Facebook Twitter

№ბს-1087(კ-18) 13 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 23 მაისს ნ. ჟ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 20 წლის განმავლობაში ქ. ბათუმში, ... ქ. №33-ში დაკავებული აქვს 94 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებული აქვს კაპიტალური შენობა-ნაგებობა, რომლის ფართი შეადგენს 28.22 კვ.მ. კანონმდებლობის შესაბამისად, 2016 წლის 15 სექტემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 15 სექტემბერს წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადება თანდართული მასალებით გადაუგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება) მონაცემების შემოწმების თანახმად, ნ. ჟ-ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა 2007 წლისათვის. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. გარდა აღნიშნულისა, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ განცხადებაში მითითებული ტერიტორია წარმოადგენდა სივრცეს, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. ჟ-ი არ ჩაითვალა საკუთრების უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად.

მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია მისი დასწრების გარეშე და ასევე იგი არ არის დასაბუთებული, შესაბამისად, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 და 25-ე მუხლების მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ნ. ჟ-ზე ქ. ბათუმში, ... ქ. №33-ში მდებარე 94.0 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 28.22 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 თებერვლის №22 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2017 წლის 19 აპრილის №313 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. №33-ში მდებარე 94.0 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 28.22 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე ნ. ჟ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 თებერვლის №22 საოქმო გადაწყვეტილება და 2017 წლის 19 აპრილის №313 განკარგულება ნ. ჟ-ზე ქ. ბათუმში, ... ქ. №33-ში მდებარე 94.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 28.22 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლებით აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხეს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ... ქ. №33-ში მდებარე 94.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 28.22 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე ნ. ჟ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინებით ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 15 სექტემბერს ნ. ჟ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მის სარგებლობაში არსებული, ქ. ბათუმში, ... ქ. №33-ში მდებარე 94.0 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 28.22 კვ.მ შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეების - გ. კ-ის, გ. ფ-ის, დ. მ-ის ნოტარიულად დამოწმებული ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნული პირები მიუთითებენ, რომ ნ. ჟ-ი 2007 წლამდე და დღესაც ფლობს და სარგებლობს ქ. ბათუმში, ... ქ. №33-ში მდებარე 94.00 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 თებერვლის №22 საოქმო გადაწყვეტილებით ნ. ჟ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება) მონაცემების შემოწმების თანახმად, ნ. ჟ-ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა 2007 წლისათვის.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში ნ. ჟ-ის წარმომადგენელმა წარადგინა სადავო ტერიტორიის 2000 და 2010 წლების ორთოფოტოები (განაცხადის ნომერი: ...), რომლებიც ადასტურებენ სადავო ტერიტორიაზე 2007 წლამდე შენობის არსებობის ფაქტს, ხოლო კომისიის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 2009 წლის ორთოფოტო.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ კომისიამ ნ. ჟ-ის მიმართ გამოსცა დაუსაბუთებელი აქტი, შემოიფარგლა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შენობა 2007 წლამდე არ იყო აშენებული, მაშინ, როდესაც ნ. ჟ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებით, საპირისპირო მტკიცდებოდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კომისიას საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, მხარისა და მის მიერ მითითებული მოწმეების მოსმენის, წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უნდა დაედგინა სადავო გარემოებები და მათი შესწავლის, გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციით, აგრეთვე ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება) მონაცემების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა 2007 წლისთვის. განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი არც განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს. გარდა აღნიშნულისა, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ განცხადებაში მითითებული ტერიტორია წარმოადგენდა საზოგადოებრივ სივრცეს, შესაბამისად, არ დგინდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის განმცხადებლის მიერ თვითნებურად დაკავება 2007 წლამდე. ამდენად, ნ. ჟ-ის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, კასატორი არ იზიარებს სასამართლოების შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადმინისტრაციული აქტი გამოსცა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის გარეშე. კასატორის მითითებით, ასევე არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის 2007 წლის 15 სექტრემბრამდე არსებობის ფაქტი იმ გარემოებით, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობის საკითხი არ გამხდარა სადავო მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სამსახურისათვის. ამასთან, კასატორისთვის გაუგებარია სასამართლოს მიერ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე (ფოტოებზე) ყურადღების გამახვილება, რომლებიც აშკარად არ ასახავს 2007 წლის 15 სექტემბრამდე მდგომარეობას.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ უგულებელყო კომისიის მიერ ორთოფოტოზე მითითება, რომელიც ბევრად მეტ ინფორმაციას და სანდოობას იწვევს ვიდრე მოსარჩელის მიერ გამოთქმული ვარაუდები ან/და მოწმეთა ჩვენებები. კასატორის მითითებით, კომისიის მიერ წარმოდგენილ ორთოფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ჯერ კიდევ 2009 წლის მდომარეობით სადავო მიწის ნაკვეთზე არ არსებებოს განმცხადებლის მიერ მითითებული შენობა-ნაგებობა, შესაბამისად, იგი არ არსებობდა 2007 წლის 15 სექტემბრისათვის, ანუ კანონის ამოქმედების მომენტისათვის.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 თებერვლის №22 საოქმო გადაწყვეტილება და 2017 წლის 19 აპრილის №313 განკარგულება, რომლითაც ნ. ჟ-ს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ... ქ. №33-ში მდებარე 94.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 28.22 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, 2016 წლის 15 სექტემბერს ნ. ჟ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მის სარგებლობაში არსებული ქ. ბათუმში, ... ქ. №33-ში მდებარე 94.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 28.22 კვ.მ შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეების - გ. კ-ის, გ. ფ-ის, დ. მ-ის ნოტარიულად დამოწმებული ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნული პირები მიუთითებენ, რომ ნ. ჟ-ი 2007 წლამდე და დღესაც ფლობს და სარგებლობს, ქ. ბათუმში, ... ქ. №33-ში მდებარე 94.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 თებერვლის №22 საოქმო გადაწყვეტილებით ნ. ჟ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება) მონაცემების შემოწმების თანახმად, ნ. ჟ-ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა 2007 წლისათვის, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. გარდა აღნიშნულისა, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ განცხადებაში მითითებული ტერიტორია წარმოადგენდა საზოგადოებრივ სივრცეს, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. ჟ-ი არ ჩაითვალა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ნ. ჟ-ის მიმართ გამოსცა დაუსაბუთებელი აქტი და შემოიფარგლა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შენობა 2007 წლამდე არ იყო აშენებული. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოში ნ. ჟ-ის წარმომადგენელის მიერ წარდგენილ სადავო ტერიტორიის 2000 და 2010 წლების ორთოფოტოებზე (განაცხადის ნომერი: ...), რომლითაც დასტურდება სადავო ტერიტორიაზე 2007 წლამდე შენობის არსებობის ფაქტი, ხოლო კომისიის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 2009 წლის ორთოფოტო. შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი