#ბს-798(კ-18) 27 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ბ-ე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 15 მარტს ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, მას სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2011 წლის 1 მარტიდან, რომელიც ერიცხებოდა სს „...ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე. მისთვის ცნობილი არ იყო ის გარემოება, რომ კუთვნილი საპენსიო თანხა ყოველთვიურად უნდა გაეტანა. აღნიშნულს ფიზიკურადაც ვერ შეძლებდა, ვინაიდან მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი იყო შუახევი, სოფელი ..., სადაც არ ფუნქციონირებდა კომერციული ბანკები. ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
მოსარჩელის განმარტებით, მას კუთვნილი სახელმწიფო პენსია არ მიუღია 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნ. ბ-ემ 2016 წლის 2 თებერვალს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მიუღებელი პენსიის შესახებ ინფორმაციის გაცემა, ასევე მოითხოვა მისთვის გაუცემელი საპენსიო თანხების ანაზღაურება. 2016 წლის 16 თებერვალს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცა #04/12461 აქტი, რომლითაც განემარტა, რომ არ არსებობდა ნ. ბ-ისათვის 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით საპენსიო თანხის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის #04/12461 მომართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის კუთვნილი საპენსიო თანხების - 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით, სრულად ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის #04/12461 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის კუთვნილი საპენსიო თანხების - 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით, მოსარჩელე ნ. ბ-ისათვის სრულად ანაზღაურება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ეს სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2011 წლის 1 მარტიდან, თვეში 84 ლარის (80 ლარი სახელმწიფო პენსია, 4 ლარი შრომის სტაჟის დანამატი) ოდენობით. 2012 წლის 1 იანვრიდან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მას შეუჩერდა სახელმწიფო პენსია, სს „...ის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, „ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ბენეფიციარის მხრიდან სახელმწიფო გასაცემლის მიუღებლობის გამო“. ნ. ბ-ემ განყოფილებას სახელმწიფო პენსიის განახლების მოთხოვნით განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს. მის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის დარიცხვა განახლდა 2014 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო მიუღებელი გასული პერიოდის სახელმწიფო პენსია, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე, დაერიცხა 832 ლარის ოდენობით, სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის #04/12461 წერილის თანახმად, ნ. ბ-ის წარმომადგენელს - რ. ფ-ეს მისი 2016 წლის 2 თებერვლის #10219 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს #01-48/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე (მუხლი 12), იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, საპენსიო პაკეტი ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ნ. ბ-ემ სააგენტოს შუახევის რაიონულ განყოფილებას პენსიის განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2014 წლის 1 თებერვლიდან მას განუახლდა საპენსიო პაკეტით განსაზღვრული ფულადი გასაცემელი - 150 ლარის ოდენობით, ამასთანავე აუნაზღაურდა 2012 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი - 832 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ისათვის გასული პერიოდის (2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით) საპენსიო თანხების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებდა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავდა პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენდა პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებული იყო კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის #190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნები იყო მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ფუნქციებს და უფლებამოსილებებს - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება წარმოადგენდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი იყო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამავე კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებდა პენსიის შეჩერება/განახლების საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდებოდა ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავდა პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს, კერძოდ, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდებოდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ იყო განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდებოდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება - პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობდა.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგებოდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანება „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ დანართი #1 მე-8 მუხლით განსაზღვრული იყო პენსიის შეჩერება/განახლების საფუძვლები, კერძოდ, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდებოდა პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის შემთხვევაში, ანუ როდესაც არ ხდებოდა მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ეს სახელმწიფო პენსია საპენსიო ასაკის გამო დაენიშნა 2011 წლის 1 მარტიდან, რომელიც შეუჩერდა 2012 წლის 1 იანვრიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო გასაცემელის მიუღებლობის გამო. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის #04/12461 წერილით, ნ. ბ-ის წარმომადგენელს - რ. ფ-ეს მისი 2016 წლის 2 თებერვლის #10219 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს #01-48/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე (მუხლი 12), იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ - 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლებოდა შეწყვეტილად და აუნაზღაურდებოდათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, საპენსიო პაკეტი ინიშნებოდა განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
ნ. ბ-ემ სააგენტოს შუახევის რაიონულ განყოფილებას პენსიის განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს. 2014 წლის 1 თებერვლიდან მას განუახლდა „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემელი - 150 ლარის ოდენობით, ამასთან, აუნაზღაურდა 2012 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი - 832 ლარის ოდენობით. ნ. ბ-ისათვის გასული პერიოდის (2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით) საპენსიო თანხების ანაზღაურების მოთხოვნაზე უარი ეთქვა, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მოტივით.
საქმის მასალებით დადგენილია და მოსარჩელეც არ ხდიდა სადავოდ იმ გარემოებას, რომ მას არ მიუმართავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი მომსახურების ცენტრისათვის ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფო პენსიის მიღების მოთხოვნით და მიმართა 2014 წლის 6 იანვარს, რაც „სახელმწიფო პენსიის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე არ ქმნიდა მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველს. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ პირის მიერ საბანკო ანგარიშიდან ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ ხდებოდა თანხის გატანა, არ შეიძლებოდა გამხდარიყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს #01-48/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდით პირისათვის კანონით მინიჭებული უფლების - სახელწიფო პენსიის მიღების უფლების წართმევის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „სახელმწიფო პენსიის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამგვარი შემთხვევებისათვის სპეციალური ვადას აწესებდა, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, პენსია შეწყდებოდა პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავდა ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლებოდა გამოცემულიყო მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა ყოფილიყო, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი უპირატესი იურიდიული ძალით სარგებლობდა „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებასთან მიმართებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე ნ. ბ-ეს სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2011 წლის 1 მარტიდან, თვეში 84 ლარის ოდენობით. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „...ის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, „ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ბენეფიციარის მხრიდან სახელმწიფო გასაცემლის მიუღებლობის გამო“, ნ. ბ-ეს 2012 წლის 1 იანვრიდან შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის გაცემა. სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის განყოფილებას ნ. ბ-ემ სახელმწიფო პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს, რის საფუძველზეც მის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის დარიცხვა განახლდა 2014 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო მიუღებელი გასული პერიოდის სახელმწიფო პენსია დაერიცხა 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდზე, რის შედეგადაც მიუღებელი გასაცემლის თანხამ შეადგინა 832 ლარი. 2016 წლის 2 თებერვალს ნ. ბ-ის წარმომადგენელმა #10219 წერილით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საპენსიო თანხების - 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით, სრულად ანაზღაურება. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის #04/12461 მიმართვით განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს #01-48/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე (მუხლი 12), იმ პირებისათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, საპენსიო პაკეტი ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ნ. ბ-ემ სააგენტოს შუახევის რაიონულ განყოფილებას პენსიის განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს, მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, 2014 წლის 1 თებერვლიდან მას განუახლდა საპენსიო პაკეტით განსაზღვრული ფულადი გასაცემელი - 150 ლარის ოდენობით, ამასთანავე აუნაზღაურდა 2012 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი - 832 ლარის ოდენობით, რის გამოც ნ. ბ-ისათვის გასული პერიოდის (2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით) საპენსიო თანხების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის #04/12461 მომართვის ბათილად ცნობა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის განყოფილებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კუთვნილი საპენსიო თანხების - 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით ანაზღაურების დაკისრება (მოთხოვნა მითითებულ ნაწილში დაზუსტდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე).
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის თაობაზე ემყარებოდა შესაბამისი სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების არასწორ განმარტებას. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პენსიონერს უფლება ჰქონდა: ა) მიეღო პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) დამატებით მიეღო სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ესარგებლა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. იმავე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული იყო სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძვლები. აღნიშნული კანონის (2012 წლის 1 სექტემბრამდე რედაქციით) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავდა, რომ პენსიის გაცემა შეჩერდებოდა საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსიის გაცემის შეჩერების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი გაცემა განახლდებოდა პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს და ანაზღაურდებოდა მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2012 წლის 22 ივნისის #6550 კანონით შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც 2012 წლის 1 სექტემბრიდან მითითებული კანონის მე-16 მუხლი ამოქმედდა შემდეგი რედაქციით: პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდებოდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას. პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდებოდა მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდებოდა მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ (2012 წლის 1 სექტემბრამდე რედაქციით) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას, აგრეთვე, გათვალისწინებული იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით შეჩერებულად ითვლება და თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, მაშინ პენსია შეწყდება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს #48/ნ ბრძანების „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: გარდამავალ ეტაპზე, გასული პერიოდის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შემდეგი სახით: იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ – 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესს და აღნიშნავს, რომ ნ. ბ-ეს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუჩერდა 2012 წლის 1 იანვრიდან. ნ. ბ-ემ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის განყოფილებას სახელმწიფო პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს, ანუ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, რის შედეგადაც მასზე გაიცა 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდზე მიუღებელი გასაცემელი და გასაცემლის დარიცხვა განახლდა 2014 წლის 1 თებერვლიდან, რაც სრულად შეესაბამებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების შესახებ“ (ამ პერიოდისათვის მოქმედი რედაქციით) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კუთვნილი საპენსიო თანხების - 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობის თაობაზე, რამდენადაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი შეჩერებული პენსიის განახლების პირობებში დასაშვებად თვლიდა არა უმეტეს ერთი წლის პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურებას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარდამავალი დებულებების არარსებობის პირობებშიც კი, მოსარჩელის მოთხოვნა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას ანაზღაურებული ჰქონდა მიუღებელი 9 თვიანი პერიოდი, შესაძლოა ეფუძნებოდეს მხოლოდ 3 თვის გასაცემლის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლომ აქვე გაითვალისწინა ის პრინციპი, რაც უკავშირდებოდა სახელმწიფოს უფლებას - მოეხდინა სოციალური რეგულაციების დადგენა, მათი კორექტირება, რაც დამოკიდებული და განპირობებული იყო სახელმწიფო შესაძლებლობებით და სოციალური ბალანსის დადგენის საჭიროებით და მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი უარეყო გარდამავალი დებულებების მოთხოვნები, განემარტა, რომ ადგილი ჰქონდა პენსიის შეჩერებას და არა შეწყვეტას და სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების გზით აენაზღაურებინა თუნდაც მითითებული 3-თვიანი პერიოდი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: კასატორი - ნ. ბ-ე წარმოადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტს, რომელსაც სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2011 წლის 1 მარტიდან, თვეში 84 ლარის ოდენობით. 2012 წლის 1 იანვრიდან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სს „...ის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მას შეუჩერდა სახელმწიფო პენსია „ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ბენეფიციარის მხრიდან სახელმწიფო გასაცემლის მიუღებლობის გამო“. ნ. ბ-ემ ადმინისტრაციულ ორგანოს სახელმწიფო პენსიის განახლების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს. მის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის დარიცხვა, „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განახლდა 2014 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო მიუღებელი გასული პერიოდის სახელმწიფო პენსია დაერიცხა 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე - 832 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის #04/12461 წერილზე, რომლის თანახმად, ნ. ბ-ის წარმომადგენელს - რ. ფ-ეს მისი 2016 წლის 2 თებერვლის #10219 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს #01-48/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ - 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ საპენსიო პაკეტი ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ნ. ბ-ემ სააგენტოს შუახევის რაიონულ განყოფილებას პენსიის განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2014 წლის 1 თებერვლიდან მას განუახლდა „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემელი - 150 ლარის ოდენობით, ამასთანავე, აუნაზღაურდა 2012 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი - 832 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ისათვის გასული პერიოდის (2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით) საპენსიო თანხების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის #04/12461 წერილის კანონიერების დადგენა წარმოადგენდა. სადავო აქტის გაუქმებას მოსარჩელე ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ პენსიის შეწყვეტა მოხდა უკანონოდ. სააპელაციო სასამართლომ ერთმანეთთან გააიგივა პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამის თაობაზე არ მიუღია რაიმე ადმინისტრაციული აქტი. შესაბამისად, პენსიის შეჩერებაც იყო უკანონო, რაც, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკაშირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს პენსიის შეჩერება/განახლების საფუძვლებს. კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულია პენსიის შეწყვეტის წესი და პირობები, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს პენსიის გაცემის შეწყვეტის ვალდებულებას შეჩერებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ. შეჩერებული პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსია განახლდება და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან. პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16.2 მუხ., 14.2 მუხ., ამჟამად მოქმედი „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.3 მუხ.), შეწყვეტიდან პენსიის ხელახლა დანიშვნამდე სახელმწიფო გასაცემელი არ ანაზღაურდება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ნ. ბ-ის პენსიის შეჩერების, ასევე პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. მოსაზრება იმის შესახებ, რომ პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო ფაქტობრივი გარემოებები, რომ ნ. ბ-ეს ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსია არ მიუღია, თავისთავად გამოიწვევდა დამდგარ შედეგს, კერძოდ, სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერებას, ხოლო შემდეგ შეწყვეტას, არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პენსიის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს, მისი შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლებს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილება, საქმე #ბს-365-360(კ-16)), რომლის თანახმად, განიმარტა, რომ „სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ. პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, ასეთ შემთხვევაში მოქალაქის განცხადების საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც, თუ მოქალაქის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოთხოვნებს და განცხადებას ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი, საჯარო დაწესებულება ახდენს პენსიის დანიშვნის შესახებ მოქალაქის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ე.ი. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი არის პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის მიმართვა, აქტის გამოცემა“.
„ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. კანონი განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება. სახელმწიფო ხელისუფლება კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად თავისი საქმიანობით უშუალოდ კი არ უპირისპირდება მოქალაქეს, არამედ გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც მიიღება კონკრეტული ზომა, როგორც სამართლიანი, განსაზღვრული და სავალდებულო ძალის მქონე ქმედება. სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქმნის აქტის ამოქმედების შემდგომ მისი თვითაღსრულების პირობას. აღნიშნულში ვლინდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებით სამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას პირის ნების საწინააღმდეგოდ, მის ხელთ არსებული კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების გამოყენებით აღასრულოს აქტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების სამართლებრივი ფუნქცია იმაში ვლინდება, რომ ის არის აღსრულების დაწყების აუცილებელი წინაპირობა“.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. საქმის მასალებში არ მოიპოვება ნ. ბ-ის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. ასევე არ დასტურდება მათი ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტი, რაც სააპელაციო პალატის მიერ არ შეფასებულა, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს საფუძვლად დაედო სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილი, ნ. ბ-ის მიერ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის უდავო ფაქტობრივი გარემოება. საკასაციო სასამართლო მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები არ ადასტურებდა სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის მართლზომიერებას. სააპელაციო პალატის მიერ საქმის ხელახლა განხილვისას, მნიშვნელოვანი იყო, ასევე, შეფასებულიყო ის გარემოებები, რომ პენსიონერი ნ. ბ-ე ცხოვრობს შუახევის რაიონში, სოფელ ..., სადაც არ ფუნქციონირებს ბანკების ფილიალები და ბანკომატები. აღნიშნული სოფელი დაბა შუახევიდან დაშორებულია 32 კმ-ით. ნ. ბ-ე დაავადებულია და გადის მკურნალობის კურსს, რის გამოც ვერ ახერხებდა თანხების ანგარიშიდან განაღდებას.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი ოქმის თანახმად, ყოველ პირს აქვს მისი საკუთრების პატივისცემის უფლება. პენსიის მოთხოვნა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18.11.2004წ. დადგენილება საქმეზე „პრავედნაია რუსეთის წინააღმდეგ“). პენსია სოციალური უზრუნველყოფის განსხვავებული ტიპის ბენეფიტია, ის წარმოიშობა უფლების საფუძველზე, მიუხედავად პირის ქონებრივი მდგომარეობისა. განსახილველ შემთხვევაში ნ. ბ-ეს როგორც პენსიონერს, პენსიის პერიოდული მიღების უფლება სამისდღემშიოდ, მოპოვებული ჰქონდა ასაკის გამო. საქმეზე „სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პრეცედენტულ სამართალში შენატანების საფუძველზე უზრუნველყოფილი დახმარებების საქმეები გაიმიჯნა იმ საქმეებისაგან, რომლებიც შენატანებთან არ იყო დაკავშირებული. ახალი მიდგომის თანახმად, თუ მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს სოციალური კეთილდღეობის დახმარებას - შენატანების წინასწარი გადახდის ან გადაუხდელობის პირობით, ასეთი კანონმდებლობა განხილული უნდა იქნეს, როგორც მესაკუთრის ინტერესის წარმომშობი, რაც პირველი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში ექცევა მათთვის, ვინც ამ კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მრავალი ადამიანი, სრულიად ან ნაწილობრივ, სოციალურ დახმარებებზეა დამოკიდებული. მრავალი შიდასახელმწიფოებრივი სისტემა აღიარებს, რომ ასეთ პირებს სჭირდებათ საიმედოობის და უსაფრთხოების გარკვეული ხარისხი. აქედან გამომდინარე, სოციალური დახმარება განიხილება, როგორც უფლება. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ბ-ეს კანონით აქვს მინიჭებული სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, რომელიც სრულად ვერ იქნა რეალიზებული.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო იმ გარემოებების დადგენა, მოცემულ შემთხვევაში რამდენად კანონიერი იყო ნ. ბ-ისათვის პენსიის შეჩერება და შეწყვეტა იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ასეთი გადაწყვეტილებების მიღების ფაქტი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატას ზემოაღნიშნულ გარემოებათა დადგენის შემთხვევაში უნდა ემსჯელა ნ. ბ-ისათვის პენსიის სრულად ანაზღაურების საკითხზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, გაუქმებულიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებოდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სს „...ის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, „ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ბენეფიციარის მხრიდან სახელმწიფო გასაცემლის მიუღებლობის გამო“, ნ. ბ-ეს 2012 წლის 1 იანვრიდან შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის გაცემა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის თაობაზე, ემყარებოდა შესაბამისი სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების სწორ განმარტებას.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პენსიონერს უფლება აქვს: ა) მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
იმავე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრულია სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძვლები. დასახელებული კანონის (2012 წლის 1 სექტემბრამდე რედაქციით) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავდა - პენსიის გაცემა შეჩერდება საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსიის გაცემის შეჩერების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი გაცემა განახლდება პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს და ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2012 წლის 22 ივნისის #6550 კანონით შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც 2012 წლის 1 სექტემბრიდან მითითებული კანონის მე-16 მუხლი ამოქმედდა შემდეგი რედაქციით: პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას. პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას.
რაც შეეხება პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული განსაზღვრულია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით, რომლის პირველი პუნქტი ადგენს: პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ. ბ-ისათვის 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსიის შეწყვეტის საფუძველი იქცა არა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული საფუძველი, არამედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 07 აგვისტოს #48/ნ ბრძანება „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განისაზღვრა, რომ გარდამავალ ეტაპზე, გასული პერიოდის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შემდეგი სახით: იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ – 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებასთან მიმართებით სარგებლობს უპირატესი იურიდიული ძალით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც სახეზე არ იყო „სახელმწიფო პენსიის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი, პენსიის შეწყვეტა უნდა ჩათვლილიყო კანონშეუსაბამოდ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩენილიყო უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს #01-48/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე (მუხლი 12), იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არაუმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ - 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, საპენსიო პაკეტი ინიშნება განაცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
კასატორი მიუთითებს, რომ ნ. ბ-ემ სააგენტოს შუახევის რაიონულ განყოფილებას პენსიის განახლების თაობაზე განცხადებით 2014 წლის 6 იანვარს მიმართა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2014 წლის 1 თებერვლიდან მას განუახლდა „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემელი 150 ლარის ოდენობით, ამასთანავე, აუნაზღაურდა 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი 832 ლარის ოდენობით.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს 2014 წლამდე არ მიუმართავს სასამართლოსთვის 2012 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტილი პენსიის ანაზღაურების თაობაზე.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული მუხლი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
ამდენად, კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება, კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართა სასამართლოსთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან/და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, რომელიც მოსარჩელის მხრიდან არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ემსჯელა იმ წლებზე, რომელიც 2012-2014 წლების გასაცემლის გადაანგარიშებას ეხება, ვინაიდან მოთხოვნა ხანდაზმულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ნ. ბ-ეს სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2011 წლის 1 მარტიდან, თვეში 84 ლარის (80 ლარი სახელმწიფო პენსია, 4 ლარი შრომის სტაჟის დანამატი) ოდენობით. 2012 წლის 1 იანვრიდან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მას შეუჩერდა სახელმწიფო პენსია, სს „...ის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, „ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ბენეფიციარის მხრიდან სახელმწიფო გასაცემლის მიუღებლობის გამო“. ნ. ბ-ემ განყოფილებას სახელმწიფო პენსიის განახლების მოთხოვნით განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს. მის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის დარიცხვა განახლდა 2014 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო მიუღებელი გასული პერიოდის სახელმწიფო პენსია, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე, დაერიცხა 832 ლარის ოდენობით, სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის #04/12461 წერილის თანახმად, ნ. ბ-ის წარმომადგენელს - რ. ფ-ეს მისი 2016 წლის 2 თებერვლის #10219 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს #01-48/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე (მუხლი 12), იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არაუმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, საპენსიო პაკეტი ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ნ. ბ-ემ სააგენტოს შუახევის რაიონულ განყოფილებას პენსიის განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2014 წლის 1 თებერვლიდან მას განუახლდა საპენსიო პაკეტით განსაზღვრული ფულადი გასაცემელი - 150 ლარის ოდენობით, ამასთანავე აუნაზღაურდა 2012 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი - 832 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ისათვის გასული პერიოდის (2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით) საპენსიო თანხების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის #04/12461 მომართვის კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის კუთვნილი საპენსიო თანხების - 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით, სრულად ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით მოახდინოს ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების ეფექტური დაცვა და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის სამართლებრივ წინაპირობებსა და საფუძვლებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკაშვირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება, ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ითვალისწინებს პენსიის უფლების წარმოშობის წინაპირობებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, პენსიის დანიშვნის აუცილებელი წინაპირობაა პენსიის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში განცხადების წარდგენა, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
ამასთან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულია პენსიის შეჩერებისა და განახლების საფუძვლებიც, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას. იმავე შინაარსის დანაწესს ითვალისწინებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, პენსია შეჩერდება ქვემოთ მითითებული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის დროს, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ითვალისწინებს პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია პენსიის შეჩერების ფაქტთან დაკავშირებული შეწყვეტის საფუძველი, კერძოდ, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდგომ.
საკასაციო სასამართლო განმეორებით მიუთითებს, რომ ნ. ბ-ეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით საპენსიო თანხების ანაზღაურებაზე უარი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს #01-48/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე (მუხლი 12) ეთქვა, კერძოდ, მოსარჩელეს ეცნობა, რომ იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არაუმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, საპენსიო პაკეტი ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ნ. ბ-ემ სააგენტოს შუახევის რაიონულ განყოფილებას პენსიის განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა 2014 წლის 6 იანვარს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2014 წლის 1 თებერვლიდან მას განუახლდა საპენსიო პაკეტით განსაზღვრული ფულადი გასაცემელი - 150 ლარის ოდენობით, ამასთანავე აუნაზღაურდა 2012 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი - 832 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ისათვის გასული პერიოდის (2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით) საპენსიო თანხების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გარდამავალ ეტაპზე, გასული პერიოდის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შემდეგი წესით: იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ – 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის შეწყვეტის ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტის გარდამავალი დებულებით (მე-12 მუხლი) გათვალისწინებული დანაწესი აფართოვებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილს პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სხვა საფუძვლით პენსიის შეწყვეტა დასაშვებია, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს. ამავე შინაარსის დათქმას ითვალისწინებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, პენსია შეწყდება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან.
ამდენად, კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ზემოხსენებულ დანაწესთა შესაბამისად, პენსიის შეწყვეტის კონკრეტულად განსაზღვრული საფუძვლების გაფართოვება, ანუ სხვა საფუძვლით პენსიის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ აღნიშნული საფუძველი სწორედ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის დათქმებს უკავშირდება და მათგან გამომდინარეობს. შესაბამისად, დასახელებული კანონის დათქმებთან კავშირის არსებობა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით გაუთვალისწინებელი, თუმცა კანონქვემდებარე აქტით დადგენილი პენსიის შეწყვეტის საფუძვლისათვის არსებით სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს, რომლის დაცულობის პირობებშიც, კანონქვემდებარე დანაწესები კანონის დანაწესების შემავსებელი ფუნქციით აღიჭურვება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონითა და კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებული კონკრეტული დათქმები წინააღმდეგობრივად მიიჩნევა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მსგავსი შინაარსის დანაწესს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს, ამავე დროს, ამგვარი შინაარსი არ გამომდინარეობს არც აღნიშნული კანონით გათვალისწინებული რომელიმე დებულებიდან, რაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პენსიის შეწყვეტის საფუძვლებსა და კანონქვემდებარე აქტის ზემოხსენებულ დანაწესს შორის წინააღმდეგობის არსებობას ადასტურებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებასთან მიმართებით სარგებლობს უპირატესი იურიდიული ძალით, და რამდენადაც სახეზე არ იყო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი, არ არსებობდა ნ. ბ-ისათვის პენსიის შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული, მის მიერ მხედველობაში მისაღები გარემოებები, კერძოდ, მართალია სააპელაციო სასამართლომ პენსიის შეჩერება-შეწყვეტის კანონიერება განიხილა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების შესაბამისი ნორმატიული საფუძვლების არსებობა-არარსებობასთან მიმართებით, თუმცა მას აღნიშნული საკითხები არ შეუფასებია იმ კუთხით, თუ რამდენად კანონიერი იყო ნ. ბ-ისათვის პენსიის შეჩერება და შეწყვეტა იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ასეთი გადაწყვეტილებების მიღების ფაქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს თავად იმსჯელოს ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებით მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ნ. ბ-ის პენსიის შეჩერების, ასევე პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. ამგვარი გადაწყვეტილებების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და მათი ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის გარეშე, პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების სახით პენსიონერის მიმართ ფაქტობრივი გარემოებების წარმოშობა დამოუკიდებლად ვერ განაპირობებს პენსიონერის მიმართ სამართლებრივი შედეგის - პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის დადგომას. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილებებს საფუძვლად კანონით გათვალისწინებული ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი დაედო, რაც თავისთავად გამოიწვევდა დამდგარ შედეგს - სახელმწიფო პენსიის შეჩერებას, ხოლო შემდეგ შეწყვეტას, არ შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევის საკმარის სამართლებრივ საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პენსიის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.
საკასაციო სასამართლომ მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილება, საქმე #ბს-365-360(კ-16)), რომლის თანახმად, განიმარტა, რომ „სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ. პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, ასეთ შემთხვევაში მოქალაქის განცხადების საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც, თუ მოქალაქის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოთხოვნებს და განცხადებას ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი, საჯარო დაწესებულება ახდენს პენსიის დანიშვნის შესახებ მოქალაქის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ე.ი. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი არის პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის მიმართვა, აქტის გამოცემა“.
„ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. კანონი განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება. სახელმწიფო ხელისუფლება კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად თავისი საქმიანობით უშუალოდ კი არ უპირისპირდება მოქალაქეს, არამედ გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც მიიღება კონკრეტული ზომა, როგორც სამართლიანი, განსაზღვრული და სავალდებულო ძალის მქონე ქმედება. სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქმნის აქტის ამოქმედების შემდგომ მისი თვითაღსრულების პირობას. აღნიშნულში ვლინდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებით სამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას პირის ნების საწინააღმდეგოდ, მის ხელთ არსებული კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების გამოყენებით აღასრულოს აქტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების სამართლებრივი ფუნქცია იმაში ვლინდება, რომ ის არის აღსრულების დაწყების აუცილებელი წინაპირობა“.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. თავის მხრივ, პენსიონერსა და სახელმწიფოს შორის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო ურთიერთობების წარმოშობაც სწორედ პენსიონერის მიერ განცხადების წარდგენასა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელი კანონით დადგენილი საფუძვლების გათვალისწინებით, ასეთივე საჭიროება ვლინდება საპენსიო სამართალურთიერთობების შეჩერება-შეწყვეტის მიმართაც, კერძოდ, ხსენებული საჭიროებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და მისი ადრესატისათვის გაცნობას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ნ. ბ-ის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები, ასევე, არ დასტურდება მათი ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო გასაცემლებთან მიმართებით კანონმდებლობით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგების კონკრეტულ-ინდივიდუალური მისადაგებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროების დადასტურების პირობებში, ასეთი აქტის არსებობა მისი აღსრულების სამართლებრივ წინაპირობად ისახება. ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე განხორციელებული კონკრეტული ქმედებების უკანონობაზე მიუთითებს. მეორე მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხანდაზმული პირის მიმართ პენსიის შეჩერებისა თუ შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხოლოდ გამოცემა არ არის საკმარისი ამ პირის მიმართ წარმოშობილი შესაბამისი სამართლებრივი შედეგის კანონიერად მიჩნევისათვის, რამდენადაც ასეთ დროს აქტის აღსრულების კანონიერებისათვის განმსაზღვრელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ან/და აღნიშნული აქტის აღსრულების თაობაზე მისი ადრესატის ინფორმირებულობის საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლით დადგენილია, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების შესაძლებლობა მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში.
ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა ადრესატისათვის მის გაცნობაზეა დამოკიდებული. საგულისხმოა, რომ კანონმდებლობა ხანდაზმულ პირს არ ავალდებულებს ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიის მიღებას. პენსიონერს უფლება აქვს, ერთიანად აიღოს და ისარგებლოს რამდენიმე თვის გასაცემლით. ამგვარი მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილებათა გამოცემის და მათი ადრესატისათვის ჩაბარების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი წესით გაცნობის საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება პირის სოციალური გარანტიების დაცვის კუთხით, რამდენადაც პირის ინფორმირებულობა ასეთ პირობებში არსებით გავლენას ახდენს მის მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ მოქმედებებზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზემოხსენებული აქტების აღსრულების პირობებშიც, მიუღებელი საპენსიო გასაცემლების მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის მნიშვნელოვანია აღსრულების შესახებ პირის ინფორმირებულობის საკითხიც, კერძოდ, ის, თუ რამდენად იცოდა პირმა ან შეიძლება სცოდნოდა მას ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმეორებით მიუთითებს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ნ. ბ-ისათვის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილებები, ამასთან, არ დასტურდება მათი მოსარჩელისათვის ჩაბარების ან სხვაგვარი გაცნობის ფაქტი. ამასთან, პენსიონერი ნ. ბ-ე ცხოვრობს შუახევის რაიონში, სოფელ ..., სადაც არ ფუნქციონირებს ბანკების ფილიალები და ბანკომატები. აღნიშნული სოფელი დაბა შუახევიდან დაშორებულია 32 კმ-ით. ნ. ბ-ე დაავადებულია და გადის მკურნალობის კურსს, რის გამოც ვერ ახერხებდა თანხების ანგარიშიდან განაღდებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან ნ. ბ-ისათვის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებათა ჩაუბარებლობის პირობებში, არ იქნა დაცული საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნები. მეტიც, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არც რაიმე სხვა გზით სცადა ნ. ბ-ისათვის ეცნობებინა ზემოხსენებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს, ასეთი აქტები ძალაში შედის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების დღიდან. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ პენსიის შეჩერების აქტი ადმინისტრაციულ ორგანოს მხარისთვის არ გაუცვნია, არ მომხდარა მისი ძალაში შესვლაც. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეეჩერებინა მისთვის პენსიის დარიცხვა, რომელიც კანონიერ ძალაში არ იყო შესული.
ამასთან, ასეთ ვითარებაში, პენსიის შეჩერება-შეწყვეტის აღსრულების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ნ. ბ-ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ პენსიის გაცემის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხით მიეღო, თუმცა მისი საცხოვრებელი ადგილის, ამ ადგილას ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების არარსებობის, ასევე, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს არ გააჩნდა შესაძლებლობა პენსიის მიღების მოთხოვნით მიემართა შესაბამისი ორგანოებისათვის. ამდენად, მისი მხრიდან თანხების განაღდების მოთხოვნის შეუძლებლობა გამორიცხავს ნ. ბ-ის ინფორმირებულობას მისთვის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის აღსრულებადობასთან დაკავშირებით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებულ დავაში მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ადრესატს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, საწინააღმდეგოს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურდებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს 2014 წლამდე არ მიუმართავს სასამართლოსთვის 2012 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტილი პენსიის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ნ. ბ-ეს მის მიმართ ამ პერიოდისათვის მიღებული გადაწყვეტილებებისა და მათი აღსრულების შესახებ უშუალოდ კასატორისაგან ინფორმაცია არ გააჩნდა, ამასთან, იგი ზემოთ მითითებული გარემოებების გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას პენსიის ანგარიშიდან განაღდების მოთხოვნის წარდგენის გზით თავად მიეღო ინფორმაცია ასეთი გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე. ამგვარ ვითარებაში, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება ნ. ბ-ის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციაზე უარის თქმის შესახებ.
