საქმე №ბს-1231(2კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ს-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - ინდივიდუალური დმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ს-მა 2016 წლის 18 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2016 წლის 09 მარტის №10/10942 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 18 ოქტომბრის №04/6603 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ა. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით, ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 09 მარტის №10/10942 და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 18 ოქტომბრის №04/6603 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალათ კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტრომ, რომელთაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრომ.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე ჰქონდა გამოცემული. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ეყრდნობა სზაკ-ის მე-60 (პრიმა); 53-ე; 95-ე და 97-ე მუხლებს, რომელთა თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანი ვალდებულია საქმის გარემოებები გამოიკვლიოს სრულყოფილად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად არ დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული და შესწავლილი. სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა ისე, რომ არ შეუფასებია თუ რა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები იქნა დაუდგენელი/გამოუკვლეველი სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ანდა რომელი ისეთი ფაქტი დაედო სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად, რომელიც არ იყო სათანადო წესით შესწავლილი და გამოკვლეული.
სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 09 მარტის N10/10942 ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 09.03.16წ N01/492 წერილის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. შესაბამისად, კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით, სააგენტოს, როგორც სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონმდებლობისა და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გაცემა და მიღებულ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო გადაწყვეტილების მიღების დროს ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.
კასატორი მიიჩნევს, რომ აშკარაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა და შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის აუცილებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ა. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ განხორციელდა სამინისტროს უფლების სასამართლო წესით დაცვა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლო 2017 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო პალატამ შეამოწმა ამავე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, დანიშნა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით, სამინისტროს წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ყველა საპროცესო მოქმედებაში, თუმცა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სამინისტრო მითითებულია, როგორც მოწინააღმდეგე მხარე და არა როგორც აპელანტი. შესაბამისად, სასამართლოს არ უმსჯელია სააპელაციო საჩივარზე, რითაც დაირღვა სამინისტროს უფლების სასამართლო წესით დაცვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონებს ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2016 წლის 09 მარტის №10/10942 წერილით ა. ს-ს უარი ეთქვა თეთრიწყაროს სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. ...) იჯარით გაცემაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2016 წლის 09 მარტის №01/492 წერილი, რომლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიზანშეწონილად არ მიაჩნია სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. ...) იჯარით გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 18 ოქტომბრის №04/6603 გადაწყვეტილებით ა. ს-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამასთან მოსარჩელეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე და 177-ე მუხლების მეორე ნაწილის მოთხოვნები და სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება უკავშირდება აქტის შინაარსს, კერძოდ, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაში უნდა იყოს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განსახილველ საქმეზე არ განხორციელდა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რამ გამოიწვია უძრავი ქონების იჯარით გაცემაზე უარი. ამასთან, მხოლოდ სოფლის მოსახლეობის პოზიციაზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღება არ შეესაბამება აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობის უფლებით გადაცემის კანონით განსაზღვრულ მიზნებს. საქმის მასალებით არ დგინდება, რა კონკრეტული საჯარო ინტერესის დაცვა განახორციელა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ იჯარის გაცემაზე უარის თქმით, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დაეყრდნო და გაიზიარა მხოლოდ სოფელ ...ში მცხოვრები ექვსი მოქალაქის უარი მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის საკითხის გადაწყვეტა, მართალია, განეკუთვნება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს, თუმცა სასამართლოს მინიჭებული აქვს პროცესუალური კომპეტენცია, შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება, არ გამორიცხავს აქტის დასაბუთების საჭიროებას. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მხოლოდ მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, რამდენადაც დისკრეციული უფლებამოსილება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი გამოყენება იზღუდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით. რაც შეეხება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რამდენადაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დადასტურებულია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული წარმოება საერთოდ არ ჩაუტარებია, საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასების გარეშე მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება. ამდენად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების წინაპირობები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ადმინისტრაციული ორგანო ყველა შემთხვევაში ვალდებულია, განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა. განცხადების განხილვის დროს, უმთავრესია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლებში, დეტალურად გამოკვლეულ იქნეს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესახებ მონაცემები, შეფასდეს საჯარო და კერძო ინტერესის პროპორციულობა და შესაბამისი დასაბუთებით, თუ სათანადო მტკიცებულებით დადასტურდება მაღალი საჯარო ინტერესის არსებობა, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რა დროსაც ადმინისტრაციული აქტი უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, საკუთრების უფლების იჯარით გაცემაზე უარის საფუძვლის ზუსტი მითითებით.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე