საქმე №ბს-1174 (კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შ. ვ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე); ს. დ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - ჰ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. დ-მა 2016 წლის 05 თებერვალს სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა უძრავ ნივთზე (ს/კ ...) 2015 წლის 01 დეკემებრის № ... განცხადებით, 2015 წლის 16 დეკემბრის № ... განცხადებით, 2015 წლის 28 დეკემბრის № ... განცხადებით განხორციელებული რეგისტრაციების გაუქმება ან რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება და მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 50 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ამორიცხვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან.
ს. დ-მა 2016 წლის 02 მარტს დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოპასუხეთა წრე. კერძოდ, მოპასუხეებად დაასახელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახური, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ა. ა-ი, გ. ვ-ი, შ. ვ-ი, ვ. ვ-ი, ხ. ვ-ი, ა. ე-ი, ვ. ა-ი და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 01 დეკემბრის № ... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც ა. ა-ზე, გ. ვ-ზე, ვ. ვ-ზე, შ. ვ-ზე და ხ. ვ-ზე დარეგისტრირდა საკუთრება უძრავ ნივთზე, მდებარე: ნინოწმინდის რაიონის სოფელი ... (ს/კ ...) იმ ნაწილში, რომლითაც ს. დ-ის საკუთრებაში არსებული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ნინოწმინდის რაიონის სოფელ ..., ს/კ ... დარეგისტრირდა ა. ა-ის, გ. ვ-ის, ვ. ვ-ის, შ. ვ-ის და ხ. ვ-ის საკუთრებად. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც დაკმაყოფილდა შ. ვ-ის მოთხოვნა ნინოწმინდის რაიონი სოფელი ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ. ასევე მოითხოვა - 2015 წლის 16 დეკემბრის N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც დარეგისტრირდა ვ. ვ-ის საკუთრება უძრავ ნივთზე მდებარე: ნინო წმინდის რაიონი სოფელი ... (ს/კ ...), იმ ნაწილში, რომლითაც ს. დ-ის საკუთრებაში არსებული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დარეგისტრირდა ვ. ვ-ის საკუთრებად, ა. ა-ს, გ. ვ-ის, შ. ვ-ს და ვ. ვ-ს შორის 2015 წლის 9 დეკემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 22 დეკემბრის № ... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზე დარეგისტრირდა ა. ე-ის საკუთრება უძრავ ნივთზე, მდებარე: ნინოწმინდის რაიონი სოფელი ... (ს/კ ...), იმ ნაწილში, რომლითაც ს. დ-ის საკუთრებაში არსებული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დარეგისტრირდა ა. ე-ის საკუთრებად, ვ. ვ-სა და ა. ე-ს შორის 2015 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. აგრეთვე, რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 28 დეკემბრის № ... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც დარეგისტრირდა ვ. ა-ის საკუთრება უძრავ ნივთზე მდებარე: ნინოწმინდის რაიონი სოფელი ... (ს/კ ...), იმ ნაწილში, რომლითაც ს. დ-ის საკუთრებაში არსებული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დარეგისტრირდა ვ. ა-ის საკუთრებად და ა. ე-სა და ვ. ა-ს შორის 2015 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება ჰ. ნ-ი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის განჩინებით, ს. დ-ის სასაჩელო მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოეყო ა. ა-ს, გ. ვ-ს, შ. ვ-სა და ვ. ვ-ს შორის 2015 წლის 09 დეკემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების, ვ. ვ-სა და ა. ე-ს შორის 2015 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების, ა. ე-სა და ვ. ა-ს შორის 2015 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნები და გამოყოფილ მოთხოვნებზე დაიწყო ახალი სამოქალაქო სამართალწარმოება. ასევე ცალკე წარმოებად გამოეყო (ს/კ ...) 2015 წლის 16 დეკემბრის N..., 2015 წლის 22 დეკემბრის N..., 2015 წლის 28 დეკემბრის N... სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ (50 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფარგლებში) ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ; სადაც მესამე პირებად განისაზღვრა ა. ა-ი, გ. ვ-ი, შ. ვ-ი, ვ. ვ-ი, ხ. ვ-ი, ა. ე-ი, ვ. ა-ი. გამოყოფილ მოთხოვნებზე დაიწყო ახალი ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით, აღნიშნული ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი მოთხოვნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2015 წლის 17 აგვისტოს გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა შ. ვ-ის მოთხოვნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე. ხოლო პირველი სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ 2015 წლის 01 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მოხდა პირველადი რეგისტრაცია მოქალაქეებზე ა. ა-ზე, გ. ვ-ზე, ვ. ვ-ზე, შ. ვ-ზე და ხ. ვ-ზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში საკუთრების უფლებით 50 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული საქმის წარმოება შეჩერდა მეორე მოთხოვნის საბოლოო გადაწყვეტამდე. შეჩერებულ საქმეს მიეცა ახალი საქმის ნომერი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ს. დ-ის სარჩელი ა. ა-ის, გ. ვ-ის, შ. ვ-ის, ვ. ვ-ის, ხ. ვ-ის, ა. ე-ის და ვ. ა-ის მიმართ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ა. ა-ს, გ. ვ-ს, შ. ვ-ს, ხ. ვ-ს და ვ. ვ-ს შორის 2015 წლის 09 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც საკადასტრო კოდით ... მიწის ნაკვეთი გასხვისებული იქნა ვ. ვ-ზე, ს. დ-ის საკუთრებაში არსებული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილში. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ვ. ვ-სა და ა. ე-ს შორის 2015 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც საკადასტრო კოდით ... მიწის ნაკვეთი გასხვისებულ იქნა ა. ე-ზე, ს. დ-ის საკუთრებაში არსებული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ა. ე-სა და ვ. ა-ს შორის 2015 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც საკადასტრო კოდით ... მიწის ნაკვეთი გასხვისებულ იქნა ვ. ა-ზე, ს. დ-ის საკუთრებაში არსებული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინებით, აპელანტების და თავდაპირველი მოპასუხის წარმომადგენლის, ი. შ-ის შუამდგომლობა წარმოდგენილი დოკუმენტების, №3/5-16 ადმინისტრაციულ საქმეზე საქმის წარმოების განახლებისა და სხდომის დანიშვნის შესახებ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინების, ამავე სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინების, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №004332216 და №002466617 ექსპერტიზის დასკვნების საქმეზე მტკიცებულებების სახის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტების და თავდაპირველი მოპასუხის წარმომადგენლის, ი. შ-ის შუამდგომლობა საქმის შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა წარმოება საქმეზე 2ბ/5347-16, აპელანტები-ა. ა-ი, გ. ვ-ი, ვ. ვ-ი, ხ. ვ-ი, ა. ე-ი, ვ. ა-ი; მოწინააღმდეგე მხარე-ს. დ-ი; თავდაპირველი მოპასუხე შ. ვ-ი; დავის საგანი-უძრავი ნივთის ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა,ს. დ-ის 2016 წლის 02 მარტის დაზუსტებულ ადმინისტრაციულ სარჩელზე (ადმინისტრაციული საქმის ნომერი 3/5-16) და მისგან გამოყოფილ ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ს. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდა შ. ვ-ის მოთხოვნა საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ,2000 კვმ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ნინოწმინდის რაიონი, სოფელი ..., ს/კ ... .
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ვ-მა,რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა,ასევე 2017 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინების ბათილად ცნობა,აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით, შ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ვ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ს. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორის განმარტებით, აღნიშნული საქმე პირველი ინსტანციის წესით განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ, რადგან არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს აცილების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები. პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დასახელებული საფუძვლები საკმარისი არ აღმოჩნდა აცილების საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის, ხოლო სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად გააზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს პოზიცია. სასამართლომ ფაქტობრივად მოახდინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კოპირება და არ უმსჯელია იმაზე თუ რატომ არ გაიზიარა აპელანტი მხარის არგუმენტები გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლიანობათან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი საქმის ობიექტურად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევები, რაც საფუძვლად უნდა დაედოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და პირიქით, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ხოლო გამოყენებული კანონები განმარტა არასწორად. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა საქმეზე არსებულ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე, კერძოდ, მოსარჩელის მიერ გაშვებულ ხანდაზმულობის ვადაზე, ასევე სააპელაციო სასამართლომ ინდ.მეწარმის მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად მიიჩნია და მის მიმართ გამოიყენა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიმართ კანონმდებლობის მიერ დაწესებული რეგულაციები. მეორე ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ ინდ.მეწარმის მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე გამგებლის წარმომადგენლის ბეჭდის არსებობა ნიშნავს იმას, რომ აზომვითი ნახაზი ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტად იქცა. კასატორს აღნიშნული მიდგომა არასწორად მიაჩნია, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-52-ე მუხლები იმპერატიულად განსაზღვრავს ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის წესსა და ფორმებს, რომელთაგან არც ერთი არ არის სახეზე ინდ. მეწარმე ა-ის მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე. მართალია, ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი განმარტავს,რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი შეიძლება იყოს „ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი,რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები“. ამ კუთხით სასამართლოს უნდა დაედგინა მიღწევადი იყო თუ არა შედეგი იმ შემთხვევაში თუ გამგეობის წარმომადგენელი „ბეჭედს არ დაუსვამდა აზომვით ნახაზს“. ამ მხრივ კი, გამართლებულია სასამართლოს გამოეყენებინა საჯარო რესტრის შესახებ ინსტრუქცია (2010 წლის რედაქცია), რომლის მე-14 მუხლი განმარტავს რა დოკუმენტებია საჭირო უძრავი ნივთის რეგისტრაციისთვის. მათ შორის არის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თუმცა არ არის განმარტებული, რომ დასახელებული აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს გამგეობის წარმომადგენლის ბეჭდით. შესაბამისად, სასამართლოს სწორედ ამ აქტით უნდა ესარგებლა და არა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-6 და 54-ე მუხლებით.
კასატორი ასავე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი უნდა ყოფილიყო ...ის ანძა-რკინის კონსტრუქცია. საამისოდ კი მოიშველია საჯარო რეესტრის ინსტრუქცია (2015 წლის რედაქცია), რომლის 25-ე, 26-ე მუხლებში გაკეთებულია იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც დატანილი უნდა იქნეს საკადასტრო აზომვით ნახაზზე. ხოლო შენობა-ნაგებობების განსამარტად გამოიყენა ორი ნორმატიული აქტი: 1) 2009 წლის 24 მარტის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ №57 დადგენილება და 2) 2015 წლის 16 მაისის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, სახაზო ნაგებობების - მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების განთავსების მიზნით, განკარვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ №1-1/193 ბრძანება. ამ მოცემულობაში სასამართლოს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლთან ერთად უნდა გამოეყენებინა საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით,მიწის ნაკვეთზე მისი არსებითი შემადგენელი ნაწილების (შენობა-ნაგებობების) არსებობა დგინდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით. რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავ ნივთად არ მიიჩნევა ისეთი ხაზობრივი ნაგებობები/ობიექტები,რომლებზედაც კანონმდებლობით წესით არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ სადავო ტერიტორიის მისამართი არ არის სოფელი ..., არამედ ეკუთვნის სოფელ ყ...ს. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოება დაადგინა მხოლოდ გამგეობის მიერ გაცემული ორი, ურთიერთგამომრიცხავი წერილით და სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებებს, ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, რომელთა მიხედვით დასტურდება, რომ შ. ვ-ის მიწის ნაკვეთის მისამართია ნინოწმინდის რაიონის სოფელი ..., ხოლო ს. დ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მისამართია-ნინოწმინდის რაიონის სოფელი ყ...მა. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კოდექსის მე-5 მუხლი, რომლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ნინოწმინდის რაიონის სოფელ ყ...ში ს. დ-ის სახელზე 2002 წლის 10 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია 50 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), საიდანაც 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებით, 8 კვ.მ ფართი დროებით სარგებლობაში გადაეცა შპს „...ს“ და აღნიშნულ ფართზე მობილური კავშირგაბმულობის განსახორციელებლად დამქირავებელს განთავსებული აქვს საბაზო სადგური და საანტენო - საფიდერო მოწყობილობები. დადგენილია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჰეშტიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელმა ჰ. ნ-მა, შ. ვ-ის მოთხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 17 აგვისტოს ბეჭდით დაამოწმა შ. ვ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადასტურების მიზნით (მიწის ნაკვეთი, მდებარე ნინოწმინდის რაიონის სოფელ ...ში, 2000 კვ.მ., ს/კ ...). ზემოაღნიშნული 2015 წლის 17 აგვისტოს საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და საარქივო ცნობების საფუძველზე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2000 კვ.მ. დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) 2015 წლის პირველ დეკემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა. ა-ის, გ. ვ-ის, ვ. ვ-ის, შ. ვ-ის და ხ. ვ-ის თანასაკუთრების უფლება. ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2015 წლის 25 დეკემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საკადასტრო კოდით ... მიწის ნაკვეთს და ს/კ ... მიწის ნაკვეთს შორის დაფისირდა ზედდება 50 კვ.მ ფართის ნაწილში.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას განსახილველ დავის საგანთან (საკადასტრო აზომვით ნახაზის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს ბეჭდით დამოწმება) მიმართებით და მიუთითებს, რომ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელემენტებისა და მისი მახასიათებლების გათვალისწინებით, ვინაიდან, საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს ბეჭდით დამოწმებით დადასტურდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა 2000 კვმ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ნინოწმინდის რაიონი, სოფელი ..., ს/კ ..., აღნიშნული საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 17 აგვისტოს აქტს მოჰყვა სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზი საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრში მესამე პირის - შ. ვ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2015 წლის 17 აგვისტოს აქტი, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს.
საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმება განხორციელდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებით დამტკიცებული „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი.დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, რამდენადაც აღნიშნული მუხლი გამგებლის წარმომადგენელს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანიჭებდა უფლებამოსილებას დაედასტურებინა მიწის ნაკვეთის ურთიერთშესაბამისობას საკადასტრო აზომვით ნახაზებთან, მხოლოდ გამგებლის თანხმობის შემთხვევაში, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლისა და მესამე პირის ჰ. ნ-ის მიერ დადასტურებულია, რომ შ. ვ-ის განცხადება 2015 წლის 17 აგვისტოს წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების თაობაზე, გამგეობას არ განუხილავს, ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის გამგებელი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმებაში არ მონაწილეობდა, შესაბამისად, დადგენილია, რომ გამგებლის თანხმობა საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ამდენად, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია მისი გამოცემისათვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობას წარმოადგენს. ხოლო რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას ხანდაზმულობისა და აცილების საკითხებზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რამდენადაც აღნიშნული მოთხოვნები არ ემყარება შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინება;
3. კასატორს - შ. ვ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 12.11.2018წ. (№7243908189 რეფერენსი) ი. შ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე