Facebook Twitter

საქმე №ბს-1140(კ-18) 15 იანვარი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. გ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს პრეზიდენტი (მოპასუხე)

მესამე პირი - ი. ი-ი, ზ. ი-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ამ 2015 წლის 08 ოქტომბერს სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის, ი. ი-ისა და ზ. ი-ის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო

ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის 2012 წლის 24 აგვისტოს №ტ-1/1990 წერილის ბათილად ცნობა, მისი დანართის N46 გრაფაში მითითებული სადავო ქონების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში და დანართის №46 გრაფა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №11/09/02 განკარგულება დანართის №176 გრაფაში მითითებული სადავო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში ი. ი-ისათვის გადაცემის ნაწილში ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ი-ს შორის 2012 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (უძრავ ქონებაზე, მდებარე: სენაკი, ... ქუჩა №31) ბათილად ცნობა და ი. ი-სა და ზ. ი-ს შორის 2013 წლის 3 აპრილს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 თებერვლის საოქმო განჩინებით, გ. გ-ას სასარჩელო მოთხოვნა ი. ი-სა და ზ. ი-ს შორის 2013 წლის 3 აპრილს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად და შეჩერდა ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 თებერვლის საოქმო განჩინებით, გ. გ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით, შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება გ. გ-ას სარჩელის გამო მოპასუხეების-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის, ი. ი-ის,ზ. ი-ის მიმართ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურის სამმართველოს უფროსის 2012 წლის 24 აგვისტოს №ტ-1/1990 წერილის (მისი დანართის №46 გრაფაში მითითებული სადავო ქონების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში.

მოსარჩელემ 2013 წლის 18 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატაში შეიტანა კერძო საჩივარი აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივლისის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ, ი. ი-ი და ზ. ი-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, გ. გ-ას სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის, მესამე პირების - ი. ი-ის, ზ. ი-ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ამ და გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით გ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის მითითებით, ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა უდავო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ N9 ორდერით გ. გ-ას მიეცა სადავო ბინა. მიუხედავად აღნიშნულისა სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ ჰპოვა ასახვა გასაჩივრებულ სასამართლო აქტში (ორივე ინსტანციისაში) ფაქტობრივმა და სამართლებრივმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ სადავო ბინა წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევას, რომლის კანონიერი მოსარგებლე ამავე N73 ბრძანებულების შესაბამისად არის მხოლოდ გ. გ-ა და ექვემდებარება მისთვის საკუთრებაში გადაცემას. შესაბამისად, აღნიშნულ ბინაზე-ქონებაზე არ ვრცელდება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ამავე კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, და ამ კანონის გამოყენებით მასზე ადმინისტრაციული აქტების გამოცემა და პრივატიზება დაუშვებელია და ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო. სასამართლომ ამ ძირითად ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციაზე საერთოდ არ იმსჯელა და სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა.

კასატორმა დააყენა შუამდგომლობა,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ №3/3551-18 ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე, აღნიშნულ საქმეზე დავის საგანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზებს სამხარეო სამმართველოს უფროსის 2012 წლის 24 აგვისტოს №ტ-1/1990 წერილის კანონიერება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, შეჩერდა განსახილველი საქმის წარმოება გ. გ-ას მიერ აღძრულ სარჩელზე-საქმე №3/3551-18,საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ას საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 1995 წელს №5 სამშენებლო ტრესტმა 1995 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების მიხედვით გამოცემული №9 ორდერის საფუძველზე მას გადასცა ქ.სენაკი, ... №25-ში, ამჟამად №31-ში მდებარე ბინა №44, მომზადდა აღნიშნული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, მაგრამ მისი ნოტარიულად დამოწმება ვერ მოხერხდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 24 აგვისტოს №ტ-1/1990 წერილითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.სენაკი, ... №31-ში, სახლი №25, ბინა №44, ფართი 30კვ.მეტრი და აღნიშნული ბინა განიკარგა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ი. ი-ზე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ. გ-ას, უძრავ ქონებაზე მართლზომიერი ფლობა ან საკუთრების უფლება ეზღუდება სახელმწიფოს სახელზე განხორცილებული სადავო რეგისტრაციით, რაც გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის განხორციელებას საფუძვლად დაედო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 24 აგვისტოს №ტ-1/1990 წერილი, რომლის კანონიერებაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამდენად, პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება განიკარგა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქათველოს კანონისა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №11/09/02 განკარგულების მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს მის მიერ მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერი სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაადასტურეს მათ მიერ გამოცემული აქტების კანონიერება, ხოლო მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე