Facebook Twitter
საქმე Nბს-1551(კ-18) 19 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ბ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 31 ივლისს სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა 2008 წლის 8 თებერვლის №29, №30, №31 და №32 მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმების ბათილად ცნობა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, სსიპ სახელწმიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნ. ბ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2008 წლის 08 თებერვლის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №29; №30; №31; №32 ოქმები.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის დამატებითი განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 02 სექტემბრის საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისისა და 2018 წლის 12 ივლისის დამატებითი განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2008 წლის 08 თებერვლის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N29, N30, N31, N32 ოქმის ბათილად ცნობა წარმოადგენდა. სასამართლომ სრულიად მართებულად დაადგინა, რომ "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის მესამე პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ნ. ბ-ის მიერ იჯარით აღებული საძოვარი არ განეკუთვნებოდა პრივატიზებას დაქვემდებარებულ მიწის ნაკვეთთა კატეგორიას და მისი პირდაპირი მიყიდვის წესით მოიჯარის საკუთრებაში გადაცემა ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნული მსჯელობის შედეგად, ცალსახაა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს. ერთადერთი მოტივი, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას (უზენაესი სასამართლოს მოტივაციის გათვალისწინებით), სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გასვლა იყო:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის" 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, განმარტა, რომ ვინაიდან ოქმი, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდა მოსარჩელე, მიღებული იყო 2008 წლის 08 თებერვალს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2015 წლის 30 ივნისს, აღნიშნულის გამო გაშვებული იყო კანონით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 - წლიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ 07.08.2012 წელს მიღებულ დადგენილებაში "სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ" არ იყო გამოკვეთილი ისეთი გარემოებები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოსათვის იქცეოდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად და საფუძვლად დაედებოდა სასარჩელო მოთხოვნას. პალატის მოსაზრებით სარჩელი ემყარებოდა მხოლოდ ერთადერთ საფუძველს, რომ პრივატიზების პროცესში დაირღვა ზემოთდასახელებული კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნები. მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ პალატის მოსაზრებას არ ეთანხმება კასატორი და განვმარტავს, შემდეგს:
2012 წელს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგად დადგენილ იქნა მთელი რიგი ახალი ფაქტობრივი გარემოებები: გამოძიებამ დაადგინა, რომ თ. ა-მ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევით სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (მათ შორის ნ. ბ-ეს) საკუთრებაში გადასცა ნინოწმინდისა და ასპინძის რაიონებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თ. ა-მა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ჩადენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა, მას შეეთავაზა განრიდება. სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის 2013 წლის 31 ივლისის წერილით სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრს გადაეგზავნა ზემოაღნიშნული დადგენილება, გამოძიების ეტაპზე გამოთხოვილი საპრივატიზებო საქმეები და ეთხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 02 დეკემბრის N1-1/355 ბრძანების თანახმად, სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება 2013 წლის 31 ივლისის N13/34-78155 წერილში მითითებული, 2007-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კანონდარღვევით განხორციელებული პრივატიზების საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე. აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამხარეო სამმართველოს სამართალმემკვიდრეს (მისი უფლებამონაცვლე თავად ეკონომიკის სამინისტროა), სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაფუძნებულია 2012 წლის 17 სექტემბერს და ამ დროიდანაა უფლებამოსილი და პასუხისმგებელი სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის 1-1/1742 ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ზოგიერთი ბრძანება, მათ შორის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის N1-1/24 ბრძანება და ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოები. შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამხარეო სამმართველოც. ლიკვიდაცია განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ და ამავე დროს, სამხარეო ტერიტორიული ორგანოები შედიოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში, ამდენად, მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა და არა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში უფლების დარღვევის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2013 წლის 31 ივლისს, განრიდების სახით მიღებული დადგენილების პროკურატურის მიერ სააგენტოსათვის გადმოგზავნის შემდგომ, შესაბამისად, მოსარჩელეს ამ დროიდან წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, რაც განახორციელა კიდეც 2015 წელს სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამრიგად კასატორი მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების უკანონოდ გასხვისების ფაქტი ცნობილი გახდა აღნიშნული წერილის საფუძველზე და ამ დრომდე მოსარჩელემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა გასაჩივრებული აქტის უკანონობის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ. სუს 24.01.17წ. №ბს-451-446 (კ-16), 28.09.17წ. Nბს-362-359(კ-17), 20.07.17წ. Nბს-442-439(კ-17), 15.02.2018 წ. Nბს-767-759(კ-16) განჩინებები 01.05.2018წ. Nბს-748-744(კ-17) გადაწყვეტილება) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვიმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიან ვადას ითვალისწინებდა ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" 30.05.1997წ. კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტი, იმავე ვადას ითვალისწინებს დღეს მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი. საქმის მასალების მიხედვით, სადავო მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N29, N30, N31 და N32 ოქმები 08.02.2008 წლით არის დათარიღებული, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელი რაიონულ სასამართლოში აღიძრა 31.07.2015 წელს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ სარჩელის წარდგენა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ხანდაზმოლობის ვადის 2013 წლის 31 ივლისიდან ათვლის თაობაზე, ვინაიდან სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის 2013 წლის 31 ივლისის წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს გადაეგზავნა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ 07.08.2012 წელს მიღებული დადგენილება „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარი თქმის შესახებ“ და მასში არ არის გამოკვეთილი ან/და დადგენილი ისეთი გარემოებები, რაც ადმინისტრაციული ორგანოსათვის იქცეოდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად და საფუძვლად დაედებოდა წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
რაც შეეხება სააპელაციო პალატის მიერ 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით ნ. ბ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის კასატორისათვის დაკისრების კანონიერებას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად დააკისრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ნ. ბ-ის სასარგებლოდ მის მიერ 2016 წლის 02 სექტემბრის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის და 2018 წლის 12 ივლისის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ნ. სხირტლაძე