№ბს-1153(2კ-18) 27 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 14 ივნისს ც. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 21 მარტს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს 2006 წელს დარეგისტრირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) დაზუსტებული ფართობით რეგისტრაციის თაობაზე. გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 მარტის №.... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდენა. 2016 წლის 4 მაისის №... გადაწყვეტილებით კი შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 4 მაისის №... გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2016 წლის 13 მაისის №... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2012 წელს სახელმწიფომ საკუთრებაში დაირეგისტრირა და პირდაპირი პრივატიზების ფორმით გაასხვისა მიწის ნაკვეთი, რომელშიც მის საკუთრებაში არასებული სადავო მიწის ნაკვეთი მოაქცია, ხოლო შემდეგ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 ივლისის №03/07/04 განკარგულებიდან გამომდინარე ზ. გ-ესთან გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრებაში გადაეცა 15647.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელმაც თითქოს გადაფარა ც. ხ-ის საკუთრებაში რიცხული 2500 კვ.მ (დაზუსტებული 2122 კვ.მ) მიწის ნაკვეთი ანუ სახელმწიფოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გაასხვისა ის რაც მას არ ეკუთვნოდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 15 647 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილების მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის გადაფარვის ნაწილში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 15 647 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ზ. გ-ის სახელზე პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 ივლისის №03/07/04 განკარგულების მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის გადაფარვის ნაწილში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 15 647 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ზ. გ-ის სახელზე პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. გ-ეს შორის 2012 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშელკრულების მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის გადაფარვის ნაწილში, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 4 მაისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისათვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე ც. ხ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით ც. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაიგზავნა გორის რაიონულ სასამართლოში.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. გ-ე.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 15 647 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილება ც. ხ-ის 2016 წლის 21 მარტის №... განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას განსაზღვრული ფართის გადაფარვის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 15 647 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ზ. გ-ის სახელზე პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 ივლისის №03/07/04 განკარგულება ც. ხ-ის 2016 წლის 21 მარტის №... განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას განსაზღვრული ფართის გადაფარვის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 15 647 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ზ. გ-ის სახელზე პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. გ-ეს შორის 2012 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშელკრულება ც. ხ-ის 2016 წლის 21 მარტის №... განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას განსაზღვრული ფართის გადაფარვის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 4 მაისის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს დაევალა კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - ც. ხ-ის მიერ 2016 წლის 21 მარტს წარდგენილი №... განაცხადების საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე მის სახელზე №... საკადასტრო კოდით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ.
2016 წლის 17 ნოემბერს გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ც. ხ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისსა და ზ. გ-ეს აკრძალვოდათ, საჯარო რეესტრში ... (განცხადების ნომერი №..., მისამართი გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა სადავო ნაწილში.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ც. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით (საქმე №140310016001428296, საქმე №3/235-16), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს აეკრძალა საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით ზ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული ქონებიდან სადავო ფართის (ც. ხ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართი) დაყოფის, გასხვისების, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვის რეგისტრაცია სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევამდე.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ძირითადად ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ რაიონული სასამართლოს მხრიდან არ მოხდა საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა, რამდენადაც სასამართლოს არ გააჩნდა მოსარჩელის სახელზე დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული და შემდგომ მესამე პირზე გასხვისებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 მარტის და ამავე სამსახურის 2016 წლის 4 მაისის №... გადაწყვეტილებებზე, რომლითაც ც. ხ-ის განცხადებაზე ჯერ შეჩერდა, ხოლო შემდგომ შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსა და ზ. გ-ის სახელზე ს/კოდით №... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებს შორის ფიქსირდებოდა ზედდება, რომლის აღმოფხვრაც განმცხადებელმა ვერ შესძლო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე, მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ სახელმწიფო სახელზე და შემდგომ მესამე პირზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი და მასზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არის იდენტური, ასეთ პირობებში ჩნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვალდებულება წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რომელიც გააქარწყლებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან პრივატიზაციას დაუქვემდებარა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობისას არახელსაყრელი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ამ ფაქტის დადასტურება ვერ შესძლო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზეპირსიტყვიერი განმარტება მიწების არაიდენტურობის თაობაზე, არ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა წარდგენის პროცესუალურ სტანდარტს, არ ცვლის წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის სახელზე დაუზუსტებელი რეგისტრაციით აღრიცხული და სახელმწიფოს მხრიდან გასხვისებული მიწის ნაკვეთი არის იდენტური.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნა, რომ მითითებული კატეგორიის დავების განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია სწორედ ის გარემოება, რომ ე.წ. დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობის მიუხედავად, სახეზეა მესაკუთრის რეგისტრირებული უფლება. სახელმწიფო სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციით დაირღვა მისი უფლებები და ითხოვს ამ უფლებების დაცვას. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობისა თუ სახელმწიფოსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით აღძრული სარჩელის მიუხედავად, სახეზეა ვინდიკაცია, ანუ სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს მისი საკუთრებიდან უკანონოდ გასული უძრავი ნივთის დაბრუნებას, შესაბამისად, არსებულ პირობებში, აპელანტის მიერ მითითებული ვადები გამოყენებული ვერ იქნებოდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ სარჩელით სადავოდ არაა გამხდარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 12 ივნისის №06/12716 მიმართვა, რომლითაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 15 647 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწა, საკადასტრო კოდით ..., დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე, რეგისტრირებულ მესაკუთრესთან მიმართებაში ზემოაღნიშნული აქტის არსებობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას - მოსარჩელე აღდგეს საკუთარ უფლებებში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელეზე არსებული რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სახელმწიფოს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას და ქმნის სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - საქართველოს პრეზიდენტი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ იმ პერიოდისათვის მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების ერთ- ერთ ფორმას წარმოადგენს პირდაპირი მიყიდვა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკრეტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სამინისტროს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ სადავო განკარგულების გამოცემის დროს ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას, ვინაიდან პირდაპირი მიყიდვის ფორმით უძრავი ქონების პრივატიზებისას სადავო ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რაც დასტურდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია. ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განკარგულების გამოცემის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას, ამასთან, არ ყოფილა დარღვეული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკასაციო საჩივრაში განმარტავდა, რომ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმ კუთხით, რომ დაუშვებელია საჯარო რეესტრში ერთსა და იმავე ნივთზე რეგისტრირებული იყოს ორი საკუთრების უფლება, მაგრამ სამინისტროსათვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე ჩათვალა სასამართლომ, რომ დავა მიმდინარეობს ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
კასატორის მითითებით, სარჩელი ფაქტობრივად აგებული იყო იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფომ უძრავი ქონების რეგისტრაციისას დაარღვია მისი, როგორც მესაკუთრის უფლება, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მიწის ნაკვეთების იდენტურობა დადასტურებული უნდა იქნეს სპეციალური ცოდნის მქონე ფიზიკური ანდა იურიდიული პირის შესაბამისი წესით შედგენილი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, რაც საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, იყო თუ არა ც. ხ-ის საკუთრებად 2006 წელს დარეგისტრირებული და სახელმწიფო საკუთრებად 2012 წლიდან რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები იდენტური. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ც. ხ-ის მიწის ნაკევთისა და სახელმწიფო სახელზე რეგისტრირებული და შემდგომში გასხვისებული მიწის ნაკევთის იდენტურობის ფაქტი.
კასატორმა მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლზე და აღნიშნულზე დაყრდნობით განმარტა, რომ შეუძლებელია ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთს ჰქონდეს ორი სხვადასხვა საკადასტრო კოდი. იმის გამო, რომ ც. ხ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ფართი არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინანტთა ერთიან სისტემაში და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, არ იძლევა მისი სახელმწიფო გეოდეზიური კოორდინანტთა სისტემაში იდენტიფიცირების საშუალებას. დასარეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე არ არის დამაგრებული რაიმე სახის შენობა- ნაგეობა, რომელიც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო სასამართლოსათვის იმის ვარაუდისა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი სწორედ ის მიწის ნაკევთია, რომელიც 2006 წლიდან გააჩნია ც. ხ-ს საკუთრებაში.
კასატორის მითითებით, არც დღევანდელი მდგომარეობით და არც სახელმწიფო საკუთრების უფლების სადავო რეგისტრაციისას არ არსებობდა ისეთი გარემოებები, რომელიც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარის თქმის წინაპირობას წარმოადგენდა, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მოცემული რეგისტრაცია და პრივატიზება განხორციელებულია კანონმდებლობის სრული დაცვით.
კასატორმა ასევე მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომ 3-წლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს პრივატიზების დაწყებიდან, ვინაიდან სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ვადა საკმარისია იმისათვის, რომ დაინტერესებულმა მხარემ შეიტყოს პრივეტიზების შესახებ და სადავო გახადოს იგი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება განხორციელებულია 2012 წლის 1 აგვისტოს. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ც. ხ-ს 2015 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით ჰქონდა უფლება სადავო გაეხადა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების საკითხი. ვინაიდან სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2016 წელს, კასატორი თვლის, რომ მან გაიუშვა კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 15 647 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილების მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის გადაფარვის ნაწილში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 15 647 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ზ. გ-ის სახელზე პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 ივლისის №03/07/04 განკარგულების მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის გადაფარვის ნაწილში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 15 647 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ზ. გ-ის სახელზე პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. გ-ეს შორის 2012 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშელკრულების მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის გადაფარვის ნაწილში, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 4 მაისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისისათვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე ც. ხ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის დავალდებულება.
მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 2 500 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2006 წლის 7 დეკემბრიდან დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული ჰქონდა № ... საკადასტრო კოდით. აღნიშნული უძრავი ქონება მოექცა სადავო ინიდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებად და შემდგომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა ზ. გ-ეს.
საქმის მასალების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 2 500 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2006 წლის 7 დეკემბრიდან დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულია ც. ხ-ის სახელზე № … საკადასტრო კოდით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 12 ივნისის №06/12716 მიმართვით სახელმწიფოს სახელზე 2012 წლის 13 ივნისს ელექტრონულ ფორმატში რეგისტრაციით საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 15 647 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწა №... საკადასტრო კოდით, რაზეც შედგა შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 ივლისის №03/07/04 განკარგულებით დადგინდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ზ. გ-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო ფასად საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს პრეზიდენტის მითითებული განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. გ-ეს შორის 2012 წლის 1 აგვისტოს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რის შედეგადაც აღნიშნული მიწა 2012 წლის 8 აგვისტოს აღირიცხა ზ. გ-ის სახელზე.
ც. ხ-მა 2016 წლის 21 მარტს №... განცხადებით მიმართა გორის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა; შეჩერების საფუძვლად მიეთითა ის, რომ არსებობდა ზედდება ზ. გ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან; ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო 2016 წლის 4 მაისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის №... გადაწყვეტილებით ც. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2013წ. #ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა.
მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფოს (ან ნებისმიერი სხვა პირის) საკუთრებაში უძრავი ნივთის (ნაკვეთის) რეგისტრაციამდე აუცილებლად უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია მასთან დაცულ ინფორმაციასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სახელმწიფოს თუ ნებისმიერი მესამე პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების (მათ შორის დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული) კოდები, მესაკუთრეები, კონფიგურაცია, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმასთან მიმართებაში, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებებით არ დასტურდება ც. ხ-ის მიწის ნაკევთისა და სახელმწიფო სახელზე რეგისტრირებული და შემდგომში გასხვისებული მიწის ნაკევთის იდენტურობის ფაქტი და აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის მიერ დაფიქსირებული ზედდება იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ ნაკვეთში ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობის გარეშე მოექცა მანამდე ც. ხ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. საწინააღმდეგო მტკიცება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ხანდაზმულობასთან მიმართბაშიც, რომ მითითებული კატეგორიის დავების განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია სწორედ ის გარემოება, რომ ე.წ. დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობის მიუხედავად, სახეზეა მესაკუთრის რეგისტრირებული უფლება. მოსარჩელე, როგორც მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მესაკუთრე თვლის, რომ სახელმწიფო სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციით დაირღვა მისი უფლებები და ითხოვს ამ უფლებების დაცვას. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობისა თუ სახელმწიფოსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით აღძრული სარჩელის მიუხედავად, სახეზეა სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს მისი საკუთრებიდან უკანონოდ გასული უძრავი ნივთის დაბრუნებას, შესაბამისად, არსებულ პირობებში, კასატორის მიერ მითითებული ვადები გამოყენებული ვერ იქნება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი