საქმე №ბს-1034 (კ-18) 6 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - საქართველოს მთავარი პროკურატურა, ზუგდიდის რაიონული პროკურატურა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ. ლ-ა (მოსარჩელე)
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ლ-ამ 2017 წლის 16 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის მიმართ და მოითხოვა უკანონოდ დაკავების, სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების გამო,მორალური ზიანის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს მთავარ პროკურატურას თ. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ, რომელთაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს მთავარ პროკურატურას თ. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 (ორი ათასი) ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული,გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია,რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორები მიუთითებენ, რომ სისხლისამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას. კასატორის განმარტებით, საქმის მასალებიდან დგინდება, თ. ლ-ას მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით ამ მიზნით და კანონის შესაბამისად, მის მიმართ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას თ. ლ-ას მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად. შესაბამისად, სახეზე არ არის პროკურატურის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს საქართველოს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას, იმ შემთხვევაში თუ ზიანი მიყენებულია განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით და ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის არსებობს პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამასთან, ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 სექტემბრის განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულ თ. ლ-ას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით თ. ლ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ამასთან, თ. ლ-ას განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ჰქონდა მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენი თ. ლ-ას მიმართ დარჩა უცვლელი. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ 2016 წლის სექტემბერიდან მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო 2017 წლის 30 იანვარს თ. ლ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. ლ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და გამამართლებელი განაჩენი ერთობლიობაში ქმნის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
საკასაციო პალატა მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის გონივრულობასთან დაკავშირებით, თ. ლ-ას პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (4 თვე და 28 დღე) გათვალისწინებით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე