Facebook Twitter

ბს-182-182(კ-18) 17 იანვარი, 2019 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „…ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…ამ“ 09.10.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსასხურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 22.07.2015წ. N134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.09.2015წ. N35578 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.06.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 22.07.2015წ. N134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.09.2015წ. N35578 ბრძანება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2017წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ახალი გადაწყვეტილებით შპს „…ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს …ს“ მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის შეფასება ზედნადების მრავალჯერადად გამოყენების გამორიცხვის შესახებ არ არის დასაბუთებული და არ ეფუძნება სათანადო სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნული მოსაზრება დაუშვებელია გავრცელდეს სადისტრიბუციო ზედნადებთან დაკავშირებით, რადგან მისი დანიშნულება სწორედ საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერის შედეგად მრავალჯერადი გამოყენებაა. დისტრიბუტორი არ არის ვალდებული ყოველი ახალი ტრასპორტირების დაწყებისას გამოწეროს ახალი ზედნადები. დისტრიბუცია გულისხმობს არა მხოლოდ ერთი მისამართიდან მეორე მისამართზე საქონლის გადაზიდვას, არამედ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მრავალ სხვადასხვა მისამართზე ვიზიტს. სადისტრიბუციო ზედნადების დანიშნულებაა, რომ გაამარტივოს დისტრიბუციის პროცესი და ყოველ ახალ მისამართზე ტვირთის ტრანსპორტირებისას მეწარმეს არ მოუწიოს ახალი ზედნადების გამოწერა. დისტრიბუციის ზედნადებში არ ივსება საქონლის მიმღების დასახელება და ტრანსპორტირების ადგილი, რაც სწორედ იმით არის განპირობებული, რომ შემძენი სხვადასხვა პირია, ისევე როგორც განსხვავებული ტრანსპორტირების მისამართები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არაერთხელ მოხდა მოსარჩელის ავტომობილის გადამოწმება, რომელიც გადაზიდვას სწორედ სადავო ზედნადების საფუძველზე ახორციელებდა. არც ერთ სხვა შემთხვევაში დარღვევა არ დადგენილა. კასატორი თვლის, რომ მას პასუხისმგებლობა დაეკისრა ისეთი ქმედებისათვის, რაც კანონმდებლობით აკრძალული არ იყო. კასატორი ასევე თვლის, რომ არარელევანტური იყო სააპელაციო პალატის მითითება დაბრუნების ზედნადების შედგენასთან დაკავშირებით.

კასატორმა აღნიშნა, რომ უდავოდ დასტურდება ავტომობილის შემოწმება სადავო ზედნადების გააქტიურებიდან მის დახურვამდე. სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩამოტვირთვა და საწყობში დაბრუნება არ მომხდარა, შესაბამისად არ შემდგარა საქონლის საწყობში დაბრუნების აქტი, მოხდა მხოლოდ საქონლის ნაწილის რეალიზაცია, რაზედაც გამოწერილია ქვეზედნადებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საგადასახდო კოდექსის 136.4 მუხლის თანახმად ქვეყნის შიგნით სამეწარმეო მიზნით საქონლის ტრანსპორტირებისას გათვალისწინებულია სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება. ზედნადები ივსება ელექტრონულად, ჩვეულებრივ, სხვა რეკვიზიტებთან ერთად ზედნადებში მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი, ასევე მყიდველის საიდენტიფიკაციო მონაცემები (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ 251 მუხ. მე-2, მე-4 პუნქტები). ზოგადი წესის მიხედვით, ზედნადები ივსება საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე და აქტიურია აღნიშნული ტრანსპორტირების დასრულებამდე, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მეწარმეს გამოწერილი ჰქონდა სადისტრიბუციო ზედნადები, რომელიც გამოიწერება საქონლის მთელ მოცულობაზე და მასში არ მიეთითება ტრანსპორტირების დასრულების ადგილი და საქონლის მიმღები პირი, რადგან სადისტრიბუციო ზედნადების თავისებურება არის ის, რომ მისი გამოწერა არ ხდება ერთ კონკრეტულ მისამართზე ერთი სუბიექტისათვის საქონლის მიწოდებისას, - სადისტრიბუციო ზედნადები გამოიწერება საქონლის მთელ მოცულობაზე. ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კანონმდებელი უკავშირებს ტრანსპორტირების დაწყების მომენტს, თუმცა კანონმდებლობით არ არის დადგენილი ზედნადების გამოყენების მაქსიმალური ვადა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვადის ნორმატიულად განუსაზღვრელობა არ ნიშნავს ერთხელ გამოწერილი სადისტრიბუციო ზედნადების უსასრულოდ გამოყენების შესაძლებლობას, ზედნადები აქტიური შეიძლება იყოს მხოლოდ გონივრული ვადით. განსახილველ შემთხვევაში ზედნადები გამოიწერა თითქმის ერთწლიან პერიოდზე. საქონლის ოდენობიდან, ღირებულებიდან, შემძენთა რაოდენობის, ადრესატების მისამართების სიმრავლის და სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორმა ვერ დაასაბუთა მის მიერ დადგენილი ვადის გონივრულობა, ზედნადების აქტიურობის ამდენად ხანგრძლივი ვადის განსაზღვრის ობიექტური საჭიროება. ამასთანავე, მართებულია კასატორი მოსაზრება, რომ სადისტრიბუციო ზედნადების დანიშნულება დისტრიბუციის პროცესის გამარტივებაა და ყოველდღიურად ახალი ზედნადების გამოწერა არ არის საჭირო, თუმცა აღნიშნული ვერ ასაბუთებს სადავო აქტების უკანონობას, ზედნადების მოქმედების ვადის თითქმის ერთწლიანი პერიოდით განსაზღვრის საჭიროებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო შპს „…ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „…ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2017წ. გადაწყვეტილება;

3. შპს „…ს“ (ს.კ.…) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.02.2018წ. N1518100185 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი