Facebook Twitter

საქმე Nბს-1571(კს-18) 12 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ქ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მესამე პირი - ნ. გ-ი

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ქ-ემ 2018 წლის 3 აპრილს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 მარტის N114/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის - მიუღებელი ყოველთვიური ფულადი სარგოს გადახდევინების დაკისრება.

მცხეთის რაიონულის სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებან. გ-ი.

მცხეთის რაიონულის სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, ა. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 მარტის №114/კ ბრძანება ა. ქ-ის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის ... თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ჯეროვნად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმსჯელოს მოსარჩელე ა. ქ-ესთან მიმართებაში რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო გათავისუფლების საკითხზე და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

მცხეთის რაიონული სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე ა. ქ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 07 (შვიდი) დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა: სააპელაციო საჩივარში მიეთითებინა თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების ფაქტობრივი და/ან სამართლებრივი უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, ასევე დაევალა სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის წარმოდგენა, რამდენი მხარეც არის საქმეში, სააპელაციო საჩივრის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

აღნიშნული განჩინება ა. ქ-ეს ჩაბარდა პირადად 2018 წლის 15 ოქტომბერს ფოსტის საშუალებით (ს.ფ 155). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2018 წლის 24 ოქტომბერს (ფოსტის საშუალებით გადმოგზავნილი 22.10.2018 წელი) ა. ქ-ის წარმომადგენელმა თ. ს-ამ განცხადებით მომართა სააპელაციო სასამართლოს და იმის გათვალისწინებით, რომ მარწმუნებელი ცხოვრობს თიანეთში და განჩინების გადაცემა მისთვის ვერ მოხდა დროულად და შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ მოხერხდა ხარვეზის აღმოფხვრა, მოითხოვა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება მინიმალური ვადით (ს.ფ 156).

იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის მისამართია თიანეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ..., სადაც აპელანტს ფოსტის საშუალებით ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ხოლო წარმომადგენლის მისამართია თბილისი და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მხარის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოშიც იცავდა წარმომადგენელი და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსებაც საჭიროებდა წარმომადგენლის ჩართულობას, პალატამ განცხადება მიიჩნია საფუძვლიანად, 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, ა. ქ-ის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა, ა. ქ-ეს გაუგრძელდა 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 5 (ხუთი) დღით, განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.

აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა პირადად 2018 წლის 6 ნოემბერს ფოსტის საშუალებით, ხოლო წარმომადგენელს - თ. ს-ას პირადად 2018 წლის 5 ნოემბერს ასევე ფოსტის საშუალებით (ს.ფ 166-167).

2018 წლის 14 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა ა. ქ-ის განცხადება (ფოსტის საშუალებით), სადაც კვლავ მიუთითებდა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს სააპელაციო საჩივრის დაზუსტებას და კიდევ ერთხელ ითხოვს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელებას მინიმალური ვადით. (ს.ფ 168-169).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონულის სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ავტორს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის (4.10.2018 წელი) შევსება არ შეიცავდა სირთულეს და არ იყო დაკავშირებული მხარის მიერ განსაკუთრებულ ძალისხმევასთან, ასევე ვადის გაგრძელების მოთხოვნის საფუძველი წინა შემთხვევის ანალოგიური იყო (ადვოკატის არყოფნა) და მხარეს შეეძლო სხვა ადვოკატის დაქირავებაც ხარვეზი შევსებული არ იქნა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რის გამოც ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ქ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შეილახა მისი უფლება - მიიღოს ჯეროვანი მართლმსაჯულება, რადგან სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაგრძელდა მხოლოდ ერთხელ. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ცხოვრობს სოფელში და ვერ ახორციელებს აქტიურ კომუნიკაციას თბილისში მცხოვრებ მის წარმომადგენელთან, თუმცა მას გააჩნია საქმის განხილვის მიმართ ინტერესი, რის გამოც უნდა მიეცეს შესაძლებლობა დაასაბუთოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების უსწორობა.

კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაცი პალატის შეფასებას, რომ მას შეეძლო სხვა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა და ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქმეში მონაწილე ადვოკატი იურიდიულ მომსახურებას უწევს ანაზღაურების გარეშე და არ გააჩნია საშუალება ისარგებლოს სხვა წარმომადგენლის მომსახურებით, ხოლო სააპელაციო საჩივრის დასაბუთება მისთვის როგორც არაიურისტისთვის წარმოადგენს სირთულეს, ამდენად ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმებას, რადგან მიეცეს შესაძლებლობა მისი იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლოში დაიცვას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული შრომის უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. ქ-ის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დაცვით მოხდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება და შესაბამისად, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გამოტანა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, ა. ქ-ის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა, ა. ქ-ეს გაუგრძელდა 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 5 (ხუთი) დღით განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა პირადად 2018 წლის 6 ნოემბერს ფოსტის საშუალებით, ხოლო წარმომადგენელს - თ. ს-ას პირადად 2018 წლის 5 ნოემბერს ასევე ფოსტის საშუალებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, ა. ქ-ის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ აპელანტს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გაუგრძელა 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად ვადა 5 დღით, შესაბამისად, აპელანტს მიეცა შესაძლებლობა წარედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და დაეცვა მისი უფლება სასამართლო წესით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობა გამოიწვია მისმა სოფლად ცხოვრებამ და ამის გამო წარმომადგენელთან კომუნიკაციის ნაკლებობამ, ვინაიდან, საქმეზე წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით (ს.ფ.166) დასტურდება, რომ ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების შესახებ 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება 2018 წლის 5 ნოემბერს ჩაბარდა უშუალოდ წარმომადგენელს, ხოლო მეორე დღეს ჩაბარდა აპელანტს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატას გააჩნდა ა. ქ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინება ა. ქ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 64-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე