საქმე №ბს-1053(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ლ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ლ-ემ 2017 წლის 11 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 25 სექტემბრის MES 9 17 01147081 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შპს „...ის“ მიერ ნ. ლ-ის სახელზე გაცემული AA №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 25 სექტემბრის MES 9 17 01147081 გადაწყვეტილება; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ლ-ის სახელზე გაცემული AA №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ცენტრის მიერ გამოცემული 2017 წლის 25 სექტემბრის №1147081 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ. ლ-ეს უარი ეთქვა 1999 წელს შპს „...ის“ მიერ გაცემული უმაღლესი განათლების AA №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. უარის საფუძველი გახდა დაწესებულების მიერ საგანმანთლებლო საქმიანობის განხორციელება კანონდარღვევით. კერძოდ, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 15 სექტემბერს ...ზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-17-08/1423 ლიცენზია. ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს „ჰ...“. ამავე სასამართლოს მიერ 1998 წლის 12 იანვარს რეგისტრაციაში გატარდა სპს „...“, რომელიც წარმოადგენს ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრირებული სუბიექტის უფლებამონაცვლეს. თუმცა, სადავოა 1996 წლის 3 სექტემბერს დაფუძნებულ შპს ...ის უფლებამონაცვლედ საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილში რომელი სუბიექტი ჩაითვალა სპს „...“ თუ შპს „...“. ასევე, რომელი სუბიექტი იყო უფლებამოსილი განეგრძო საგანმანათლებლო საქმიანობა 1996 წლის 3 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „...ის“ რეორგანიზაციის შემდგომ. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N092060116007 საქმეზე, რომელიც ეხება ...ის ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთმნიშვნელოვნად არ უთითებს ნ. ლ-ისთვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში შპს „...ს“ ჰქონდა თუ არა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება, ვინაიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება.
კასატორის მოსაზრებით გაუგებარია, სასამართლომ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება და გაამართლა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კანონდარღვევით განხორციელებული საქმიანობა, მაშინ როდესაც, ...ის ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 1921 მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
კასატორი მიუთითებს, რომ ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების შემოწმება ხორციელდება ცენტრის მიერ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას. კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. მოცემულ შემთხვევაში კი, როდესაც სადავოა დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის გახორციელების უფლებამოსილების საკითხი და აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას დაადასტუროს 1999 წელს შპს „...ის“ მიერ გაცემული უმაღლესი განათლების AA №... დიპლომის ნამდვილობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცენტრმა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. ცენტრს არ აქვს უფლება უგულებელყოს ის მოცემულობა, რაც ამ საქმესთან მიმართებით არსებობს და გამოსცეს აქტი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
სასამართლომ გადაწყვეტილების 4.3 პუნქტით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 15 სექტემბერს ...ზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-17-08/1423 ლიცენზია. ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს „ჰ...“. ამავე სასამართლოს მიერ 1998 წლის 12 იანვარს რეგისტრაციაში გატარდა სპს „...“, რომელიც წარმოადგენს ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრირებული სუბიექტის უფლებამონაცვლეს. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები იქნა დადგენილი. ვინაიდან სასამართლოს მიერ 1998 წლის 12 იანვარს დარეგისტრირებული სპს „...“ წარმოადგენდა 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრირებული შპს „ჰ...ის“ უფლებამონაცვლეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ იქნა ასახული 1997 წლის 15 ნოემბრის შპს „...ის“ პარტნიორთა კრების N4 ოქმი. 1998 წლის 12 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებაში ცალსახად არის მითითებული, რომ სპს „... წარმოადგენდა შპს ჰ...ის უფლებამონაცვლეს“. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციაში გატარების დროს აუცილებელია თითოეული გარემოება დეტალურად იქნეს გაწერილი, ვინაიდან დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარემ შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოს 1998 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაში ასახული უნდა ყოფილიყო ის გარემოებები, რაც ზემოაღნიშნულ ოქმშია დასახელებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ოქმში ასახულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა და მათზე აპელირება კასატორის მოსაზრებით უსაფუძვლოა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე. კერძოდ, მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), განაცხადი no. 60856/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება, §§ 48-52). აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევას. კერძოდ, აბიტურიენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, აქვს უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას, რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს, არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულმა განმცხადებლისთვის განათლების უფლების შეზღუდვა გამოიწვია. დაირღვა კონვენციის პირველი ოქმის მე-2 მუხლი. ცენტრს ნ. ლ-ისთვის განათლების მიღებაზე უარი არ უთქვამს. შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში ნ. ლ-ის უფლებას მიიღოს განათლება. მისთვის არავის აუკრძალავს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ უარყვია და არ გაუბათილებია მის მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე. ამდენად, კასატორის მოსაზრებით სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მითითება, მოცემულ დავასთან მიმართებით არარელევანტურია.
კასატორის მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია და განხორციელდა ქვეყანაში დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის - წესის არსისა და მიზნის საწინააღმდეგო განმარტება. ზემოაღნიშნული წესი განმარტავს, თუ რას ნიშნავს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, კერძოდ, წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ხსენებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა. ზემოთ მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება კი წარმოადგენს, როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას. ამ წესის მოქმედების პირობებში კი, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას, ისევე როგორც სასამართლო ვალდებულია მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დაასაბუთოს იგი მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით. კასატორის მოსაზრებით სწორედ, წესის შესაბამისი რეგულაციებით იხელმძღვანელა ცენტრმა ნ. ლ-ის მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებული კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა, რადგან ცენტრმა იმსჯელა უმაღლესი განათლების AA №... დიპლომზე ნ. ლ-ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. კასატორის მოსაზრებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც ნ. ლ-ემ მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა ნ. ლ-ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოსა და საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოსა და საზოგადოებას გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. ამასთან, კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, კასატორის მოსაზრებით გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება კი, არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივ ფუნქციონირებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში ისე იმსჯელა კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენებაზე, რომ არ მოუხდენია მისი შეპირისპირება კანონიერების პრინციპთან. შესაბამისად, გაუგებარი რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლოდ დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის“ ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები ნ. ლ-ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად.
კასატორის მოსაზრებით ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს სამართალწარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრიცნიპს. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის №ბს-1153-1142(კ-11) გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი აქტის ბათილად ცნობისა და აღნიშნული აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. შესაბამისად, ეს სასამართლო გადაწყვეტილება შეუსაბამოა და არარელევანტურია მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მასზე მითითება არ ეხმიანება კონკრეტულ მიზანს. სასამართლომ ამგვარი მსჯელობით მოახდინა თავად კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არასწორი ინტერპრეტაციის დემონსტრირება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი შინაარსი. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ პრაქტიკულად უგულებელყო და ეჭვქვეშ დააყენა საგანმანათლებლო ინსტიტუციები და განათლების სფეროში სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად არ შეაფასა საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირების არსი და მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით. ამასთან, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნიეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ლ-ეს მიღებული ჰქონდა უმაღლესი განათლება, იმ პირობებში, როდესაც უგულებელყვეს და არ შეაფასეს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების არმქონე საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის მიერ მიღებული განათლების საკითხი. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტა წარმოადგენს სადავო საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არათანმიმდევრული და არასწორი ინტერპრეტაციის შედეგს, რაც ნორმის განმარტების თელეოლოგიური და სისტემური მეთოდების შედეგად, სწორი სამართლებრივი დასკვნის გამოტანის პრინციპს ეწინააღმდეგება. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება კასატორის მოსაზრებით წარმოადგენს, როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (შემდგომში - წესი) არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას. ამდენად, 1998 წლის 12 იანვრის შემდგომ ნ. ლ-ის მიერ სპს „…ში“ სწავლის პერიოდი ვერ იქნება აღიარებული სახელმწიფოს მიერ. კერძოდ, შპს „…ის“ მიერ 1996 წლის 9 აგვისტოდან 1998 წლის 12 იანვრამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის ნ. ლ-ის სწავლის პერიოდი აღიარებულია, ხოლო 1998 წლის 12 იანვრის შემდგომ შპს „…ში“ ნ. ლ-ის სწავლის პერიოდი და მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების AA №… დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია აცდენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ იმ ნორმათა იმპერატიულად დადგენილ შინაარსსა და მიზანს, რომლებითაც დარეგულირებულია დიპლომის ნამდვილობის დადასტურების პროცედურა და ამ უკანასკნელისათვის აუცილებელი ფაქტობრივ - სამართლებრივი წინაპირობები. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს, როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს სპს „…ის“ მიერ ნ. ლ-ის სახელზე გაცემული AA №… დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველად მითითებულია, რომ ინსტიტუტის მიერ 1998 წლის 12 იანვრიდან განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, ნ. ლ-ის სწავლის პერიოდი, მისთვის 1999 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების AA №… დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ნ. ლ-ემ სპს „…ში“ სწავლა დაიწყო 1996 წელს, როდესაც ინსტიტუტს გააჩნდა სახელმწიფოს მიერ სათანადო წესით გაცემული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია. სწავლის დასრულებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს ადასტურებს შპს „…ის“ მიერ 1999 წელს ნ. ლ-ის სახელზე გაცემული AA №… დიპლომი, რომლის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ლ-ის მიერ მოპოვებული განათლების მიღების უფლებაზე გავლენა არ მოუხდენია 1998 წელს განხორციელებულ შპს „…ის“ რეორგანიზაციას, მოსარჩელემ დაასრულა სწავლა და სახელმწიფო - საგამოცდო კომისიის 1999 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ეს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და მასზე გაიცა საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის მიმართ კანონიერი ნდობის არარსებობის თაობაზე კასატორის მიერ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ დასაბუთებას.
საკასაციო პალატის მოსაზრებით 1996 წლის 3 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „…ის“ უფლებამონაცვლედ საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილში, რომელი სუბიექტი ჩაითვალა სპს „…“ თუ შპს „…“; ასევე, რომელი სუბიექტი იყო უფლებამოსილი გაეგრძელებინა საქმიანობა 1992 წლის 15 სექტემბერს გაცემული N01-17-08/1423 ლიცენზიის საფუძველზე, კასატორის მიერ მითითებული სადავო გარემოება არ შეიძლება გახდეს ფიზიკური პირისათვის კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლებისა და სახელმწიფო სამსახურში დასაქმების მოპოვებული უფლების შეზღუდვის საფუძველი, ამასთან, აღნიშნული გარემოება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი გახდეს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი თუ კასატორი დაასაბუთებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან დასტურდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული მოსარჩელის უფლების დაცვის გარემოებების არსებობა. ამასთან, მოსარჩელის მიმართ შპს „…ის“ მიერ ნ. ლ-ის სახელზე გაცემული AA №… დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება არ არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს და აღნიშნული აქტის გამოცემაზე უარით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი არათანაზომიერია და ვერ გადაწონის ის ინტერესი, რომელზეც კასატორი მიუთითებს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ 202330566) დაუბრუნდეს 25.07.2018წ. №06755 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე