საქმე Nბს-1309(კ-18) 15 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ბ. ჭ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტერის ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)
მესამე პირები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ი. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ჭ-მა 2016 წლის 27 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ივნისის №... და №... გადაწყვეტილებების ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 19 თებერვლის №ე-ვადაგაგრძელებული-... აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, 2016 წლის 29 თებერვლის პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულება №ე-... და ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2016 წლის 07 აპრილს გაცემული №... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და ი. ს-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ი. ს-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით ბ. ჭ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოება (მათ შორის ნასყიდობა, ჩუქება, გაქირავება, იჯარა, თხოვება, იპოთეკით დატვირთვა) უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ...3, მიკრო/რაიონი IIIა, №338 და №343 კორპუსების მიმდებარედ 41 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი: №.., რომლის მესაკუთრეა ი. ს-ე და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ..., მიკრო/რაიონი IIIა, №338 და №343 კორპუსების მიმდებარედ 162 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე №1, №2, №3, №4, №5, №6, საკადასტრო კოდი: №..., რომლის მესაკუთრეა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.
აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჭ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით ბ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჭ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ძირითადად იმავე საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რამდენად კანონიერად და გარემოებების სრულად შესწავლით მოხდა ბ. ჭ-ის მიერ მისსავე საკუთრების საზღვრებში 2005 წლამდე აშენებული შენობა-ნაგებობების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრების გარეთ ცალკე ობიექტად. მის მიერ წინა მესაკუთრისგან (მ-ი, რომელმაც სახელმწიფოსგან აუქციონზე შეიძინა 2000 წელს 1000 კვ.მ მიწა) ქონების შეძენის დროს არც წინა მესაკუთრეს და არც მას არ განუხორციელებიათ საკადასტრო აზომვითი ნახაზის დაზუსტება, ვინაიდან, არ ჰქონდა საფუძველი ეჭვი შეეტანა სახელმწიფოს მიერ შედგენილი დოკუმენტაციის და მათ შორის აზომვითი ნახაზის სიზუსტეში, არც კანონიერი ვალდებულება ჰქონდა გადამოწმების. პირიქით, მარეგისტრირებელი ორგანო იყო პასუხისმგებელი რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. 2006-2007 წლებში შეიქმნა სახელმწიფო კოორდინატთა სისტემა, რომლის მთავარი მიზანი იყო უძრავი ნივთების ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა და ასახვა საჯარო რეესტრში. ამისათვის საჯარო რეესტრს უნდა მიეწოდებინა ზუსტი მონაცემები ყველა უძრავი ნივთის შესახებ ელექტრონულ ბაზაში შესატანად. ზუსტი მონაცემების წარდგენა კი გულისხმობს არა ძველი მონაცემების ავტომატურად გადატანას ბაზაში, არამედ ახალ აზომვას და შესაბამისად ასახვას, რაც საჯარო რეესტრს არ გაუკეთებია.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს შეესწავლა ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რომლის საფუძველზეც გამოსცა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ასევე, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონის „უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 32-ე მუხლის, რომლის თანახმადაც მარეგისტრირებელი პასუხს აგებს რეგისტრირებული მონაცემის და თავისთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობაზე.
რაც შეეხება აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში მოთხოვნას, კასატორს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს შეფასებები მისი კანონიერად მიჩნევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში უნდა მოხდეს აუქციონის შედეგების გაბათილებაც და ბ. ჭ-ის საკუთრების უფლების აღდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ... ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ... ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ... ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ... ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2016 წლის 14 აპრილს მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ", რომლითაც თვითმმართველის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისში, ..., ...ა მიკრო/რაიონი, №338 და №343-ე კორპუსების მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობით: 41.00 კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობა №1, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., 2016 წლის 7 აპრილის №... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ი. ს-ის სახელზე. ასევე დადგენილია, რომ ბ. ჭ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე 2001 წელს საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიით არის განხორციელებული რეგისტრაცია, 2011 წელს განხორციელებულია ელექტრონული რეგისტრაცია, ხოლო 2012 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა ბ. ჭ-ის სახელზე. დადასტურებულია, რომ არც ერთი აღნიშნული რეგისტრაციის შედეგად არსებული მდგომარეობა არ იწვევდა ზედდებას თვითმმართველი ქალაქის სახელზე რეგისტრირებულ ქონებასთან, რომელიც შემდეგ გასხვისდა ი. ს-ეზე, არამედ ზედდება გამოვლენილია მხოლოდ 2016 წლის 22 აპრილს წარდგენილი განცხადების თანდართული ნახაზით, რომლითაც შეცვალა უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის კონფიგურაცია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად იმსჯელა, რომ სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას (როგორც თვითმმართველზე, ასევე ი. ს-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას) არ ხდებოდა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან გადაფარვა და არ არსებობდა რეგისტრაციის გამომრიცხველი გარემოება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმდგენის ვალდებულებისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ბ. ჭ-ს, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ეზღუდება სადავო რეგისტრაციებით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაადასტურეს მათ მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, ხოლო მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ... ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის ... ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება;
3. კასატორს - ბ. ჭ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 19.11.2018წ. №18612569 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე