Facebook Twitter

#ბს-1060(2კ-18) 13 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 6 ივლისს ი. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 დეკემბრის #CB603204 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 2 თებერვლის #2386 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ ფაქტზე, 2015 წლის 29 დეკემბერს, ი. ფ-ის მიმართ, შედგენილ იქნა #CB 603204 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სადაც აღინიშნა, რომ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, 2 350 ლარის საბაზრო ღირებულების „დახერხილი ხე მასალა“ ტრანსპორტირებულ იქნა სასაქონლო ზედნადების გარეშე. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, ი. ფ-ეს სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ფ-ე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომელთა მიერ, გადამოწმების მიზნით, გაჩერებულ იქნა 2015 წლის 10 დეკემბერს 22:12 სთ-ზე, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ სასაქონლო ზედნადები გამოწერილია იმავე დღეს 22:10 სთ-ზე.

ადმინისტრაციული ორგანო დარღვევად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ოქმის თანახმად, მოსარჩელის გადამოწმების მცდელობას ადგილი ჰქონდა 12:05 სთ-ზე, თუმცა ინტენსიური მოძრაობის გამო ავტომანქანის გაჩერება და გადამოწმება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 12:12 სთ-ზე. მათივე განმარტებით, 12:05 სთ-დან 12:12 სთ-მდე დროის ინტერვალში, მოსარჩელე მიხვდა რა, რომ ხორციელდებოდა კონტროლის ღონისძიება, შეძლო ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოწერა.

აღსანიშნავია, რომ თავად მოსარჩელემ უარყო 12:05 სთ-ზე საქონლის ტრანსპორტირების დაწყების ფაქტი. მისი განმარტებით, მას სასაქონლო ზედნადები ტრანსპორტირების დასაწყისშივე ჰქონდა გამოწერილი და თბილისის მიმართულებით მიემგზავრებოდა აგარა-ქარელის საზღვარზე მიმდინარე მშენებლობიდან. იგი ცენტრალურ გზაზე გამოსვლისთანავე, ტრანსპორტირების დაწყებიდან რამდენიმე წუთში იქნა გაჩერებული გარემოსდაცვითი თანამშრომლების მიერ, რომლებიც იმავე ადგილზე ახორციელებდნენ სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადამოწმებასაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 დეკემბრის #CB603204 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 2 თებერვლის #2386 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმის განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება ი. ფ-ის მიერ სასაქონლო ზედნადების არარსებობის პირობებში ტრანსპორტირების დაწყების შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში უტყუარად არ დასტურდება 2015 წლის 10 დეკემბერს 12:05 სთ-ზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კონტროლის ღონისძიების მცდელობის განხორციელების ფაქტი, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს ი. ფ-ის მიერ სასაქონლო ზედნადების არარსებობის პირობებში ტრანსპორტირების დაწყების დადასტურების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.4 და 286.12 მუხლებზე, ასევე, „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლო დაეყრდნო ი. ფ-ის პოზიციას, რომ გადამოწმებისთანავე ზედნადები ატვირთული იყო პორტალზე, რაც არ დასტურდება, ვინაიდან შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს დართულ ელექტრონულ ზედნადებში დოკუმენტის გააქტიურების დროდ დაფიქსირებულია 10.12.2015 წლის 22:11:29 საათი, ხოლო ოქმში ი. ფ-ის გადამოწმების დროდ მითითებულია - 10.12.2015 წლის 22:05 საათი.

კასატორის განმარტებით, ი. ფ-ეს არ წარმოუდგენია არგუმენტი ან/და მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მის მიერ მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის წარდგენილი ზედნადები იყო გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბერს #996 ბრძანების 251.13 მუხლის შესაბამისად შექმნილი დოკუმენტი.

კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ი. ფ-ე გადამოწმებულ იქნა არა შემოსავლების სამსახურის მიერ, არამედ გარმოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომელთა მიერ, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან მითითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ანიჭებს უპირატესობას მოახდინონ ტექნიკური საშუალებებით კონტროლის პროცედურების ჩაწერა არარელევანტურია, რადგანაც საგადასახადო კოდექსით აღნიშნული უფლება მინიჭებული აქვთ შემოსავლების სამსახურის შესაბამის თანამშრომლებს და არა გარემოსდაცვითი ზედამხვედველობის თანამშრომლებს.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია საქმეში წარმოდგენილ ზედნადებზე, რომელიც 22:12-ზე იქნა გამოწერილი და ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია აგარა, ხოლო ავტომობილის გაჩერება და გადამოწმება მოხდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის 92-ე კილომეტრზე.

სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით, სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა საქმის ირგვლივ არსებული მასალების სრული გამოკვლევა, რის შედეგადაც სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც დააფუძნა ფაქტებისა და მტკიცებულებების არასრულ და არასწორ გამოკვლევას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ტრანსპორტირების დაწყების დრო, რასთან დაკავშირებითაც სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ტრანსპორტირების დაწყებას ადგილი ჰქონდა ელექტრონული ზედნადების შევსებამდე, აღნიშნულის დასამტკიცებლად კი აღნიშნა, რომ მოსარჩელის გადამოწმების მცდელობას ადგილი ჰქონდა 12:05 სთ-ზე, თუმცა ინტენსიური მოძრაობის გამო ავტომანქანის გაჩერება და გადამოწმება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 12:12 სთ-ზე. აღნიშნული დროის ინტერვალში, მოსარჩელე მიხვდა რა, რომ ხორციელდებოდა კონტროლის ღონისძიება, შეძლო ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოწერა, რაც განხორციელდა 12:10 სთ-ზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს მტკიცების ტვირთის დაძლევა, ასევე შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს, რომ 2015 წლის 10 დეკემბერს 12:05 სთ-ზე, ი. ფ-ის მიერ, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი