ბს-1305(3კ-18) 17 იანვარი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. გ-მა და ნ. გ-მა 11.05.2017წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დ. შ-ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თ. გ-ის, ნ. გ-ის და ნ. ბ-ის ნაწილში ბათილად ცნობის, საქართველოს პრეზიდენტის 29.08.2012წ. განკარგულების თ. გ-ის, ნ. გ-ის და ნ. ბ-ის ნაწილში ბათილად ცნობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 26.04.2017წ. აქტის ბათილად ცნობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა დ. შ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 29.08.2012წ. განკარგულება - დანართში მითითებულ ნაწილში, სადაც დ. შ-ასთან ერთად საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად მითითებულნი არიან თ. გ-ი, ნ. ბ-ე და ნ. გ-ი; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დ. შ-ას შორის 04.09.2012წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება თ. გ-ის, ნ. ბ-ისა და ნ. გ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 26.04.2017წ. აქტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა - თ. გ-ისა და მისი შვილების (ნ. ბ-ისა და ე. ბ-ის) და ნ. გ-ისა და მისი შვილის (მ. ქ-ას) არაკომპენსირებულ დევნილ პირებად ცნობა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორმა - საქართველოს პრეზინდენტმა აღნიშნა, რომ სადავო განკარგულების გამოცემა მოხდა ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა ამ უკანასკნელს შუამდგომლობით მიემართა პრეზიდენტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების პირდაპირი მიყიდვის ფორმით დევნილებისათვის გადაცემის მოთხოვნით. სწორედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ პრეზიდენტთან წარდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების საფუძველზე გამოიცა პრეზიდენტის სადავო განკარგულება. დევნილი ოჯახის შემადგენლობის განსაზღვრა არ იყო პრეზიდენტის კომპეტენცია. გასათვალისწინებელია, რომ თავად დევნილი პირია ვალდებული მისამართის ცვლილების შესახებ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.
კასატორმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები დედის - დ. შ-ას მისამართზე არიან რეგისტრირებულები, მათ ჰქონდათ ინფორმაცია ფართის დაკანონების შესახებ. ფართში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სამინისტრო. ხელშეკრულება დაიდო ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით, ხელშეკრულებაზე ოჯახის უფროსის ხელმოწერა საკმარისი იყო ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისათვის. ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი - დ. შ-ა იცნობდა ხელშეკრულების შინაარსს და მან თავისი ნებით აიღო ვალდებულება ხელშეკრულებაში მითითებული ოჯახის წევრების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, შესაბამისად, მოსარჩელეებმა პრეტენზია უნდა წაუყენონ ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირს და არა ადმინისტრაციულ ორგანოს. მოსარჩელეთა დედასთან ერთად ცხოვრებას ადასტურებს სამინისტროში მათ მიერ 2013 წელს წარდგენილი N70195 და N70196 გაცხადებები ალტერნატიული ფართის მოთხოვნის შესახებ. ამ წერილებზე პასუხებით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მათი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული იყო საცხოვრებელი ფართით, რაც გამორიცხავდა მათთვის დამატებითი ფართის გადაცემის შესაძლებლობას. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სარჩელი ხანდაზმულია
კასატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხორციელდება რამდენიმე ეტაპად, საბოლოოდ დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან იდება ხელშეკრულება, რისი საფუძველიც არის საქართველოს პრეზიდენტის დადგენილება. ხელშეკრულებაზე ერთი პირის ხელმოწერა საკმარისი იყო ფართის ოჯახის საკუთრებაში გადაცემისათვის. სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეთა უფლება არ იზღუდება, ამდენად, გამოირიცხება ხელშეკრულების დადებაზე მათი წერილობითი თანხმობის მიღების საჭიროება. კონკრეტულ ფართში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილების დადგენა არ შედიოდა სამინისტროს კომპეტენციაში. კასატორის მოსაზრებით, სარჩელი ხანდაზმულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელეთათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მათგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. არასწორია კასატორთა მოსაზრება ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელეთა წერილობითი თანხმობის საჭიროების გამორიცხვის შესახებ, რადგან სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეებს ერთმევათ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოსგან სხვა რაიმე კომპენსაციის და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება (2.4 პუნქტი), რაც სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეთა უფლებების შეზღუდვას ადასტურებს და წარმოშობს მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების დადებისას მათი წერილობითი თანხმობის წარდგენის საჭიროებას (სზაკ-ის 67.1 მუხ.).
დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან არ დგინდება ხელშეკრულების შინაარსის შესახებ თ. გ-ისა და ნ. გ-ისთვის ინფორმაციის მიწოდება. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 19.09.2013წ. წერილობითი პასუხებით მართალია მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მათ ოჯახს ფართი დაუკანონდა, თუმცა ფართის საკუთრებაში გადაცემის საფუძვლად არსებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ან ხელშეკრულება მათ არ გადასცემიათ. ამდენად, მოსარჩელეები მითითებულ დოკუმენტაციას 2013 წელს ოფიაციალურად არ გაცნობიან. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად, რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება არ გადასცემიათ მხარეებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აქტის გამოცემის პროცედურული წესების დაცვა იმთავითვე არ ადასტურებს აქტის მართლზომიერებას, რადგან ადმინისტრაციული აქტი კანონიერი უნდა იყოს როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ოჯახის შემადგენლობის დადგენა არ შედიოდა არც ერთი კასატორის უფლებამოსილებაში, არ ასაბუთებს სადავო აქტების კანონიერებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი