საქმე №ბს-20 (კ-19) 12 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. დ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. დ-ემ 2017 წლის 15 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა დ. დ-ის ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის № 01/354 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება დ. დ-ის ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ... თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დ. დ-ისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან (03.08.2015 წ) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, თანამდებობრივი სარგოს სახით თვეში 1800 ლარის ოდენობით; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის დ. დ-ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით (იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების შესახებ) გასაწევი სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, რაც შეადგენს იმ თანხის 30 %-ს, რომელიც მოცემულ საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად უნდა მიიღოს მოსარჩელემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დ. დ-ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის N01/354 ბრძანება. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. დ-ის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ... თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალოს დ. დ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სამსახურიდან დათხოვნის დღიდან, 2015 წლის 3 აგვისტოდან, მის აღდგენამდე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება ყოველთვიური - 1800 ლარის ოდენობით. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა დ. დ-ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება იმ თანხის 30%-ის ოდენობით, რომელსაც მოცემულ საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად მიიღებს მოსარჩელე მხარე; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო), რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დ. დ-ის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ... თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; ასევე გაუქმდა აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები და აღნიშნული პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. დ-ის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ... თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა დ. დ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სამსახურიდან დათხოვნის დღიდან, 2015 წლის 3 აგვისტოდან, მის აღდგენამდე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება ყოველთვიური - 1800 ლარის ოდენობით. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა დ. დ-ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება იმ თანხის 4%-ის ოდენობით, რომელსაც მოცემულ საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად მიიღებს მოსარჩელე, არაუმეტეს 2 000 ლარისა. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირველი, მეორე, მე-6 და მე-7 პუნქტები.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს ქმნის.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 01 ნოემბრის №03/290 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ დ. დ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხან დაკავშირებით, ჩაატარა ახალი ადმინისტრაციული წარმოება, ხელახლა შეაფასა, გამოითხოვა და გამოიკვლია შესაბამის თანამშრომელთა წერილობითი-ახსნა განმარტებები, ჩაატარა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც დეტალურად იქნა შესწავლილი თითოეული ფაქტობრივი გარემოება, დ. დ-ის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით. აღნიშნული კომისიის მიერ მიღებულია დასკვნა, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის № 01/354 ბრძანების გამოცემას. დისციპლინური წარმოების პროცესში მოპოვებული მასალის ანალიზის საფუძველზე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. დ-ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, თანამშრომლებთან ავრცელებდა მიზანმიმართულ მცდარ ინფორმაციას. იგი მსგავსი ქმედებებით პროგრამის განხორციელებას უქმნიდა რეალურ საფრთხეს, რაც ცალსახად ეწინააღმდეგებოდა საჯარო ინტერესს.
კასატორი მიუთითებს, რომ დ. დ-ის საკითხის რეალობის დადგენასთან დაკავშირებით ჩატარებული ინსპექტირების დასკვნა (2015 წელი) და „დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა (2017 წელი) არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლის საფუძველზე, 2017 წლის 17 ნოემბრის №01/354 ბრძანების გამოცემის საფუძვლად ასევე მითითებულ იქნა: 1. სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება (რასაც 2015 წლის 03 აგვისტოს №01/232 ბრძანება არ ასახავდა) 2. თანამდებობასთან შეუსაბამობა, არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები (რასაც 2015 წლის 03 აგვისტოს №01/232 ბრძანება არ ასახავდა). საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები კომისიის დასკვნის მიხედვით განსხვავებულად შეფასდა, განსხვავებულია ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველიც, ასევე ასახულია დამატებით ფაქტობრივი გარემოებები, რაც ქმნიდა დ. დ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველს. სასამართლოს მიერ „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილების გამოყენებასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება გავიგოთ როგორც საყოველთაო თავისუფლების კანონის მიღმა არსებული თავისუფლება. ნებისმიერი სუბიექტი თავისუფალია მანამ, სანამ მისი უფლების განხორციელებით ზიანი არ ადგება სხვათა უფლებას, ასევე სახელმწიფო ინტერესს. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს საჯარო მოსამსახურის, როგორც მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება და საჯარო მოსამსახურის, როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენლის გამოხატვის თავისუფლების ხარისხი. საჯარო მოსამსახურე, როგორც მოქალაქე სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების ისეთივე ხარისხით, როგორც ნებისმიერი მოქალაქე; ხოლო საჯარო მოსამსახურის, როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენლის გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი სამსახურებრივი სტატუსი და ამ სტატუსიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები.
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ ხელმძღვანელი პირის ცილისწამება სასამართლომ შეაფასა თანამშრომელთა საქმიანობის მიმართ გამოხატულ შეხედულებად, რომელიც თანხვედრაში არ არის იმავე საკითხებზე ამ თანამშრომელთა შეხედულებებთან. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, (მიუთითებს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის №ბს-226-222 (კ-15) გადაწყვეტილებაზე, საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის №ბს-270-255(კ-07) გადაწყვეტილება.) რომლის მიხედვით თანამდებობის პირის მხრიდან თანამდებობაზე ყოფნისას მოქმედი ხელმძღვანელის კრიტიკა, მით უფრო ცილისწამება,ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართულ უღირს საქციელს წარმოადგენს. კანონის ნორმის შინაარსის მიხედვით კი, ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული უღირსი საქციელი წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას.
კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც თბილისის საქალაქო, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვერ შეაფასა ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმე. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება მიზნად ისახავს შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების დამატებითი შანსის მიცემას. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რა დროსაც ურთიერთობის შემდგომი გაგრძელება დამსაქმებელს არ შეიძლება მოეთხოვოს და დამსაქმებელი თავისუფლდება უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისგან, ასეთ შემთხვევაში დასაქმებულის ქცევა დარღვევასთან ერთად დასაქმებულის მიმართ ნდობის დაკარგვას იწვევს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის N01/354 ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 აგვისტოს №01/232 ბრძანება დ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. დ-ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ემსჯელა და დაესაბუთებინა თუ რაში მდგომარეობდა უხეში დარღვევა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებდა ასეთ გადაწყვეტილებას და რატომ იყო გამორიცხული სხვა სახის დისციპლინური სახდელის გამოყენება მოხელის მიმართ, რომელსაც არც ერთი მოქმედი დისციპლინური სახდელი არ ჰქონდა, თუმცა გასაჩივრებული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოვლენილი სხვა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ამგვარი
გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების მითითება მასზედ, რომ ის ფაქტები, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნია, მათი დადასტურების შემთხვევაშიც არ ქმნიდა მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა ისეთი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე მხარე შემოიფარგლა იმავე სახის მტკიცებულებებით და იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სადავო გადაწყვეტილება, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს დ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე