Facebook Twitter

საქმე Nბს-1560(კ-18) 11 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…ი“

მესამე პირი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინება და 2018 წლის 12 ივლისის დამატებითი განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 15 სექტემბერს შპს „…მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ თავდაპირველად მის მიერ 2013 წლის 16 ივლისიდან 2013 წლის 25 ივლისის პერიოდში პაციენტ გ. ო-ისთვის გაწეული 3991,35 ლარის ოდენობით სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების დაკისრება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2013 წლის 16 ივლისიდან 2013 წლის 25 ივლისის პერიოდში პაციენტ გ. ო-ისთვის გაწეული 10079,34 ლარის ოდენობით სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე შპს „…ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 12 ივლისიდან 2013 წლის 25 ივლისამდე პაციენტ გ. ო-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება 10079,34 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება; შპს „…ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…მა“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით შპს „…ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 503,97 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2019 წლის 29 იანვარს. ხარვეზის შევსების ვადის დენა 2019 წლის 30 იანვრიდან დაიწყო და 2019 წლის 5 თებერვალს ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 1 აპრილს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემობები ქმნიდა სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას, რამდენადაც, ადგილი არ ჰქონდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას მოსარჩელის ბრალით, კერძოდ, უდავოდ დადგენილია, რომ პაციენტ გ. ო-ის შემთხვევა დადგა 2013 წლის 12 ივლისს, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შემთხვევის შესახებ შეტყობინება მოსარჩელემ განახორციელა იმავე წლის 16 ივლისს, რა დროსაც დაირღვა სააგენტოსთვის ასანაზღაურებელი შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადა, თუმცა დადგენილია, რომ პაციენტ გ. ო-ის (მისი ახლობლების) მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შპს „…მა“ პაციენტის მოთავსების დღესვე, კერძო სადაზღვეო კომპანია „...თან“ ცხელი ხაზის მეშვეობით განახორციელა შეტყობინება. მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ კომპანია „...ის“ მიერ დადასტურდა შეტყობინების მიღება და პაციენტ გ. ო-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის შემდგომში შესაბამისი ანაზღაურება. 2013 წლის 16 ივლისს, სადაზღვევო კომპანია „...ის“ ოპერატორთან საუბრისას შპს „…ისათვის“ ცნობილი გახდა, რომ პაციენტი გ. ო-ი სადაზღვევო კომპანია „...ის“ ბენეფიციარი იყო 2013 წლის 4 ივლისიდან, იგი ითვლებოდა არა კერძო სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარად, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლედ და სახელმწიფო იყო ვალდებული პაციენტის მკურნალობის ანაზღაურებაზე. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ პაციენტის კლინიკაში მოთავსების მომენტიდან კლინიკა ობიექტურად ეცადა დაედგინა შემთხვევის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი და პაციენტის ახლობლებისა და კერძო დაზღვევის მიერ არასრული ინფორმაციის მიწოდება გახდა საფუძველი იმისა, რომ 2013 წლის 16 ივლისამდე დაწესებულებისათვის არ იყო ცნობილი, რომ პაციენტი სწორედ საყოველთაო დაზღვევით სარგებლობდა. შესაბამისად, კლინიკა ,,2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით შემთხვევის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში სააგენტოს ვერ დაუკავშირდებოდა, რადგან მისთვის ობიექტურად არ იყო ცნობილი ასეთის განხორციელების აუცილებლობის შესახებ. ამასთანავე, მითითებული ფაქტი კლინიკის უმოქმედობით ან საკითხისადმი დაუდევარი მიდგომით არ ყოფილა გამოწვეული.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და დასაბუთებული სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინება და 2018 წლის 12 ივლისის დამატებითი განჩინება;

3. კასატორს - სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 23.01.2019წ. №00675 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 503.97 ლარის 70% - 352.77 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე