Facebook Twitter

საქმე ბს-880 (გ-18) 21 თებერვალი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის, წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 02.11.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს ,,…-ის’’ მიმართ მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის დავალიანების და პირგასამტეხლოს, ჯამში 15 223,17 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში დაკისრების მოთხოვნით (საიჯარო ქირის დავალიანება - 1 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო საპრივატიზებო ღირებულებისათვის - 6141,20 აშშ დოლარი, სხვა ვალდებულებებისათვის - 6141,57 აშშ დოლარი, №112 ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად - 1575,40 აშშ დოლარი, №113 ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად - 352 აშშ დოლარი, №114 ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად - 352 აშშ დოლარი, №115 ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად - 330 აშშ დოლარი, №116 ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად - 330 აშშ დოლარი). მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე შპს ,,…’’-ს მიერ სააგენტოს სასარგებლოდ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის გამო ფულადი ანაზღაურების ჯამში - 103 190,7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში დაკისრება (იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოძრავი ქონების დაუბრუნებლობისათვის გადაუხდელი საპრივატიზებო საფასური - 69 786,74 აშშ დოლარი, №112 ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად - 17 902,14 აშშ დოლარი, №113 ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად - 4000,48 აშშ დოლარი, №114 ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად - 4000,48 აშშ დოლარი, №115 ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად 3750,44 აშშ დოლარი, №116 ოქმი/ხელშეკრულების შესაბამისად 3740,44 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში).

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა (უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს ,,…-ს’’ შორის 13.12.2007წ. დადებული №53 ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს იჯარა - გამოსყიდვის უფლებით 89 800 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა 3 ტრაქტორი და 4 სხვა მოწყობილობა. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, 13.12.2014წ. ჩათვლით. ამასთან, შპს ,,…-მა’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისიის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების 21.04.2008წ. N…, N…, N…, N…, N… დამადასტურებელი ოქმებით მოიპოვა პრივატიზების უფლება კარტოფილის 1 სარგავზე, ვენახის 3 ფრეზაზე და 2 სათიბელაზე, რომელთა საპრივატიზებო თანხა უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში. შპს არ იხდიდა შესაბამის თანხებს, რისთვისაც დამატებით ეკისრებოდა პირგასამტეხლო, თუმცა სააგენტოს კეთილი ნების საფუძველზე მას ეპატია სახელშეკრულებლო ვალდებულებების (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისთვის 2016 წლის 01 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 01 იანვრამდე, ამასთან, 2016 წლის 28 მარტიდან გათავისუფლდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა (საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გარდა) და 2014 წლის 01 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისგან. საპრივატიზებო თანხის, საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს გადასახდელად დამატებით მიეცა ვადა 2016 წლის 31 იანვრამდე, თუმცა შპს-მ თანხა არ გადაიხადა, ამიტომ სააგენტომ ზემოთაღნიშნული ოქმი/ხელშეკრულებები 2017 წლის 01 იანვრიდან ცალმხრივად შეწყვიტა. მოსარჩელე თვლის, რომ უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფო ქონების დაბრუნება, თუმცა მოპასუხეს მოძრავი ქონება უკან არ დაუბრუნებია, შესაბამისად, ვალდებულია აანაზღაუროს მისი საფასური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2018წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისთვის არსებითია დადებული ხელშეკრულების ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს შეადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,…-ს’’ შორის დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ზ’’ პუნქტზე და აღნიშნა, რომ გარიგების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევისათვის საჭიროა გარიგების დადებისას იკვეთებოდეს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, რომ იგი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, ვინაიდან არ არის დაკავშირებული საჯარო უფლებამოსილების განხორციელებასთან. შესაბამისად, სადავო ურთიერთობა მიეკუთვნება არა ადმინისტრაციულ, არამედ სამოქალაქო-სამართლებრივ კატეგორიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.07.2018წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ყოველი პირი უნდა განსჯადოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სასამართლომ მიუთითა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს, გარდა იმისა, რომ დავის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილების დასადგენად გადამწყვეტია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი - ადმინისტრაციული კანონმდებლობა. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო ,,სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ 30.05.1997წ. კანონისა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 20.09.2017წ. №1-4/415 ბრძანების საფუძველზე, ამასთანავე, აუქციონები, რომელთა საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო პრივატიზების უფლებები, გაიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის განსჯადია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად, დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) ძირითადი მახასიათებელია ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (იხ. სუს 26.12.2013წ. განჩინება საქმეზე ბს-31-27(კ-13)). ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, ხოლო კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანს შეადგენს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა (უფლებამონაცვლე - სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტო) და შპს ,,…’’-ს შორის 13.12.2007წ. დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების 21.04.2008წ. დამადასტურებელი ოქმი-ხელშეკრულებების შეუსრულებლობის გამო შპს „…-თვის“ 15 223,17 დოლარის ეკვივალენტი ლარში დაკისრება და ნივთების დაბრუნების შეუძლებლობის გამო 103 190,7 დოლარის ეკვივალენტი ლარში ანაზღაურება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა სადავო სამართალურთიერთობის იმანენტური ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს, ამდენად, კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (იხ. სუს 11.09.2014 წ. განჩინება საქმეზე Nბს-350-316(გ-14)).

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული 13.12.2007წ. იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით, შპს „…-ს“ იჯარა-გამოსყიდვის უფლებით, 89 800 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 ტრაქტორი და 4 სხვა მოწყობილობა. ამასთან, საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება სამოქალაქო-სამართლებრივია, რადგან მასში არ იკვეთება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი. საკასაციო პალატა არ იზიარებს მითითებულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება საგნობრივ განსჯადობას, შესაბამისად უნდა შეფასდეს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი. ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ კანონის 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება იყო ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. პრივატიზაციის პროცესი სცილდება კერძოსამართლებრივ სფეროს, ამ ურთიერთობაში სახელმწიფო არ გამოდის ურთიერთობის თანასწორ მონაწილედ, კერძო პირად. იჯარა-გამოსყიდვა წარმოადგენს პრივატიზაციის ერთ-ერთ ფორმას. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.1999წ. N1-3/152 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ დებულების თანახმად, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია იჯარით გაცემული ქონების გამოსყიდვამდე მოიჯარისთვის სამეურნეო და სხვა საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვისათვის, ტერიტორიალური ფასეულობის ვადიანი და სასყიდლიანი მფლობელობისა და სარგებლობის უფლების მინიჭება (1-ლი მუხ.). ამასთანავე, იჯარა-გამოსყიდვა ეხება განსახელმწიფოებრიობას, სახელმწიფო ქონების კერძო პირის საკუთრებაში გადაცემას. აღნიშნული დებულების მე-5 მუხლით დადგენილია მოიჯარის ვალდებულება იჯარა-გამოსყიდვით აღებული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას საკონკურსო პირობებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მოიჯარე იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმდება დარჩენილი საიჯარო ქონების ღირებულების და/ან გადასახდელი ქირის 0,1%-ით. იჯარა-გამოსყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი და საკონკურსო პირობები ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე (საქართველოს პრეზიდენტის 17.11.1997წ. N671, 22.11.1998წ. N654, 19.08.2010წ. N659, 27.09.2012წ. N898 ბრძანებულებები) განისაზღვრებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნება საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს. მხარეთა შორის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება დადებულია ,,სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ 30.05.1997წ. კანონის, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.1999წ. N1-3/152 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“ საფუძველზე, ამდენად, სახეზეა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი დავა, ხოლო პრივატიზების ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.

მეორე სასარჩელო მოთხოვნა ეხება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 21.04.2008წ. აუქციონში გამარჯვების ოქმი-ხელშეკრულებების N… - N… გამო წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებას. აღნიშნულ აუქციონში გამარჯვების 21.04.2008წ. ოქმი-ხელშეკრულებების შესაბამისად, „…-ს“ გადაეცა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომლის საპრივატიზებო საფასური უნდა დაეფარა ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში. სადავო პერიოდში მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ კანონის 6.1 მუხლი განსაზღვრავდა, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა აუქციონი. ამავე მუხლის მე-3 პუქტის თანახმად, პირობით გამოცხადებული აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის მიზანი იყო საკუთრების უფლების მინიჭება იმ მყიდველისთვის, რომელიც აიღებდა გამოცხადებული პირობების დაკმაყოფილების ვალდებულებას და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებდა. აუქციონის ჩატარების დროს მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 11.09.2007წ. N1-1/1366 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ დებულებით წესრიგდებოდა აუქციონის ჩატარების წესი და პირობები. დებულების 4.7 მუხლის, 6.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის წერილობითი ხელშეკრულება. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას მოითხოვს, რადგან ხელშეკრულება საჯარო კანონმდებლობის საფუძველზეა დადებული და შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომელთან დაკავშირებითაც წარმოშობილი დავები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნის ვალდებულებით-სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალება, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, აღნიშბული არ გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დავის განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს იმ ხელშეკრულებებიდან, რომლებიც დაიდო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით. სახელმწიფო ქონების განკარგვა მოხდა ,,სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ კანონის მიხედვით. ამდენად, მხარეთა შორის დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, ადმინისტრაციული ხელშეკრულებებია. შესაბამისად, მათი შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2018წ. განჩინება არ არის დასაბუთებული, განჩინება არ შეიცავს რაიმე მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიჩნია იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად, კოლეგიას არ უმსჯელია აუქციონში გამარჯვების ოქმი-ხელშეკრულებების ბუნებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავა განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე,

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ.როინიშვილი