Facebook Twitter

#ბს-932(კს-18) 13 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მესამე პირები) – დ. ნ-ე, ა. ო-ი და ამხანაგობა „...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - თ. მ-ი და ნ. მ-ი

მოპასუხე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოსარჩელეები - გ. მ-ე, შპს „...“

მესამე პირი - თ. მ-ი

დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 11 აგვისტოს გ. მ-ემ და შპს „..მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 22 აპრილის #... გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 მარტის #... გადაწყვეტილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 4 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ნ-ე, თ. მ-ი და ა. ო-ი.

2015 წლის 3 თებერვალს გ. მ-ემ, შპს „...მ“, თ. მ-მა და ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 22 აპრილის #... გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 მარტის #... გადაწყვეტილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 4 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაება ბმა „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის, შპს „...ის“, ნ. მ-ისა და თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 22 აპრილის #... გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 მარტის #... გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. მ-ემ, შპს „...მ“, თ. მ-მა და ნ. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

2017 წლის 27 აპრილს თ. შ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და იმ მოტივით, რომ თ. მ-ისა და ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები (ს/კ ...; ს/კ ...) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა მის სახელზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, თ. მ-ისა და ნ. მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით აპელანტ - თ. მ-ისა და ნ. მ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა თ. შ-ე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

აღნიშნული საპროცესო ნორმების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების თ. მ-ისა და ნ. მ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილი უნდა ყოფილიყო - თ. შ-ე. უფლებამონაცვლეობის საფუძველია ჩუქების ხელშეკრულება, რის შედეგადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წილი გადავიდა დასაჩუქრებულზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში. სამართლებრივ ურთიერთობაში დასაშვებია უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, თუ თვით მატერიალურ სამართლებრივი ნორმა უფლებამონაცვლეობას არ კრძალავს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასაცემი უფლების მატერიალურ სამართლებრივი საფუძველი უშვებს უფლებამონაცვლეობას, რაც ქმნის თ. მ-ისა და ნ. მ-ის უფლებამონაცვლედ თ. შ-ის მიჩნევის შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მესამე პირებმა - დ. ნ-ემ, ა. ო-მა და ბმა „...-მა“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით საქმის არსებითი განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სასამართლომ ისე დაადგინა უფლებამონაცვლეობა, რომ არ იქნა შესწავლილი მთავარი გარემოება, კერძოდ, თ. შ-ის მიერ საკუთრების ჩუქების ფორმით მიღებისას იგი დაეთანხმა საკუთრების იმ ფორმით მიღებას, რა ფორმითაც იგი არის დღეს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ სხვენის სართულზე თანამესაკუთრეები არიან ა. ო-ი და თ. მ-ი. განჩინების გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის განმარტებას და მხოლოდ ეს გარემოება გახდა საკმარისი უფლებამონაცვლეობის, შესაბამისად, სასამართლოს უფლებამონაცვლეობაზე მსჯელობასთან ერთად უნდა ემსჯელა საქმის წარმოების შეტყვეტასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით დ. ნ-ის, ა. ო-ისა და ამხანაგობა „...-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ნ-ის, ა. ო-ისა და ამხანაგობა „...-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე საქმეში თ. მ-ისა და ნ. მ-ის უფლებამონაცვლედ თ. შ-ის ჩართვის საკითხი.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით (ამონაწერები საჯარო რეესტრიდან) დგინდება, რომ თ. შ-ის საკუთრებაშია ქ. თბილისში, ... ქ. #7-ში არსებული უძრავი ნივთები (#25 და #26 ფართები; ს/კ ... და ...); უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია, ერთ შემთხვევაში ნ. მ-სა და თ. შ-ეს შორის, ხოლო მეორე შემთხვევაში თ. მ-სა და თ. შ-ეს შორის 2016 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაში ამომწურავი სახით არ არის განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება, რომ თ. მ-ისა და ნ. მ-ის მიერ ზემოაღნიშნული უძრავი ნივთები 2016 წლის 24 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისებულ იქნა თ. შ-ეზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასაცემი უფლების მატერიალურ სამართლებრივი საფუძველი უშვებს უფლებამონაცვლეობას, რაც ქმნის თ. მ-ისა და ნ. მ-ის უფლებამონაცვლედ თ. შ-ის მიჩნევის შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ნ-ის, ა. ო-ისა და ამხანაგობა „...-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ნ-ის, ა. ო-ისა და ამხანაგობა „...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი