#ბს-1148(კ-18) 27 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 1 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 იანვრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, სადავო გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება შპს „...ს“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2016 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, ჯერ კიდევ საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადებამდე დაინიშნა შპს „…ს“ საგადასახადო შემოწმება; ხოლო ამის პარალელურად 2016 წლის 16 დეკემბერს გორის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა სარჩელი შპს „…ს“, ბ. ც-ისა და შპს „ბ-ს“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2016 წლის 5 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, შპს „...ს“ მიმართ 2016 წლის 29 ნოემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო არ განეხორციელებინა საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება იმ ღონისძიებების ბოლომდე მიყვანამდე, რისი გატარებაც დაწყებული იყო შპს „...ს“ მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 142.11 მუხლი არ იცნობს რეგისტრაციის პროცესის შეჩერების პირდაპირ წესს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა ამავე კანონის მე-14 მუხლის დანაწესით და საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის პროცედურის დაცვით შეეჩერებინა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმა - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი, ვერ გავრცელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაკოტრებულად გამოცხადებული შპს „...ს“ რეგისტრაციის გაუქმებაზე, ვინაიდან მითითებული ნორმა არეგულირებს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესს, როდესაც აღნიშნული ხორციელდება პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადება და მისი რეგისტრაციის გაუქმება სამეწარმეო რეესტრში სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების საფუძველზე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რასაც არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-142 მუხლის 11 პუნქტი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლომ მართებულად გამოაცხადა შპს „...“ გაკოტრებულად, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ასევე, მართებულად განხორციელდა შპს „...ს“ რეგისტრაციის გაუქმება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ დასკვნას საფუძვლად დაუდო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 ნოემბერს. ამასთან, განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სხვა არც ერთ კრედიტორს არ მიუმართავს სასამართლოსთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მისი დისპოზიციიდან ნათლად იკვეთება, რომ კანონმდებლის მიზანია სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის გაცვლა ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის განხორციელდეს ეფექტურად იმისთვის, რომ არ დაირღვეს სახელმწიფო ბიუჯეტის ინტერესი. მოცემული კანონის ფარგლებში სსიპ შემოსავლების სამსახურის ინტერესის დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა, გამორიცხული იყო იმ მიზეზით, რომ არ არსებობს ქონება, შესაბამისად, დგას აუცილებლობა, რომ გამოყენებულ იქნეს კანონის ანალოგია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „...ს“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ ერთი თვის ვადაში შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსათვის შპს „...ს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით, ხოლო თუ ამ ვადაში კრედიტორები განცხადებას არ შეიტანდნენ სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც იქნებოდა მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნული კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად კი, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს: ა) განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მითითებული ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება; ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
საქმეში წარმოდგენილი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 ნოემბერს. ამასთან, განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სხვა არც ერთ კრედიტორს არ მიუმართავს სასამართლოსთვის. შესაბამისად, სასამართლომ შპს „...“ გაკოტრებულად გამოაცხადა, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა შპს „...ს“ რეგისტრაციის გაუქმება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი