#ბს-1212(კ-18) 27 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (უფლებამონაცვლე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 31 მაისს ე. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, არის აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის #696 ბრძანებით უკანონოდ ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა დაუსაბუთებელია, გასაჩივრებული ბრძანება მოიცავს მხოლოდ სამართლებრივ ნორმებს, რის გამოც მითითებული გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად დაირღვა მისი უფლებები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის #696 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის #696 ბრძანება ე. თ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის ჩამორთმევის შესახებ; მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ე. თ-ას აღუდგება იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. თ-ა დაიბადა 1980 წელს სოხუმში. სწავლა დაიწყო სოხუმის #1 საშუალო სკოლაში, სადაც ისწავლა 1991 წლამდე. 1991 წლიდან სწავლა განაგრძო წალენჯიხის #2 საშ. სკოლაში. სსიპ ქალაქ წალენჯიხის #2 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს გაცემული #1309502 ცნობის თანახმად, ე. თ-ა ლ., დაბადებული 1980 წლის 10 მაისს, 1991 წელს, მშობლების განცხადების საფუძველზე ჩაირიცხა ქალაქ წალენჯიხის #2 საშუალო სკოლის მე-5 კლასის გახანგრძლივებულ ჯგუფში. ცნობის საფუძველია წალენჯიხის #2 საშუალო სკოლის ბრძანებების წიგნი 1991-1992 წლების ბრძანება #8, 06 სექტემბერი, გვ.11, რიგითი #26.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის 15 ნოემბრის #01/1345 ცნობის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს 2016 წლის 18 ოქტომბრის #01-01/07/26623 წერილის პასუხად ეცნობა, რომ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ე. თ-ას (დაბ. 1980წ., პ/ნ ...), მშობლებთან ერთად, სოხუმის რაიონის სოფ. ... 1993 წლამდე (დევნილობამდე) მუდმივი მაცხოვრებლობა არ უდასტურდება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ და ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. სასამართლოს მითითებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასაამრთლოს მსჯელობა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
კონკრეტულ შემთხვევაში კი სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ე. თ-ა დაიბადა 1980 წელს სოხუმში. სწავლა დაიწყო სოხუმის #1 საშუალო სკოლაში, სადაც ისწავლა 1991 წლამდე. 1991 წლიდან სწავლა განაგრძო წალენჯიხის #2 საშ. სკოლაში. მართალია, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მშობლები ცხოვრობდნენ წალენჯიხაში, ადასტურებს, რომ მოსარჩელის მშობლების და შესაბამისად, მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა წალენჯიხა, თუმცა მოსარჩელე ე. თ-ას მუდმივ საცხოვრებლად მიიჩნევა ის ადგილი, სადაც იგი დაიბადა 1980 წელს და სწავლობდა უწყვეტად 1991 წლამდე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით, ამრიგად, ქალაქი სოხუმი წარმოადგენდა ე. თ-ას მუდმივ საცხოვრებელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დადგენილად მიიჩნიეს მოსარჩელე ე. თ-ას მუდმივად ცხოვრების ფაქტი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს არ შეუფასებია არასრულწლოვანის მშობლების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მშობლების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო წალენჯიხის რაიონი, თუმცა ამ ფაქტობრივ გარემოებას არ მიეცა სათანადო სამართლებრივი შეფასება, რამაც შედეგად საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. ამასთან, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის წერილით არ დასტურდება ე. თ-ას მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (უფლებამონაცვლე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეს - ე. თ-ას ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 10.3 მუხლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი იძლევა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის დეფინიციას, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია – დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2011 წლის 9 ივნისის #ბს-1896-1849(კ-10) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
კონკრეტულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. თ-ა დაიბადა 1980 წელს სოხუმში. სწავლა დაიწყო სოხუმის #1 საშუალო სკოლაში, სადაც ისწავლა 1991 წლამდე. 1991 წლიდან სწავლა განაგრძო წალენჯიხის #2 საშ. სკოლაში. მართალია, მოსარჩელის მშობლები ცხოვრობდნენ წალენჯიხაში, თუმცა მოსარჩელე ე. თ-ას მუდმივ საცხოვრებლად მიიჩნევა ის ადგილი, სადაც იგი დაიბადა 1980 წელს და სწავლობდა უწყვეტად 1991 წლამდე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით, ამრიგად, ქალაქი სოხუმი წარმოადგენდა ე. თ-ას მუდმივ საცხოვრებელს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, მხარეთა განმარტებების და მოწმის ჩვენების საფუძველზე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ვერ დგინდება დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძვლის არსებობა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ე. თ-ა წარმოადგენს პირს, რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი - ქალაქი სოხუმი, იქ განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, რაც მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის შენარჩუნების საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (უფლებამონაცვლე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი