41-კოლ 15 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე,
ლ. მურუსიძე
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით გ. ნ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის «დ» და «კ» პუნქტებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ქსნის ¹-- მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა გ. ნ-მა, რომელსაც საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 აგვისტოს განაჩენით მიესაჯა 9 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2004 წლის 25 სექტემბერს, ღამით, მოკვლის მიზნით, უმიზეზოდ, ხულიგნური ქვენაგრძნობით, მძინარე, უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსჯავრდებულ კ. დ-ეს მისსავე სადგომში თანნაქონი დანით მიაყენა გულმკერდის არეში სიცოცხლისათვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანება. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად კ. დ-ძე სიკვდილს გადარჩა.
მსჯავრდებულ გ. ნ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ბ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მას საფუძვლად დაედო მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებულია კანონის წესის დარღვევით.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. ბ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული გ. ნ-ლი.
პროკურორმა ნ. ნ-ემ დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
სასამართლო კოლეგიამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გამოკვლეულ მტკიცებულებებს და დაადგინა კანონიერი და სამართლიანი განაჩენი, რომლის გაუქმების კანონიერი საფუძველი პალატას არ გააჩნია.
პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას მტკიცებულებათა უკმარისობის თაობაზე, რომ, თითქოს განაჩენს საფუძვლად დაედო მტკიცებულებანი, რომლებიც მოპოვებულია კანონის წესის დარღვევით.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიას საკმაო მტკიცებულება გააჩნდა გ. ნ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. განაჩენით მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულ კ. დ-ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, მოწმეების _ ს. ჭ-ის, გ. ი-ას, გ. ჩ-ის, ქ. კ-ის, გ. ჩ-სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და წარმოდგენის ოქმებით, 2004 წლის -- სექტემბრის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ შედგენილი აქტით, სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, საქმეზე ამოღებული ნივთმტკიცებებითა და სხვა მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ. ნ-ის ქმედებას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს (დაავადებულია ტუბერკულოზით; ნასამართლევია, სასჯელის მოხდის დროს კვლავ ჩაიდინა დანაშაული) და სასჯელის ზომაც სამართლიანად განუსაზღვრა.
ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.