ამასთან, მართალია, საკასაციო სასამართლო იზიარებს ნ. ბ-ისათვის მიუღებელი საპენსიო გასაცემლების ანაზღაურების ოდენობასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგს, თუმცა საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით მიუთითოს ნ. ბ-ისათვის 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით მიუღებელი პენსიის სრულად ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლებზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს პენსიის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდგომ პენსიის განახლების საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი ოქმის თანახმად, ყოველ პირს აქვს მისი საკუთრების პატივისცემის უფლება. სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში გააჩნია შეფასების ფართო ფარგლები, რომელიც ზღუდავს საკუთრების უფლებას. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ჯეიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ განაცხადა: „...მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ შეუძლია, ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებული შეფასება ჩაანაცვლოს თავისი შეფასებით, იგი ვალდებულია, გასაჩივრებული ზომა გადასინჯოს პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად და, ამგვარად, მოახდინოს იმ ფაქტების გამოკვლევა, რომელზედაც ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა თავიანთი მოქმედებების განხორციელებისას მიუთითეს“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ პენსიის მოთხოვნა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18.11.2004 წ. დადგენილება საქმეზე „პრავედნაია რუსეთის წინააღმდეგ“). როგორც წესი, უფლება პენსიაზე ექცევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლების ფარგლებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „პრინციპები, რომელიც ვრცელდება ზოგადად კონვენციის 1-ლი მუხლის 1-ლი დამატებით ოქმთან დაკავშირებულ საქმეებში, იდენტურად რელევანტურია, როდესაც საქმე პენსიებს ეხება (ლაკიჩევიჩი და სხვები სერბეთისა და მონტენეგროს წინააღმდეგ (Lakicevic and others v. Montenegro and Serbia, პარა. 59)“. პენსია სოციალური უზრუნველყოფის განსხვავებული ტიპის ბენეფიტია, ის წარმოიშობა უფლების საფუძველზე, მიუხედავად პირის ქონებრივი მდგომარეობისა. განსახილველ შემთხვევაში ნ. ბ-ეს როგორც პენსიონერს, პენსიის პერიოდული მიღების უფლება სამისდღემშიოდ, მოპოვებული ჰქონდა ასაკის გამო. საქმეზე „სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პრეცედენტულ სამართალში შენატანების საფუძველზე უზრუნველყოფილი დახმარებების საქმეები გაიმიჯნა იმ საქმეებისაგან, რომლებიც შენატანებთან არ იყო დაკავშირებული. ახალი მიდგომის თანახმად, თუ მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს სოციალური კეთილდღეობის დახმარებას - შენატანების წინასწარი გადახდის ან გადაუხდელობის პირობით, ასეთი კანონმდებლობა განხილული უნდა იქნეს, როგორც მესაკუთრის ინტერესის წარმომშობი, რაც პირველი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში ექცევა მათთვის, ვინც ამ კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მრავალი ადამიანი, სრულიად ან ნაწილობრივ, სოციალურ დახმარებებზეა დამოკიდებული. მრავალი შიდასახელმწიფოებრივი სისტემა აღიარებს, რომ ასეთ პირებს სჭირდებათ საიმედოობის და უსაფრთხოების გარკვეული ხარისხი. აქედან გამომდინარე, სოციალური დახმარება განიხილება, როგორც უფლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებულ საკუთრებად მიიჩნევა. საქმეში „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ „პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მოიცავს სამ წესს. პირველი წესი, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, აცხადებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს; ის გათვალისწინებულია პირველი ნაწილის პირველი წინადადებით. მეორე წესი მოიცავს ქონების ჩამორთმევას და ამ უკანასკნელს გარკვეულ პირობებს უქვემდებარებს; ის მოიპოვება იმავე ნაწილის მეორე წინადადებაში. მესამე წესი აღიარებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, სხვა ზომების გარდა, გააკონტროლოს ქონების გამოყენება ზოგადი ინტერესის შესაბამისად, ისეთი კანონების მიღებით, რომელთაც ის აუცილებლად ჩათვლის ამ მიზნით; ეს წესი გათვალისწინებულია პირველი მუხლის მეორე ნაწილით“.
ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, პენსიის შემცირება ან შეწყვეტა შესაძლოა წარმოადგენდეს საკუთრების უფლებაში ჩარევას. თუმცა, როგორც წესი, სასამართლო ამგვარ ჩარევებს აფასებს არა საკუთრების ან მის გამოყენებაზე კონტროლის წართმევის კუთხით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის პირველი წინადადების ჭრილში. შედეგად, ის ამ სახის ქმედებებს პირის მიერ მისი საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში ჩარევად მოიაზრებს.
ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეზე ვიეცზორეკი პოლონეთის წინააღმდეგ (Wieczorek v. Poland, პარ. 57), სასამართლო დაადგენს, რომ „როცა სარგებლის მოცულობა მცირდება ან მისი გაცემა წყდება, ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ჩარევას საკუთრებაში, რაც გამართლებას საჭიროებს“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეს, რომელსაც უკანონოდ შეუჩერდა ან/და შეუწყდა პენსია, წაერთვა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებული სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების რეალიზების საშუალება, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული ზოგადი ხასიათის პირველი წესის - საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული, ასეთ ვითარებაში, ხანდაზმულ პირს, რომლის სოციალური გარანტიების შეზღუდვით უკანონოდ განხორციელდა მისი პენსიის მიღების უფლებით გამოხატული საკუთრების უფლების ხელყოფა, ენიჭება არა კონკრეტულად განსაზღვრულ 1-წლიან მონაკვეთზე, არამედ აუნაზღაურებელ სრულ პერიოდზე მიუღებელი საპენსიო გასაცემლების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის #04/12461 მომართვის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის კუთვნილი საპენსიო თანხების - 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით, სრულად ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი