ. თბილისი, ... ქუჩა კორპ. №58, ბინა №11) გადამოწმების შედეგად 2015 წლის 29 დეკემბერს მიენიჭა 57 830 სარეიტინგო ქულა. შესაბამისად, გ. და ს. ლ-ები გახდნენ საარსებო შემწეობის მიმღებნი, რომელთაც ერიცხებოდათ შემწეობა 2016 წლის მაისის ჩათვლით.
2016 წლის 20 ივნისს ს. ლ-ამ განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის სერვის ცენტრს და მოითხოვა განხორციელებულიყო მისი დის - გ. ლ-ას ოჯახში (ქ. თბილისი, ..., კორპ. №5, ბინა №89) სოციალური აგენტის ვიზიტი, ვინაიდან გ. ლ-ა ამ დროისათვის აღარ იმყოფებოდა თავისი დის - ს. ლ-ას ბინაში. აღნიშნულის საფუძველზე კი, 2016 წლის 5 ივლისს, ბინაზე ვიზიტისას შეივსო პირველადი რეგისტრაციის განაცხადი და დეკლარაცია ახალი ს/კ - №...-ით.
2016 წლის 11 ივლისს განხორციელდა გ. ლ-ას ოჯახის (ს/კ: №...) შემოწმება და ოჯახი მოხვდა ე.წ. „საკონტროლო გადამოწმების სიაში“. 2016 წლის 24 აგვისტოს კი განხორციელდა გ. ლ-ას ოჯახის (ს/კ: №...) განმეორებითი შეფასება, რომლის შედეგად დეკლარაციაში ოჯახის წევრად დაფიქსირდა მხოლოდ გ. ლ-ა, რომელსაც დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს. გადამოწმების საფუძველზე 2016 წლის 23 სექტემბერს ოჯახს მიენიჭა - 56 520 სარეიტინგო ქულა.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ სააგენტოს მიერ განხორციელდა მოსარჩელის ოჯახის მიმართ ახალი საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭება და არა მის მიმართ უკვე მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის საფუძველზე დანიშნული საარსებო შემწეობის დარიცხვის გაგრძელება, ან მისი შეჩერება და საკითხის განხილვის შემდგომ აღდგენა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ გაუგებარია სააგენტოს მოქმედება, რომლის თანახმად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ლ-ა, თავისი საცხოვრებელი ბინიდან თავისი დის - ს. ლ-ას ბინაში დროებით და არა სამუდამოდ გადავიდა საცხოვრებლად იმ მიზეზით, რომ მოტეხილი ჰქონდა ფეხი და შესაბამისად, ვერ ახერხებდა თავის მოვლას და საჭიროებდა მომვლელს, რაც კანონით დადგენილ ვადაში ცნობილი იყო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოსათვის, რატომ მოხდა გ. ლ-ასთვის საარსებო შემწეობის არა შეჩერება, არამედ შეწყვეტა, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც აღნიშნული გამოწვეული იყო არა მისი სურვილით, არამედ გამოუვალი მდგომარეობით და ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 8 სექტემბრის „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი გ. ლ-ას 09.10.2015 წლის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 15 დეკემბრის №04/96874 გადაწყვეტილებით და გ. ლ-ას შეწყვეტილი ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა ჩაითვალა შეჩერებულად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი