Facebook Twitter

საქმე №ბს-1194(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...ი“ (მოსარჩელე)

მესამე პირი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 2016 წლის 17 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ პაციენტების - ვ. ხ-ისა და ე. ტ-ის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ უარის თქმის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის 2016 წლის 13 აპრილის N11, 2016 წლის 27 აპრილის N12 და 2016 წლის 6 მაისის N13 გადაწყვეტილებების (სხდომის ოქმიდან ამონაწერების) ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საქმის გარემოებათა არსებითი განხილვისა და გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, №3/8293-16 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის 2016 წლის 13 აპრილის N11, 2016 წლის 27 აპრილის N12 და 2016 წლის 6 მაისის N13 გადაწყვეტილებების (სხდომის ოქმიდან ამონაწერები) პაციენტების ვ. ხ-ისა და ე. ტ-ის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ უარის თქმის თაობაზე; მოპასუხეს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიას დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით ბუნდოვანია სასამართლოს მიდგომა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტთან მიმართებაში. ასევე ბუნდოვანია საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად ბოჭავს კომისიას მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება იდენტური გარემოებების შემთხვევაში, როდესაც კომისიას ყოველ ჯერზე უხდება საბიუჯეტო სახსრების გონივრული განაწილების პრინციპების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. სარჩელის საფუძველი იყო ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერ ნდობისა და აქტზე უკუძალის მინიჭების საკითხის გარკვევა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა სადავო აქტის დაუსაბუთებლობაზე და პირთა მიმართ არათანაბარ მოპყრობაზე მითითებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ იგი აღჭურვილია სპეციალური უფლებამოსილებით - თავისუფალი შეფასების ფარგლებით, რათა შეაფასოს ყოველი ინდივიდუალური საჭიროება და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ამისათვის კომისია დაკომპლექტებულია შემადგენლობით, სადაც შედიან ჯანდაცვის სამინისტრო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საფინანსო დეპარტამენტის წარმომადგენელი და ა. შ. - აღნიშნული განპირობებულია იმ საჭიროებით, რომ კომისიაში შემავალმა ყველა უწყებამ და თანამდებობის პირმა საკუთარი კომპეტენციისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად გადანაწილების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

კასატორი მიუთითებს, რომ „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის თანახმად, კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების მიზანშეწონილობას, რომელზეც გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით. კასატორის მოსაზრებით, ვინც აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილებით რეგლამენტირებულ მოთხოვნებს ყველა, რომ იღებდეს დაფინანსებას კომისიის არსებობა აზრს დაკარგავდა. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 31 მარტის №10 ოქმით დიაგნოზის მიმართ შეცვალა კომისიამ მიდგომა და არა კონკრეტული პირის მიმართ. კასატორი ასევე მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დისკრიმინაციული დიფერენციაციის განმარტებაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილებით შექმნილი კომისიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რადგან დავის საგანის - შპს „...ის“ მიერ ვ. ხ-ისა და ე. ტ-ის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს უარის თქმის საფუძვლის კანონთან შესაბამისობა. სადავო აქტების თანახმად, მოსარჩელის მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველად მითითებულია 2016 წლის 3 მარტის სხდომაზე მიღებული შეთანხმება („კომისიის სპეციალური შემადგენლობის მიერ, განსაკუთრებული მდგომარეობებით გამოწვეული წინასწარი შეთანხმების გარეშე, არ იქნეს დაფინანსებული ისეთი რესურსტევადი გეგმიური სერვისები, როგორიცაა მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროტეზირების ოპერაციები“). კასატორი ვერ უთითებს სხვა ნორმატიულად დადგენილ წესს, რომლიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას, ასევე ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლის 2016 წლის 3 მარტს და 28 მარტს განხორციელებულ მომსახურებაზე გავრცელების კანონიერებას, როდესაც მომსახურების მიმწოდებელს 2016 წლის 31 მარტის №10 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გამოცემამდე გააჩნდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ აუნაზღაურდებოდა მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება.

ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის დასაბუთებას კომისიის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგის სხვა შემთხვევებთან მიმართებაში გათვალისწინების ვალდებულების არარსებობის შესახებ. აღნიშნული მსჯელობის მართებულობა დასტურდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილებით განსაზღვრული „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას. აღნიშნულის მიუხედავად, მითითებული გარემოების გათვალისწინება ვერ შეცვლის ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგს, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები მაინც არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რამდენადაც სადავო შემთხვევებს ადგილი ჰქონდა უარის თქმის საფუძვლად მითითებული შეთანხმების მიღებამდე და შესაბამისად, მოგვიანებით მიღებული შეთანხმება არ შეიძლება გახდეს მანამდე განხორციელებული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე