Facebook Twitter

ბს-667-667(2კ-18) 31 იანვარი, 2019 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თ. ბ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2018 წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ბ-ამ 15.06.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ თ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და … განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 03.01.2017წ. ბრძანების, თ. ბ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.05.2017წ. ბრანების ბათილად ცნობის, თ. ბ-ას ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის და განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.10.2017 წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ბ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თ. ბ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.05.2017წ. ბრძანება და სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თ. ბ-ამ.

კასატორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციისას, მოხელე, საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით. განსახვილევლ შემთხვევაში დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2016წ. ბრძანების საფუძველზე მოხდა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილების შეტანა, გაუქმდა … განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, რაც გახდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი, ხოლო ოთხი თვის შემდეგ მოხდა მისი სამინისტროდან დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანა და სამინისტროდან გათავისუფლება სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. რეორგანიზაციის შემდგომ შექმნილი საშტატო ერთეული იერარქიულად სხვა საფეხურზე იმყოფება, განსხვავებულია ფუნქციური დატვირთვა, ახალ შტატს აქვს ისეთი ფუნქციები, რომლის შესრულებაც რეორგანიზაციამდე თ. ბ-ას არ ევალებოდა, ასევე გაფართოვდა უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიული ფარგლები. საქმის მსალებით დასტურდება, როგორც შტატების ჯამური ოდენობის შემცირება, ასევე უშუალოდ მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულის რაოდენობის შემცირება. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა განყოფილება, რომელშიც თ. ბ-ა იყო დასაქმებული და რომელიც 7 საშტატო ერთეულს მოიცავდა, აღნიშნული განყოფილების უფლება-მოვალეობები შეკვეცილი სახით გადაეცა ერთ ახალ საშტატო ერთეულს. ფაქტობრივად მთლიანი განყოფილების ნაცვლად შეიქმნა 1 ახალი საშტატო ერთეული არსებითად განსხვავებული ფუნქციური დატვირთვით. მხოლოდ თანამდებობის დასახელებებს შორის სიტყვიერი მსგავსება არ უნდა გახდეს რეორგანიზაციამდე და მის შემდეგ შექმნილ თანამდებობათა იდენტურად მიჩნევის საფუძველი. შტატის ერთიდაიგივე მიმართულებით მუშაობა არ ადასტურებს მათ იდენტურობას. გასათვალისწინებელია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილ საშტატო ერთეულზე დაინიშნა რეორგანიზაციამდე არსებული განყოფილების უფროსი, რომელსაც ჰქონდა სათანადო კომპეტენცია.

კასატორმა თ. ბ-ამ აღნიშნა, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, სასამართლოს, საქმეში დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე, შეეძლო თავად გადაეწყვიტა დავა არსებითად. სასამართლომ დაადგინა, რომ მთავარი სპეციალისტის შტატს რეორგანიზაციის შემდეგ ძირითადად შენარჩუნებული აქვს რეორგანიზაციამდე არსებული ფუნქციები, აღნიშნული ადასტურებს, რომ შტატი არ გაუქმებულა, შესაბამისად, გამოირიცხება თ. ბ-ას გათავისუფლების საფუძვლები. შენარჩუნებულ შტატზე დაინიშნა განყოფილების ყოფილი უფროსი, რომელიც არ ფლობს სათანადო ცოდნასა და გამოცდილებას, რეორგანიზაციამდე მას არ ევალებოდა შტატისათვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულება, მისი უფლება-მოვალეობები იყო სრულიად განსხვავებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თ. ბ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ რეორგანიზაციის ფაქტი. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამასთანავე, შტატის მხოლოდ სახელის ან დაქვემდებარების ცვლილება არ ადასტურებს შტატის გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე კადრების განკარგულებაში გადაყვანილ იქნა, ხოლო მოგვიანებით შსს ორგანოებიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება რეორგანიზაციის შედეგად მთავარი სპეციალისტის 1 შტატის შენარჩუნება. რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდგომ მოქმედი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ რედაქციების ურთიერთშედარებით დასტურდება თ.ბ-ას მიერ დაკავებულ თანამდებობისა და ახლადშექმნილი შტატის ფუნქციურ დატვირთვას შორის არსებითი მსგავსება, ასევე დასტურდება ახალი ფუნქციების დამატებდა და ზოგიერთი ფუნქციის შემცირება. სამინისტროს სადავო აქტის გამოცემისას არ დაუსაბუთებია თ. ბ-ას მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის არა მხოლოდ ფორმალური, არამედ რეალური გაუქმება, თ. ბ-ას მიერ დაკავებული შტატის შემცირება. შტატისათვის მხოლოდ სახელის ან დაქვემდებარების შეცვლა არ ქმნის გათავისუფლებისათვის საკმარის საფუძველს. ორგანოს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობების გაუქმება, ახალ საშტატო ნუსხაში ტოლფასი თანამდებობის არარსებობა. ის, რომ სრულად გაუქმდა კონკრეტული განყოფილება არ ასაბუთებს მოსარჩელის საშტატო ერთეულის გაუქმებას, რადგან რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა მსგავსი ფუნქციური დატვირთვის მქონე შტატი. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც შტატი იმავე ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს, ახალი საშტატო ერთეულისათვის განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, არსებითად შეიცვალა საშტატო ერთეულის დასაკავებლად არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვ., განსახილველ შემთხვევაში ორგანოს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია მსგავსი გარემოებების არსებობა. შტატის ფუნქციური დატვირთვით შენარჩუნების შემთხვევაში დასაბუთებას საჭიროებს კონკრეტული მოხელისათვის უპირატესობის მინიჭება, რაც უნდა განხორციელდეს თ. ბ-ასა და ახალ საშტატო ერთეულზე დანიშნული მოხელის პროფესიული უნარჩვევეის, გამოცდილების, კომპეტენციის, პიროვნული მახასიათებლებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სხვა გარემოებების ურთიერთშედარების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თ. ბ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თ. ბ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2018წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი