საქმე №ბს-108(უს-19) 7 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 10 მაისს გ. ქ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების (N492 ოქმი) ბათილად ცნობა გ. ქ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 540 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. ქ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინება.
2018 წლის 30 ოქტომბერს გ. ქ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ... ქ. #8 და #10 კორპუსებს შორის, 540 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით ... .
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან მოპოვებულ იქნა და საქმის მასალებს დაერთო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქ. თბილისში, ... ქ. #8 და #10 კორპუსებს შორის (საკადასტრო კოდით ...) ახლანდელი და წინა მესაკუთრეების თაობაზე მასალები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გ. ქ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა გ. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისში, ... ქ. #8 და #10 კორპუსებს შორის (საკადასტრო კოდით ...) ყადაღის დადება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გ. ქ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს,რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი,ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის 2009 წლის 28 სექტემბრის ამონაწერის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 541.00 კვ.მ, მდებარე: თბილისი, ... ქ. N8 და N 10 კორპუსებს შორის, საკადასტრო კოდი ..., დარეგისტრირდა ო. ფ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საკუთრების უფლების მოწმობა N..., დამოწმების თარიღი 31/08/2009წ., ქ. თბილისის საკრებულო. აღნიშნული რეგისტრაციისათვის 2009 წლის 17 სექტემბერს დაინტერესებულმა პირმა ო. ფ-ემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრებად აღიარებულ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართად მითითებულია, თბილისი, ... ქ. N8 და N10 კორპუსებს შორის.
სსიპ საჯარო რეესტრის 2014 წლის 10 სექტემბრის ამონაწერის მიხედვით, 2014 წლის 8 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 541.00 კვ.მ, მდებარე: თბილისი, ... ქ. N8 და N10 კორპუსებს შორის, საკადასტრო კოდი ..., დარეგისტრირდა ნ. ფ-ის სახელზე.
სსიპ საჯარო რეესტრის 2015 წლის 5 მარტის ამონაწერის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 541.00 კვ.მ, მდებარე: თბილისი, ... ქ. N8 და N 10 კორპუსებს შორის, საკადასტრო კოდი ..., დარეგისტრირდა გ. ქ-ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დათარიღებული 2015 წლის 27 თებერვლით.
2015 წლის 2 ნოემბერს გ. ქ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლითაც ქალაქ თბილისში, ... ქუჩაზე, N8 და N10 კორპუსებს შორის მდებარე N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 540 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. ქ-ის საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა, იმ მოტივით, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობდა 1970 წლიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 მარტის №492 გადაწყვეტილებით გ. ქ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა ქალაქ თბილისში, ... ქუჩა N8 და N10 კორპუსების მიმდებარე 540 კვ.მ მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი.
მოსარჩელის - გ. ქ-ის მიზანია ქ. თბილისში, ... ქუჩაზე N... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 540 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით ..., მისი საკუთრების უფლების აღიარება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ამავე მუხლით განსაზღვრულია მითითებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება; ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-ემ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი არც განცხადების და არც საჩივრის განხილვის დროს სასამართლოს მხრიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის. მხარე განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად უნდა მიუთითებდეს იმ კანონშეუსაბამობის თაობაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას ან შეუძლებლობას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, რაც გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, ამასთან, ქმნის სავარაუდო განცდას სარჩელის პერსპექტიულობის თაობაზე, რაც წინამდებარე შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს ;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრისა და 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი