საქმე №ბს-689-689(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ს-მა 2017 წლის 5 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 თებერვლის N8 საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიერ კომისიაში 2016 წლის 25 აგვისტოს წარდგენილ იქნა განცხადება კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 870 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და შენობა - ნაგებობის მდებარე ქ. თბილისში, ... (ნაკვეთი №3/18-ის) მდებარედ, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. აღნიშნულ განცხადებაზე, კომისიის მიერ 2017 წლის 30 იანვრის № 570 ოქმის შესაბამისად, 2017 წლის 13 თებერვალს გამოცემულ იქნა განკარგულება №8 საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება უშუალოდ განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის მიღება მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევით, კერძოდ: არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და არ იმსჯელა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტზე მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 თებერვლის N8 განკარგულება მ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, ... (ნაკვეთი N 3/18-ის) მიმდებარედ 870,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე მ. ს-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით (რომელიც ადგეს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენს დოკუმენტების ჩამონათვალს) და განმარტა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად მ. ს-ს, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, უნდა წარედგინა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტებული თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც აღნიშნული ნორმის თანახმად შეიძლება იყოს, ცნობა - დახასიათება უფლების დამდასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტები.
სააპელაციო პალატამ, დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... (ნაკვეთი 3/18-ის) მიმდებარედ 870, 00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დამაგრებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, მ. ს-ის მიერ არ არის აშენებული 2007 წლის 1 იანვრამდე და ეს ფაქტი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. თუმცა პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელი ერთადერთი მტკიცებულება, რაც მოსარჩელე მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი არის მოწმეთა ჩვენებები, რაც არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას და საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის, მოწმეებთან ერთად სახეზე უნდა იყოს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტიც, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები, რაც მის მიერ არ ვერ იქნა წარდგენილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით,რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც შეიცვალა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთებას, რომელიც უნდა აქარწყლებდეს საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების დასკვნებსა და შეფასებებს და გამომდინარეობდეს საქმეში შეკრებილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზისა და შეფასებებიდან.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მის მიერ საქმეზე არ არის წარმოდგენილი და საქმეში არ მოიპოვება ისეთი წერილობითი (დოკუმენტალური) მტკიცებულები, რომლებიც მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებთან ერთად, ერთობლიობაში ქმნიან სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებებთან ერთად საქმეზე წარდგენილია მის მიერ კომისიაში განცხადების შეტანისას მასზე დართული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი, მათ შორის მ. ს-ის პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებით, სიტუაციური გეგმა, ორთოფოტოები 2006 და 2010 წლების მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია, უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ნაკვეთზე არსებული ღობისა და შენობა - ნაგებობის ხანდაზმულობის შესახებ დასკვა, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების წესის შესაბამისად ქმნიდა საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს.
კასატორი მექანიკურ შეცდომად მოიაზრებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ფაქტზე, რომ თითქოს „ცალსახად დადასტურებულია ის გარემოება,რომ ქ.თბილისში, ... (ნაკვეთი N 3/18-ის) მიმდებარედ 870,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დამაგრებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, მ. ს-ის მიერ არ არის აშენებული 2007 წლის 01 იანვრამდე და ეს ფაქტი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ“, ვინაიდან დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ჩანაწერის საერთო შინაარსიდან, ამასთან პირიქით, მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდიდა არა ზოგადად მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტს, არამედ უშუალოდ კასატორის მიერ ამ მოქმედების განხორციელებას.
კასატორი მიუთითებს, რომ მისი მოთხოვნა არ იყო სასამართლო „დაყრდნობადა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, როგორც არაპირდაპირ მტკიცებულებას და პალატას შესაძლებლობა ჰქონდა შეეფასებინა ის ემპირიული წესების საფუძველზე, სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტთან - საქმეზე წარმოდგენილ ორთოფოტოებთან ერთად, როგორც ეს განახორციელა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შესაბამისი პერიოდის (2007 წლამდე მდგომარეობით) ორთოფოტო უდავოდ წარმოადგენს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს , რომლის შეფასებაც შესაძლებელია მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებთან ერთობლიობაში, იმ ლოგიკით, რომ ორთოფოტოზე ჩანს კონკრეტულ პერიოდში (განსახილველ შემთხვევაში-2007 წლამდე მდგომარეობით) მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობების გამოსახულება, მაგრამ არ არის ცნობილი ვის მიერ განხორციელდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, რასთან დაკავშირებითაც, თავის მხრივ, ინფორმაციას გვაწვდის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები და ერთობლიობაში ქმნის შესაძლებლობას მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობის დასადგენად (სუსგ Nბს-68-68(კ-18);სუსგ N ბს-819-815(კ-17);სუსგ Nბს-522-509(კ-14)).
კასატორის მითითებით, საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში პირდაპირ მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის მითითებული ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლში.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება ლახავს სამართლიანი სასამართლოს უფლების პრინციპს და ახალისებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობითი საქმიანობის განხორციელებისას კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას, რაც ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს არაერთგზის განმარტებას - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესის დაცვის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულების, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ ( სუსგ 23.09.2014წ N ბს-246-243(კ-14)).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ს-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
განსახილველი დავის საგანს მ. ს-ის მიმართ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 თებერვლის N8 საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ განკარგულების კანონიერების დადგენა წარმოადგენს. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას მოსარჩელე - მ. ს-ი ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი მტკიცებულებების მიუხედავად, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები სრულყოფილად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოსცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილება არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლების მქონე სუბიექტებს, პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მითითებული წესის მე- 5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით.
აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად განმარტებულია თუ რა არის თვითნებურად დაკავებული მიწა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველად მიუთითებს დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის აუცილებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 25 აგვისტოს კომისიაში მ. ს-ის, როგორც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილია განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა ქ. თბილისში, ... (ნაკვეთი 3/18-ის) მიმდებარედ 870, 00 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. დადგენილია, რომ განცხადებასთან ერთად მის მიერ წარდგენილ იქნა, მ. ს-ის პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებით, სიტუაციური გეგმა, ორთოფოტოები 2006 და 2010 წლების მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ნაკვეთზე არსებული ღობისა და შენობა - ნაგებობის ხანდაზმულობის შესახებ დასკვნა. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს ადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 ნაწილი და ესენია: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე - 2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი, რა დროსაც დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით დადგენილი პროცედურით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ გარემოების გარკვევას და დასაბუთებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს, მ. ს-თან მიმართებაში ადგილი ხომ არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესის დარღვევას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ 2017 წლის 13 თებერვალს მიღებული N8 განკარგულებით, მ. ს-ს უარი უთხრა მოთხოვნილი 870, 00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დაუდასტურდა უშუალოდ განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე ისეთი სახის წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოვლევის ფაქტს, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დადასტურებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის განცხადების განხილვის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაინტერესებული პირის - მ. ს-ის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული მტკიცებულებების, მის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, ამასთან საყურადღებოა, რომ აღნიშნული განმარტება არ შეიცავს დათქმას, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობა აშენებული უნდა იყოს იმ დაინტერესებული პირის მიერ, რომელიც ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას, თუმცა, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს და განსაზღვრავს, იმ მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება. ამდენად, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მითითებული შეზღუდვებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ეს შენობა - ნგებობები არ არის დაინტერესებული პირის მიერ აშენებული, უნდა გამოიკვლიოს მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობებზე ვრცელდება თუ არა ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილი შეზღუდვები. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მსჯელობას, მ. ს-ის განცხადებაზე დართული დოკუმენტები, ადმინისტრაციულმა ორგანომ რა გარემოებაზე დაყრდნობით არ მიიჩნია განცხადების დაკმაყოფილებისათვის საკმარის მტკიცებულებად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ განცხადებას დაურთო არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენება, არამედ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე - 2 მუხლის პირველი პუქნტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, 2006 წლის ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მტკიცების მაღალი ხარისხით აკისრებს ვალდებულებას, განმცხადებლის მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რისთვისაც საჭიროა ადმინისტრაციულ ორგანოს დაედგინა: სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში და თვითნებურად დაკავების ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულების მითითებით, აესახა მ. ს-ის მიმართ გამოცემულ განკარგულებაში. ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უნდა გამოეკვლია კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ ხომ არ არსებობდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებები და ასეთის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთება ასახული უნდა ყოფილიყო სადავო განკარგულებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ განხორციელებული არ არის.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება თუ არა აღიარებას და უარყოფით შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული განმცხადებლის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, ვინაიდან დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, არსებობს საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების წინაპირობები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ აღიარების კომისია ყველა შემთხვევაში ვალდებულია, 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე - 2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში განახორციელოს საკუთრების უფლების აღიარება. განცხადების განხილვის დროს, უმთავრესია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლებში, გამოკვლეულ იქნეს მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი და ასეთი ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას განმცხადებელს საკუთრების უფლების აღიარებაზე, რა დროსაც ადმინისტრაციული აქტი უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის საფუძვლის ზუსტი მითითებით.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ს-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის გათვალისწინებით, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მ. ს-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 400 (100+300) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (პირველი ინსტანციის სასამართლოში – 100 ლარის ოდენობით; საკასაციო სასამართლოში – 300 ლარის ოდენობით) ანაზღაურების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 თებერვლის N8 განკარგულება მ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 ლარის (100+300) ანაზღაურება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე